"მე, როგორც "დილას" მწვრთნელი, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ!"

AutoSharing Option
22 მაისს გასამართი "ცხინვალი"-"ლოკომოტივის" მატჩი ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - "რკინიგზელები" სახიფათო ზონაში არიან და თუ ვერ მოიგებენ, შესაძლოა, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობონ. მოტივირებულ "ლოკომოტივს" უმოტივაციო "ცხინვალთან" უმძიმესი 90 წუთი ელის.

"ლოკომოტივის" ბედი გორის "დილასა" და "ზუგდიდის" თამაშის შედეგზეც იქნება დამოკიდებული. "დილამ" ევროპალიგის საგზური მოიპოვა, თბილისელებმა კი შეიტყვეს, თითქოს, ექსჩემპიონი ბოლო ტურში "ზუგდიდთან" ახალგაზრდული შემადგენლობის დაყენებას აპირებს.

მაგრამ "ლოკომოტივის" წარმომადგენელს "დილას" დირექტორი გიორგი ტუღუში დაუკავშირდა და აცნობა, რომ შესაძლოა, გორელთა შორის ორიოდე ახალგაზრდამ ითამაშოს, თუმცა, სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ამ
შეხვედრას მაინც სერიოზულად მიუდგებიან.

კომენტარისთვის გორის "დილას" მწვრთნელ უჩა სოსიაშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც იგივე დაადასტურა:

- ეტყობა, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. "ზუგდიდი" ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა, რადგან თასიდან გამოგვაგდო, პირველ წრეში კი გასვლაზე ქულა დაგვაკარგვინა. ამით გარკვეულწილად, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც ჩამოგვაშორა. ამიტომ, მე, როგორც "დილას" მწვრთნელი, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ. ვიმეორებ, "ზუგდიდთან" პირადი სპორტული ინტერესი გამაჩნია.

- ანუ ახალგაზრდების დაყენებას არ აპირებთ?
- არანაირი ახალგაზრდული შემადგენლობის გამოყვანას არ ვაპირებთ. ორ გორელ ახალგაზრდას თუ ვათამაშებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ლიდერებს დავასვენებთ. მარცვალაძე, მოდებაძე, ძარია და ფალავანდიშვილი სათამაშოდ მზად არიან, მოედანზე იქნებიან და 100 პროცენტით დაიხარჯებიან.

საერთოდ, მიკვირს, საიდან და რატომ წამოიწია ეს თემა?

- შესაძლოა, "მერანთან" წაგებული მატჩის გამო. ასეთ შედეგს არავინ ელოდა. ფეხბურთელები მოეშვნენ თუ რა იყო წაგების მიზეზი?
- ვინც იმ შეხვედრას უყურა, ასეთი ეჭვები არ გაუჩნდებოდა. მსაჯებზე ლაპარაკისთვის მე უკვე დამსაჯეს და ამიტომ, ახლა ამას მოვერიდები. მაგრამ უნდა ვთქვა - ჩვენს კარში უსაფუძვლოდ დანიშნა პენალტი.

ბოლო წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ჩვენი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მამალაძემ აუღო და კუთხურის ჩაწოდება რომ გვსურდა, მსაჯმა მეკარეს ბურთი თამაშში შემოატანინა. სწორედ ამ შეტევას მოჰყვა ჩვენს კარში მესამე გოლი. ესეც ჩემი ბრალია? ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენზე აუგს რომ იტყვიან, გული როგორ არ მოგიკვდება?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ,ბტონო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა?
თენგო
09:12 22-05-2016
0
დილა მიდიიიიიიი
kaxa
10:41 22-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული