ზუგდიდი-ლოკომოტივი 1:1 - ქულა, მაგრამ ვისთვის როგორ?

AutoSharing Option
აუტსაიდერთა ზონაში მოხვედრილ ზუგდიდელებს ამ შეხვედრის მოგებით მე-15 ადგილიდან მე-14-ეზე დაწინაურების შანსი ჰქონდათ. იური ბაკალოვის გაწვრთნილები ლიგიდან პირდაპირ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ გავარდებიან და გადათამაშებაში მონაწილეობით ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსს დაიტოვებენ.

მაგრამ თბილისის "ლოკომოტივსაც" არ ულხინს და წაგების შემთხვევაში, გასავარდნ ზონას თავად დაუახლოვდებოდა. მოკლედ, თამაში ძალიან პრინციპული იყო, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები - პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტულ-ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ. წინა თამაშზე კი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი იმყოფებოდა. ბოლო ტურებში რაც ხდება, ყველამ
იცით და ალბათ, ეს არბიტრებისთვის გაფრთხილება იყო, რომ თავი გაეკონტროლებინათ...

პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როცა ლევან წურწუმია მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არბიტრმა ბაკურ ნინუამ თამაშგარე დააფიქსირა.

დედაქალაქელებმა საპასუხო შეტევა მხოლოდ ტაიმის შუაწელისკენ შექმნეს, მაგრამ ზვიად ქანთარიას მიერ დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარე თორნიკე ზარქუამ მოიგერია.

მალევე სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ: წურწუმიას ფლანგური გადაცემის შემდეგ საჯარიმოში კარგად გაიხსნა ირაკლი ქობალია და ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ მისი თავურის შემდეგ ბურთი სანტიმეტრებში ასცდა სტუმართა კარს.

წურწუმიამ საგოლე პასი მაინც მიითვალა და მასპინძლები გასახდელში მშვენიერი განწყობით გაუშვა. ზუგდიდელთა მარცხენა შემტევმა ნახევარმცველმა "სტანდარტულიდან" საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, სადაც ვაკო ტყემალაძემ კარიდან გამოსულ მეკარეს დაასწრო და "ზუგდიდი" ზუსტი თავურით დააწინაურა - 1:0.

მასპინძლებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. წურწუმია მარცხენა ფლანგიდან იური შეველის მეკარესთან პირისპირ გაყვანას შეეცადა, თუმცა ლაზარე კუპატაძემ კარიდან გამოსვლა მოასწრო და მომენტი განმუხტა.

მატჩის ბოლოს სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს და ეს შედეგშიც ასახეს. მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა დავით უბილავამ მშვენიერი გადაცემით საჯარიმოში გაუგრძელა მამია გავაშელიშვილს, რომელმაც მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და დაარტყა - მეკარე ზარქუამ ბურთი კი მოიგერია, თუმცა დამატებაზე გეგა დიასამიძემ ივარგა და - 1:1.

თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბაკურ ნინუამ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა უბილავა და სტუმრები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, მაგრამ ზუგდიდელთა ყველა მცდელობა, სასიცოცხლოდ აუცილებელი 3 ქულა მოეპოვებინათ, უშედეგოდ დასრულდა, "ლოკომოტივმა" კი, კაცნაკლულმა, სეზონში გასვლაზე მეორედ მოიპოვა ქულა.

ამ შემთხვევაში მიზანს მხოლოდ სტუმრებმა მიაღწიეს. მათთვის ქულა უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე მასპინძლებისთვის, რომელთაც ეს ფრე დაკარგულ ორ ქულად უღირთ. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ზუგდიდელებს, უკეთეს შემთხვევაში, გადათამაშებაში მონაწილეობის შანსი თუ აქვთ...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
23.04. ზედა ეწერი
ზუგდიდი-ლოკომოტივი 1:1
გოლები: 1:0 ტყემალაძე (45. წურწუმიას პასით), 1:1 გ. დიასამიძე (74. უბილავას პასით)
ზუგდიდი: ზარქუა, გ. მალანია, ჩუკურა, გაგოშიძე, გ. ქანთარია, ტყემალაძე, ს. მალანია (63. ჩებოტარიოვი), გ. სამუშია, წურწუმია (79. თუთბერიძე), კოვალენკო, ქობალია (67. შეველი).
სათადარიგოები: ჯომიდავა, ჩანადირი, ჭანტურია, მიქაძე
მწვრთნელი: იური ბაკალოვი
ლოკომოტივი: კუპატაძე - გაბაძე, ნ. ჭანტურია, ბ. მახარაძე, გ. ფოფხაძე - გ. დიასამიძე, სამურკასოვი (46. გავაშელიშვილი) - მზევაშვილი (78. სულთანიშვილი), ქიქავა, უბილავა - ზ. ქანთარია (74. კიკნაძე).
სათადარიგოები: მიქავა, პატარკაციშვილი, ჩიხლაძე, კიკაბიძე
მწვრთნელი: ბეროკალ კორეა
გაფრთხილება: სამურკასოვი (34), ფოფხაძე (87), გაბაძე (90)
გაძევება: უბილავა (80)
არბიტრი: ბაკურ ნინუა.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVII ტური
30 აპრილი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
ლოკომოტივი-დილა
მერანი-კოლხეთი
სამტრედია-დინამო (თბ)
გურია-ჩიხურა
საპოვნელა-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
სიონი-ცხინვალი.

სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბაკალოვი მწვრთნელობის აზრზე არარის ,მან რომ შეცვლები გააკეთა? გადაირეოდი.ანდა რა ფეხბურთელები შემოყვანა,ალბათ იმათაც ფულს უხდიან და რათქმა უნდა ადგილობრივზე უფრო მეტს. ალბათ ახლობლებია და დაასაქმა,ჩვენი ხელმძღვანელობაკი ისე იქცევა თითქოსდა არაფერი ხდება.არადა ამ კაცმა დაღუპა გუნდი.სასწრაფოდ არის გასაშვები სანამ გვიანი არაა. გუნდი თუ წელს ათეულში ვერ მოხვდა გოგოხიას სნდისზე იქნება.ვიღაც ქავთარაძის ხუშტურებს რომ უსმენს.
თენგო
14:26 25-04-2016
0
ზგდიდელების თამაშს რომ ვუყურე ბიჭებს მონდომება არ აკლდათ,იბრძოლეს ბოლომდე .მაგრამ მწვრთნელმა შეცვლები რომ გააკთა? მე როგორც გოგოს ძალიან გამიკვირდა. ეს მწვრთნელი დროულად ტუ არ მოაშორეს ნმდვილად დაღუპავს გუნდს.რას ელოდება ხელმძღვანელობა.
თათია
14:42 25-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული