შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "გურიას" ოთხი უცხოელი ფეხბურთელი გაეპარა.
"დასვენების დღეები გვქონდა, მათ კი ბათუმში ბინა ჰქონდათ ნაქირავები და იქ წავიდნენ. იმ დღეს, როცა ბაზაზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, საღამომდე ველოდეთ, მაგრამ არ მოვიდნენ - თავიანთი სურვილით წავიდნენ და გუნდი მიატოვეს. ახლა კი სანქციებს მივიღებთ.
ამ ლეგიონერიდან ერთი ნამდვილად ეხმარებოდა გუნდს, დანარჩენებთან კი ჩვენ თვითონაც ვაპირებდით კონტრაქტის გაწყვეტას, მაგრამ თავისით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე ნამდვილად არ
თუმცა ვნახოთ, ხვალ თამაშია და ვინც გამოცხადდება, ის გუნდში დარჩება, ვინც არა - არა! მათ მიმართ არანაირი ფინანსური ვალდებულება არ გაგვაჩნია. ზოგიერთი გუნდისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს ფეხბურთელებთან ყველანაირი ფინანსები გასტუმრებული გვაქვს.
რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას: ფედერაციას თავისი სანქციები აქვს, რადგან სამივე ფეხბურთელი ჩვენთან ტრანსფერითაა მოსული. ახლა ტრანსფერების მენეჯერი ამზადებს დოკუმენტაციას, რომელიც გადაეგზავნება სფფ-ს. ჩვენ ფედერაციასთან გვქონდა კავშირი, ვესაუბრეთ იურისტს, რომელმაც გვითხრა, რომ 5-წლიანი დისკვალიფიკაციის საკითხს დავაყენებთო.
ყოველ შემთხვევაში, მოთხოვნა ასეთია და განხილვის შემდეგ გადაწყდება, რამდენი იქნება - შეიძლება სამიც იყოს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან იმოქმედებს", - გვითხრა დირექტორმა.
ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლუბმა ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გუშინ და დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, თვითნებურად კლუბი დატოვა ოთხმა ლეგიონერმა, რომელთაგან ორი იყო ძირითადი მოთამაშე. ისინი ვარჯიშობდნენ გრიგოლეთის ბაზაზე და ცხოვრობდნენ ბათუმში.
რამდენიმე დღის წინ ისინი არ გამოცხადდნენ ვარჯიშზე. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი გადაფრინდნენ სტამბულში. "გურიას" გასტუმრებული აქვს მათი სახელფასო-საპრემიო ვალდებულებები და არც ერთის მიმართ არ გააჩნია დავალიანება.
კლუბს ოთხივე ლეგიონერთან აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი. ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტაციას ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად, რათა მათ მიმართ გატარდეს სადისციპლინო ზომები. აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის ზემოთ ნახსენები უპასუხისმგებლო მოქცევა ვერ იმოქმედებს კლუბის საწვრთნელ პროცესზე და "გურია" ღირსეულად წარდგება დარჩენილ შეხვედრებში", - ნათქვამია განცხადებაში.