ნიკა ჯღარკავა: ამ ლოგიკით, ბოლო ტურიც არ უნდა ჩაგვეტარებინა?

AutoSharing Option
როგორც იცით, "ზუგდიდისა" და ხობის "კოლხეთის" მატჩი 29 მაისს დაიგეგმა. შეხვედრა 17:00 საათზე, ფოთის "პარკი არენაზე" გაიმართება.

ცნობილია, რომ წლეულს უმაღლეს ლიგაში პირველიდან ერთი გუნდიც ვერ დაწინაურდება, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა არც ერთი კლუბის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კომიტეტის წევრებმა უარით გაისტუმრეს ცხინვალის "ლიახვი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და ზუგდიდის "ოდიში 1919".

პირველ-მეორე ადგილზე გასულებმა, "ლიახვმა" და "ვიტ ჯორჯიამ", სპორტულ არბიტრაჟში სარჩელი შეიტანეს
და იმედოვნებენ, რომ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ. სწორედ ამის ფონზე იყო მოულოდნელი, რომ გადათამაშების მატჩი მაინც გაიმართება და ამან კითხვაც გააჩინა. საქმე ისაა, რომ პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა ხობის "კოლხეთმა" ეროვნული ლიცენზია ვერ მიიღო, უფრო სწორად, კლუბს ლიცენზირების პროცესი არც გაუვლია. ასე რომ, თუ "ზუგდიდს" მოუგო, უმაღლეს ლიგაში მაინც ვერ გადავა.

რამდენად გამართლებულია გადათამაშების მატჩში უმოტივაციო გუნდის მონაწილეობა?

ამბობენ, რომ დებულება არალიცენზირებულ კლუბს გადათამაშებაში მონაწილეობას არ უკრძალავს. ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტია, ეს არის დებულების ნაკლიც. თუმცა ასეთი დებულებაც შესასრულებელია, რადგან სპორტული პრინციპი არ უნდა დაირღვეს. ამაში გარკვეული ლოგიკა არის.

გადათამაშებასთან დაკავშირებული კითხვა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავას უსაფუძვლოდ მიაჩნია:

"ხობის "კოლხეთის" მონაწილეობა გადათამაშების მატჩში გამართლებულია ყველანაირად, რადგან, ჯერ ერთი, დებულება არ უნდა დაირღვეს. ამას გარდა, სპორტული პრინციპიც იქნება დაცული. რაც მთავარია, გუნდს მოტივაცია თუ არ გააჩნია, ეს არ ნიშნავს, რომ დებულებით გათვალისწინებული თამაში აღარ უნდა გაიმართოს.

გაიხსენეთ, უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში რაც მოხდა - უმოტივაციო გუნდებმა მოტივირებულებს დიდი ბრძოლები გაუმართეს. ამ ლოგიკით, ეს მატჩებიც არ უნდა ჩაგვეტარებინა.

"ზუგდიდთან" ხობის "კოლხეთის" მწვრთნელებსაც ექნებათ მოტივაცია და ფეხბურთელებსაც, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი უმაღლეს ლიგაში მუშაობასა და თამაშს იმსახურებენ", - ამბობს ჯღარკავა.

29 მაისს გავიგებთ, მოახერხებს თუ არა "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. თუ ლევან მიქაძის გაწვრთნილებმა ეს მატჩი წააგეს, პირველ ლიგაში დაქვეითდებიან, უმაღლეს ლიგაში კი 13 გუნდი დარჩება.

31 მაისისთვის, "ლიახვსა" და "ვიტ ჯორჯიასთან" დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაც გახდება ცნობილი და ისიც, თუ რამდენი გუნდი ითამაშებს უმაღლეს ლიგაში. ჯღარკავას თქმით, ფეხბურთის ფედერაცია ახალი, გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატს ამის შემდეგ დაამტკიცებს. მაგალითად, დასაზუსტებელია, როგორ გამოვლინდება გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული.

ზოგადად ცნობილია, რომ ქვეყნის ჩემპიონი ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასულ გუნდებს შორის გამოვლინდებოდა, ისევე, როგორც 2016/17 წლების სეზონის ევროსაგზურების მფლობელები. ახალი ჩემპიონატის რეგლამენტის დამტკიცებამდე, ამის ორი ვარიანტი მუშავდებოდა. დაკონკრეტებას ჯერჯერობით ერიდებიან. სავარაუდოდ, გამარჯვებული "ოქროს" მატჩით ან ორმატჩიანი დაპირისპირებებით გამოვლინდება.

თუ ორი მატჩი იქნება, ასეთ შემთხვევაში, გუნდები საკუთარ და მეტოქის მოედნებზე ითამაშებენ. ანალოგიური სქემით გაირკვევა ევროპაში გამსვლელი სხვა საგზურების მფლობელთა ვინაობაც.

მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ვარაუდია. ზუსტი პასუხი 31 მაისს გვეცოდინება, როცა გარდამავალი ჩემპიონატის დებულება დამტკიცდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ზუგდიდს ააქვს სპექტაკლები დადგმული და ყველა სუფთაა ხოო, გენძოს ბანდას მიხედეთ თუ რამის ...
soso
25 მაისი 2016 18:13
0
ამას რად უნდა მარჩიელობა რომ კოლხეთი "დათმობს" თამაშს// ჩაწყობილიც რომ არ ჰქონდეთ თუ თვითონ მაინც ვერ გადადის უმაღლესში რაზე გამოაგდებს ზუგდიდს?! მე ვიხრჩობი და შენც გამომყვების პრინციპით??????? არანაირი გადათამაშება ზუგდიდს ისეთი "სპექტაკლები აქვს დადგმული" ისედაც გასაგდებია უმაღლესი ლიგიდან
zaza
25 მაისი 2016 17:41
0
უფრო მეტი ვეღარ ჩააწყო თორე გადათამაშებასაც აირიდებდა თავიდან, პროსტა გვიან ატყდა ჩაწყობილ თამაშებზე დაკვირვება... (უფრო სწორად დაკვირვების მცდელობა თორე მაგის დადგენას რა უნდოდა...)
guga-s
25 მაისი 2016 17:10
0
ზუგდიდს ჩაწყობილია ჰქონდა ხობს რო შეხვედროდა, ვაი თქვენს ჭკუას
guga
25 მაისი 2016 16:57
0
ეს დებულებაც რაღაც ვერ არის ჯანმრთელი დომენტის დროინდელ უაზრობას ჰგავს
777
25 მაისი 2016 16:24
0
რა ესენი რა ,,ქართული ოცნება" ხო ვერ მოაბეს ვერაფერს თავი... სულ ბუნდოვანება შეიძლება?... ზუგდიდს რა უნდა უმაღლეს ლიგაში წელს რამდენი თამაში ჩააწყო?...
buba
25 მაისი 2016 16:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული