უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში

AutoSharing Option
ამ ტურის მერე უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მომდევნო ტურამდე ხომ ექვსი-შვიდი დღე ექნებათ დასასვენებლად, მაშინ როცა 2 აპრილიდან მოყოლებული, 11 აპრილამდე, სამ-სამი მატჩის ჩატარება მოუწევთ ჩვენს გუნდებს.

ანუ, სწორედ ამ ტურით უნდა დამთავრდეს "აპრილის მარათონის" ეს შუალედური ეტაპი და მართლაც საინტერესოა, კვირასა და ორშაბათს გასამართი შეხვედრები რამდენად მოახდენს გავლენას სატურნირო ცხრილზე.

ამის დიდი ალბათობა კი ნამდვილად არის: მოახლოებულ ტურში რამდენიმე ისეთი მატჩია, "ექვსქულიანს" რომ ვუწოდებთ ხოლმე, ამას გარდა, დერბებიც გველოდება...

10.04. მარტვილი.
მურთაზ ხურცილავა. 16:00

მერანი-საპოვნელა
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 1:2
დისკვალიფიკაცია: გიორგი ნარიმანიძე (საპოვნელა)
პირველი წრე 1:2

ამ მატჩს ორივე გუნდისათვის უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს: "მერანიც" და "საპოვნელაც" ხომ უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის იბრძვიან და დღესდღეობით ქულებიც ერთნაირი აქვთ; ასეთ შემთხვევაში კი ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგებს და ჯერჯერობით უპირატესობა თერჯოლელთა მხარეს არის.

საერთოდაც, "საპოვნელამ" ამ ბოლო დროს საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა და ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიის "გამოძახილიც" არის უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსის შენარჩუნება.

აი, "მერანს" კი მეორე წრის სტარტზე ერთი-ორი წარმატებული შეხვედრის მერე, უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

10.04. ზემო ეწერი. 16:00
ზუგდიდი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
3: +1=0 -2, 3:4
დისკვალიფიკაცია: გრიგოლ დოლიძე (შუქურა)
პირველი წრე 1:2

"ზუგდიდისთვის" ამ მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს, მაშინ, როცა "შუქურას", ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს მშვიდი ფინიში.

10.04. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-გურია
ურთიერთშეხვედრები
24: +14 =6 -4, 53:14
პირველი წრე 1:1

ზედიზედ სამი წაგების მერე ბათუმის "დინამომ" საგრძნობლად გაირთულა სატურნირო მდგომარეობა და შოთა ჭეიშვილის გუნდს ახალი, აწ უკვე წარმატებული სერია თუ მოუტანს ევროტურნირების საგზურს.

რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზია ბათუმელთა გუნდის ასეთი წარუმატებელი ასპარეზობისა. უპირველეს ყოვლისა, წამყვანი ფეხბურთელების ქრონიკული ტრავმიანობა უნდა ვახსენოთ: მიმდინარე სეზონში, ალბათ, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, აჭარულ კლუბს ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშოს.

მასპინძელთა მსგავსად, გამოცდილი სპეციალისტი მოძღვრავს "გურიასაც", თუმცა ლანჩხუთელთა გუნდში ახალმისულ თემურ მახარაძეს მეტოქისგან განსხვავებული მიზნები აქვს - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება!

ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ 2 ქულა - აი, ძირითადი მიზეზი, რის გამოც "გურია" მხოლოდ 3 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს.

10.04. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 16:00
ტორპედო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
26: +15 =4 -7, 55:26
დისკვალიფიკაცია: ბაქარ მირცხულავა, ვანო წილოსანი (ორივე - ტორპედო)
პირველი წრე 1:3

ამ ტურის, უდავოდ, ყველაზე საინტრიგო მატჩი, სადაც სატურნირო ცხრილს ყურადღება არავინ უნდა მიაქციოს! მერე რა, რომ იმერული დერბის მასპინძლები ზედიზედ ოთხი მოუგებელი მატჩით ხვდებიან: დარწმუნებული ვართ, რომ დროებითი მწვრთნელების, მიხეილ აშვეთიასა და გიორგი სუხიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედო" ყველაფერს გააკეთებს ამ უსიამოვნო სერიის შესაწყვეტად.

თუმცა, ძალიან აქტუალური იქნება კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორიც: ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო ტურში, თუ რომელიმე გუნდი დაიჩაგრა, ეს, უპირველეს ყოვლისა, "ტორპედოზე" ითქმის...

...ამ სეზონის დაწყებამდე, ალბათ, ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა მოვლენების მსგავს განვითარებას, თუმცა ფაქტი სახეზეა - "სამტრედია" დღესდღეობით მეორე ადგილზეა და თბილისის "დინამოს", ფაქტობრივად, ერთადერთ კონკურენტად რჩება!

11 წაუგებელი შეხვედრა და ზედიზედ 7 გამარჯვება - ასეთი შთამბეჭდავი სერიით ხვდება იმერულ დერბის გია ცეცაძის გუნდი.

10.04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00
დილა-სიონი
ურთიერთშეხვედრები
39: +15 =2 -22, 41:60
დისკვალიფიკაცია: გიული მანჯგალაძე (სიონი)
პირველი წრე 1:0

ამ ტურის კიდევ ერთი საინტრიგო და კიდევ ერთი "ექვსქულიანი მატჩი", სადაც ერთმანეთს ევროტურნირების საგზურის მოპოვების რეალური კანდიდატები ხვდებიან. ისიც საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა "დილა" მეორე წრეში პირველ გამარჯვებას... საკუთარ მოედანზე.

ჰო, ასეა - ზამთრის პაუზის შემდეგ უჩა სოსიაშვილის გუნდმა სამ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღო, სამაგიეროდ, სტუმრად დაუმარცხებლად ასპარეზობს.

რაც შეეხება "სიონს", ვარლამ კილასონიას გუნდი, "სამტრედიას" მსგავსად, მეორე წრეში წაუგებლად გამოდის და ახლა მთავარია, რომ ამ მართლაც "მარათონულ" აპრილის თვეში ქვემოქართლელებს ძალები ეყოთ: ჩემპიონატის ერთი მატჩის გარდა, გუნდს ხომ პირველი სათასო დაპირისპირებაც ელოდება პირველი ლიგის ბინადარ "ვიტ ჯორჯიასთან".

10.04. თბილისი. მიხეილ მესხი (სათად). 16:00
ცხინვალი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
20: +2=4 -14, 16:48
დისკვალიფიკაცია: ბაქარ ქარდავა (ცხინვალი)
პირველი წრე 1:2

მეორე წრეში ერთადერთი გუნდიღა დარჩა მოუგებელი და მოვლენების ასეთი განვითარებაც, ერთი მხრივ, მოულოდნელია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ "ცხინვალის" საკადრო თუ ფინანსურ პრობლემებს, მაშინ ყველაფერი ლოგიკურ ფაქტად უნდა მივიჩნიოთ.

არადა, პირველ წრეში კახა კაჭარავას მოკრძალებული რესურსების მქონე გუნდი მართლაც ჩინებულად ასპარეზობდა და ევროტურნირების საგზურის კანდიდატადაც მიიჩნეოდა.

სამწუხაროდ, მერე და მერე სიტუაცია უარესობისაკენ შეიცვალა და ზემოთ ნახსენები პრობლემებიდან გამომდინარე, ევროტურნირებზე ზედიზედ მეორედ გამოსვლა, ცოტა არ იყოს, არარეალურადაც გვეჩვენება. თუმცა, ვინ იცის - მასპინძლებს ხომ ამ ტურში ისეთი მეტოქე ჰყავს, რომლის წინააღმდეგაც განსაკუთრებული მოტივაცია არ დასჭირდებათ!

ახალი რა უნდა ვთქვათ? თბილისის "დინამო", ავად თუ კარგად, ნელ-ნელა უახლოვდება მორიგ საჩემპიონო ტიტულს და დიდია იმის ალბათობაც, რომ ეს საჩემპიონო ზეიმი ამ თვეშივე მოიწყოს. ოღონდ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ნამდვილად არ სჭირდება ამ მოსალოდნელი ტრიუმფისათვის... მსაჯების კეთილგანწყობა - დღევანდელ "დინამოში" ხომ ისეთი კონტინგენტია შეკრებილი, უპრობლემოდ და სხვების დაუხმარებლად რომ უნდა მოიგოს ჩემპიონატი...

...ერთი წლის წინათ, ამავე სტადიონზე, კახა კაჭარავას "ცხინვალმა" ჯერ ჩემპიონატის მატჩში დაამარცხა თბილისის "დინამო", მერე კი - სათასო შეხვედრაში, თანაც, ოთხდღიანი ინტერვალით...

11.04. ფოთი. სარაგბო სტადიონი. 16:00
კოლხეთი-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
5: +1 =1 -3, 4:4
დისკვალიფიკაცია: თამაზ ჟიშკარიანი, ლევან კაკულია (ორივე - კოლხეთი)
პირველი წრე 1:0

მართალია, "კოლხეთს" ჯერ არ გაუნაღდებია უმაღლეს ლიგაში დარჩენა, მაგრამ ძალიან გვეეჭვება, რომ გელა სანაიას გუნდმა 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავოს.

მოკლედ, მასპინძლები შედარებით ნაკლებად მოტივირებულნი უნდა იყვნენ, აი, ჩინებულ ფორმაში მყოფი სოსო ფრუიძის გუნდი კი ნამდვილად არ უჩივის მოტივაციას!

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურას" რეალური შანსი აქვს, ერთწლიანი პაუზის მერე კვლავაც დაუბრუნდეს ევროტურნირებს. 5 წაუგებელი მატჩი და ზედიზედ 3 მოგება - ამ მშვენიერი სერიის შემოქმედნი კი, "ჩიხურას" სხვა ფეხბურთელებთან ერთად, გუნდის ახალწვეული ლეგიონერებიც არიან, განსაკუთრებით - ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი, რომელიც წინა სამ ტურში... სამჯერ მოხვდა "ლელოს" მიერ დასახელებულ "სიმბოლურ ნაკრებში".

11.04. თბილისი. მიხეილ მესხი (სათად). 16:00
საბურთალო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
1: +0=0 -1, 2:3
დისკვალიფიკაცია: ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი)
პირველი წრე 2:3

ტური ორშაბათს, 11 აპრილს ორი მატჩით დასრულდება და ერთ-ერთია დედაქალაქური დერბი, რომლის ისტორიის ათვლაც ამ სეზონში დაიწყო.

წესითა და რიგით, საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველად ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ჩვენს ჩემპიონატში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ესპანელი სპეციალისტები - პაბლო ფრანკო მარტინი ("საბურთალო") და ჟერარდ სარაგოსა მულეტი ("ლოკომოტივი").

"ხეტაფეს" ყოფილი თავკაცის, პაბლო ფრანკო მარტინის ხელმძღვანელობით "საბურთალომ" ოთხი მატჩი ჩაატარა და მართლაც მშვენიერი შედეგი აჩვენა - 2 მოგება და 2 ფრე.

აი, "ლოკომოტივმა" კი მხოლოდ წინა ტურში გატეხა ნავსი და თითქმის ხუთთვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 17
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 13.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი დილეტანტური კომენტარი გაგონილა? რომელ დარჩენაზეა ლაპარაკი, ლიგიდან გუნდი რომ არ ვარდება ამბად მაინვ არ არ გაგიგიათ?
b0ka
12:21 10-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული