სამტრედია-ცხინვალი 2:1 - როცა მოგების სურვილი დიდია

AutoSharing Option
შეხვედრა საინტერესო და კარგი საცქერი გამოდგა. განსაკუთრებით დრამატული მატჩის ბოლო 15 წუთი აღმოჩნდა და სამივე გოლიც სწორედ დროის ამ მონაკვეთში გავიდა. "სამტრედია" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ გიორგი ნადირაძის კარის დალაშქვრას ვერა და ვერ ახერხებდა.

ეგ კი არა, თავადვე აღმოჩნდა მდევრის როლში, მაგრამ არ დანებდა, მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა...

"სამტრედიამ" შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და საწყის წუთებში სამჯერ დაემუქრა სტუმართა კარს. ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი მჭედლიშვილის სახიფათო დარტყმები მცირედით
ასცდა "ცხინვალის" კარს. მომდევნო ეპიზოდისას ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ დააყოვნა და მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს.

საწყისი მღელვარების შემდეგ "ცხინვალიც" გააქტიურდა და თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა სცადა, მაგრამ მასპინძლები დაცვაში ყურადღებით თამაშობდნენ და კახა კაჭარავას შეგირდებს კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდნენ.

ცხინვალელებმა ორჯერ შორეული დარტყმით სცადეს სამტრედიელთა დამწუხრება, მაგრამ გიგა ბეჭვაიასა და ნიკოლოზ გაბრიჩიძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. აი, საპასუხო შეტევაში კი ზივზივაძეს შეეძლო იმერლების დაწინაურება - სამტრედიელთა ფორვარდი კვლავ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ნადირაძეს ბურთი თავზეც გადაუგდო, მაგრამ... კარს მცირედით ააცილა.

გია ცეცაძის ბიჭებმა მარწუხებს კიდევ უფრო მოუჭირეს. ერთ ეპიზოდში სტუმრებმა კინაღამ კურიოზული გოლი გაუშვეს - მცველის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი თემურ მარკოზაშვილს მოხვდა, კარისკენ "აიჭრა" და ცხინვალელთა საბედნიეროდ, ხარიხას გადასცდა.  ცოტა ხანში კვლავ ზივზივაძე მოექცა ყურადღების ცენტრში. მისი დარტყმის შემდეგ ლაშა ჯაფარიძემ ბურთი კარის ხაზიდან მოიგერია და იქვე დავით ჯიქია ცდილობდა დამატებას, მაგრამ მცველებმა იმარჯვეს.

ამასობაში, შეტევაში გართულ სამტრედიელებს სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ, მაგრამ გიორგი ივანიშვილის სახიფათო დარტყმას გამოცდილი ომარ მიგინეიშვილი ადგილზე დაუხვდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ცხინვალი" კიდევ ერთხელ გადაურჩა გოლს - მჭედლიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ზივზივაძე დასწრებაზე თავით ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთმა მისამართი ვერ მოძებნა.  ცოტა ხანში გატანა მართებდა მარკოზაშვილს, რომელიც ზივზივაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მიზანი ვერც მან გაისწორა. სტუმართა მდგომარეობა კი უფრო დამძიმდა, როცა რაჟამაშვილზე "ბოლო იმედის" ჯარიმის გამო დავით მაისაშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

სამტრედიელებმა კაცნაკლულ მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. იქვე, რაჟამაშვილის ძალზე სახიფათო დარტყმა ნადირაძემ გააუვნებლა - ისევე, როგორც ჯიქიას მცდელობა. ცხინვალელები მაინც დაუძვრნენ ურთულეს სიტუაციას და დაუწერელი საფეხბურთო კანონი აამოქმედეს. მანამდე კი 10 კაცით დარჩა "სამტრედიაც", რომელსაც ორი ყვითელი ბარათის გამო სანდოხაძე გაუძევეს.

სტუმრებმა კი სახიფათო ჯარიმა შეასრულეს - ივანიშვილმა მეკარის მოედანთან ჩააგდო ბურთი, სადაც გაბრიჩიძემ ივარგა, მცველებს აჯობა და თავისიანები ახლო მანძილიდან დააწინაურა. ეგ იყო, ცხინვალელთა სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა - შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ შორიდან "დააქუხა" და ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ წუთებში მასპინძლები მთელი ძალებით უტევდნენ. რაჟამაშვილის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს აწეულ ხელზე მოხვდა და სამტრედიელებმა სამართლიანად მოითხოვეს პენალტი, მაგრამ - ამაოდ...

ცეცაძის შეგირდების ძალისხმევამ შედეგი მაინც გამოიღო - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თანაგუნდელის დიაგონალური გადაცემის შემდეგ, ზივზივაძემ ცაციათი უზუსტესად დასცხო და გამარჯვებისა გაიტანა - 2:1.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
17.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ცხინვალი 2:1
გოლები: 0:1 გაბრიჩიძე (78), 1:1 სიხარულიძე (84), 2:1 ზივზივაძე (90)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი (76. იოსელიანი), გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, ცნობილაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (69. სიხარულიძე), ენდელაძე (33. დათუნაიშვილი), ზივზივაძე, ჯიქია.
სათადარიგოები: მეშველიანი, ცინცაძე, მთივლიშვილი, კერძევაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ცხინვალი: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, გორგიაშვილი, ჯაფარიძე, ივანიშვილი (86. შენგელია), ბეჭვაია, გაბრიჩიძე, ქარდავა, ლექვთაძე (76. ჯიშკარიანი), ლობჯანიძე (59. ბურძენაძე).
სათადარიგოები: ჩუჩალოვი, ბუტუევი, ბაგოევი, ფირცხალავა
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: სანდოხაძე (69), დათუნაიშვილი (90)
გაძევება: მაისაშვილი (56), სანდოხაძე (78)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVI ტური
23 აპრილი, შაბათი
დილა-საპოვნელა
დინამო (ბთ)-შუქურა
ზუგდიდი-ლოკომოტივი
მერანი-საბურთალო
ცხინვალი-გურია

24 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (თბ)
ჩიხურა-სამტრედია
ტორპედო-სიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორიცაა ეს "100%", აფუჭებენ ყველაფერს.იუთუბზე არის ვიდეო ორივე ტაიმის და ნახე...
jango
10:56 19-04-2016
0
სამტრედია თამაშებს ყიდულობსო, კალაძე ეხმარებაო, უსინდისოდ წერენ ინტერნეტ მომხმარებლები. ჯერ ერთი სამტრედია კაცნაკლული არ ყოფილა უფრო ადრე ცხინვალის ფეხბურთელი გააგდეს, მეორე გაკეთებულ თამაშზე გუნდი ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელს არ კარგავს (ავთო ენდელაძეს, ის ნაადრევად გავიდა მოედნიდან), მესამე სამტრედია ფლობდა სრულ უპირატესობას მთელი თამაში და ცალკე სალაპარაკოა მსაჯობა როცა 100 % იანი პენალი არ დადო და შეშინებულები ემალებოდნენ გაავებულ ხალხს და ბოდიშებს იხდიდნენ მზე იყო და ვერ დავინახეო და ბოლოს კალაძე ეხმარებაო ეს სასაცილოა რადგან შემადგენლობით შარშან სამტრედიას საქართველოს მაშტაბით მართლა ვარსკვლავები ყავდა და კალაძე რო მიხმარებოდა როგორ ფიქრობთ სამეულში ვერ გაიყვანდა? ან ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა რამეში? მაგრამ ჩვენ მასეთი წარმატება არ გვინდა გაკეთებული თამაშები იმ გუნდის გულშემატკივრებმა ვისაც სამტრედიას წარმატება არ გიხარიათ თქვენსკენ მოიკითხეთ.

f.c. samtredia
23:52 18-04-2016
0

სიახლეები პოპულარული