"საქართველოს ვარსკვლავების ფაბრიკად გადაქცევის ოცნება მაინც არ მტოვებს..."

AutoSharing Option
ვარაუდების დრო დასრულდა - ალექსანდრ შტელინმა "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქუთაისის "ტორპედოდან" მიდის და ისიც გაამხილა, სად იმუშავებს ახალი სეზონიდან.

62 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა, რომელიც ბელგიის მოქალაქეა, გაურკვევლობაში ყოფნას წასვლა ამჯობინა...

პენსიამდე დარჩენის სურვილი
- სეზონი დასრულდა და გაურკვევლობა იყო, რჩებით თუ ტოვებთ "ტორპედოს"?
- არა, მე აქ აღარ ვიმუშავებ.

- ეს თქვენი სურვილია თუ "ტორპედოსი"?
- ორივესი. საერთოდ, ნორმალურ ევროპულ კლუბებში ასეთი წესია: მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობენ.
მეც აპრილში ვკითხე კლუბის პრეზიდენტს, თუ რას აპირებდა და დაზუსტებული პასუხი ვერ მივიღე, რომ არ იცოდა, ახალ სეზონს გუნდი როგორ შეხვდებოდა, რომ ფინანსების მხრივ გაურკვეველი სიტუაცია იყო და ასე შემდეგ.

ყველაფერს მივხვდი - ამით მიმანიშნა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურდა...

წლების წინ, ქუთაისის "ტორპედოდან" პირველად რომ წავედი, საქართველოსთან კავშირებს მაინც ვინარჩუნებდი, არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც მსიამოვნებს და მიხარია. როცა აქ ხელახლა მომიწვიეს, მეგონა, ხანგრძლივი მუშაობა მომიწევდა და "ტორპედოდან" პირდაპირ პენსიაზე გავიდოდი... მაგრამ ასე არ მოხდა.

ასე რომ, დროებით! მივდივარ! მაგრამ ორ-სამ წელიწადში რა მოხდება, არავინ იცის.

Из грязи в князи
- ბელგიაში ბრუნდებით?
- სანამ "ტორპედოში" ჩემს საკითხზე ფიქრობდნენ, ბელგიიდან ერთი კარგი კლუბის წინადადება მივიღე და დავთანხმდი.

- კონკრეტულად?
- ლიეჟის "სტანდარდის" ხელმძღვანელობამ 21-წლამდელების გუნდის გაწვრთნა შემომთავაზა. ახლახან, ამ კლუბმა ბელგიის თასის ფინალში "ბრიუგე" დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

მე მხოლოდ ცნობილ კლუბში გადასვლა არ მიხარია - ჩემით დაინტერესებულ ხალხს არც ვიცნობ, მათთან ფინჯანი ყავაც არ დამილევია, თავად მომძებნეს. როგორც მითხრეს, რამდენიმე მწვრთნელის საქმიანობა შეისწავლეს და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს.

ეს არ არის ისეთი კლუბი, როგორც უკრაინაში "შახტარი" და კიევის "დინამო", ან საქართველოში - თბილისის "დინამო". მაგრამ ახალგაზრდების გაზრდითაა ცნობილი. მომავალ თაობასთან მუშაობა კი მახარებს, რადგან ამ მხრივ საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე. სერიოზული მუშაობისთვის ბელგიაში პირობები ნამდვილად არის.

აქ ბევრი ტალანტია
- საქართველოს ჩემპიონატში გეგულებათ ფეხბურთელი, რომლის აყვანასაც "სტანდარდს" ურჩევდით?
- მე აგენტი არ ვარ და თან არც ვიცი, "სტანდარდს" რომელი პოზიციების გაძლიერება სჭირდება. მაგრამ ჩემს ახალ კლუბში კარგი მოთამაშეების მიწვევით დაინტერესებული ვარ და მიმაჩნია, რომ საქართველოშიც არაერთი საინტერესო ფეხბურთელია.

- გვარებს დააკონკრეტებთ?
- მაგალითად, გიორგი ქვილითაია. "დინამოს" თავდამსხმელს გოლის არაჩვეულებრივი ალღო გამოარჩევს. ან თუნდაც საჩხერის "ჩიხურას" ფლანგის ფეხბურთელი თორნიკე კირკიტაძე, რომელიც მხოლოდ ერთხელ ვნახე. მართალია, ის შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებს, მაგრამ ეს გამოსწორებადია. კარგად უნდა დაფიქრდნენ, გუნდს მეტ სარგებლობას რომელ პოზიციაზე მოუტანს - დაცვის თუ ნახევარდაცვის ფლანგზე. მაგრამ კირკიტაძემ ჩემზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, გასაოცარი სისწრაფე და დიდი პოტენციალი აქვს.

- უცნაურია, რომ ტორპედოელებს არ ასახელებთ. არადა, ქუთაისი ტალანტების ბუდეა...
- მე მხოლოდ შთაბეჭდილებების ნაწილი გაგიზიარეთ და ტორპედოელებზე ლაპარაკს ბოლოს ვაპირებდი... უნიჭო უნდა იყო მწვრთნელი, ამ გუნდში ტალანტი კი არა, ტალანტების მთელი ბუდე ვერ აღმოაჩინო. მაგალითად, ბურჯანაძე, საღრიშვილი, ბრეგვაძე, ფანცხავა, ფურცხვანიძე, ჭიჭინაძე, გოგუაძე... პატარა ბიჭი აღარ არის, მაგრამ ძალიან მომწონს კლიმიაშვილი - შეგნებული პიროვნებაა, დიდი დიაპაზონისა და არაორდინარული აზროვნების მოთამაშეა. წონაში თუ დაიკლებს, კიდევ მოახერხებს ევროპაში თამაშს.

კაპანაძე ყოველთვის იქ არის, სადაც საფრთხეა...
- განსაკუთრებით მაინც ერთ ფეხბურთელს გამოვარჩევ - უზომოდ მომწონს თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე. როცა გუნდში მოვედი, მას შეცვლაზე ათამაშებდნენ. არადა, სულ გაჰქონდა გოლები. მაშინ მე მუშაობა ნულიდან დავიწყე, არავინ იყო ჩემიანი, არავის ვიცნობდი და ყველას ერთნაირად ვაკვირდებოდი. სწორედ ამ დროს გამოვარჩიე კაპანაძე, რადგან ყველაფერი ძალიან ადვილად ესმოდა და აკეთებდა.

- მაინც რა თვისებებით გამოარჩიეთ?
- თორნიკე ყოველთვის იქ არის, სადაც საფრთხე და გოლია. თამაშის დროს ხუთ-ექვს მომენტს მაინც ქმნის და აუცილებლად გააქვს. ესაა ნიჭი, რომელსაც ვერ შეიძენ. სისულელეა იმის მტკიცება, თითქოს კაპანაძე ტანმორჩილია და ასეთი მონაცემების თავდამსხმელს თანამედროვე ფეხბურთში არავინ ათამაშებს.

გიგანტი არც მესია და არც მარადონა ყოფილა. ქართული ფეხბურთიდან გაიხსენეთ - განა მაღლები იყვნენ შენგელია, გუცაევი, მესხი და მეტრეველი? მთავარი ტალანტია და არა - სიმაღლე. ჯერ მარტო ის ფაქტი რად ღირს, ამ სიმაღლის ბიჭი თავით ბრძოლების უმრავლესობას რომ იგებს! რა, ტაბლოზე დაბლების მიერ გატანილი გოლი არ იწერება?! ეს ვიღაცების მიერ მოგონილი უაზრო შტამპებია.

- ისე ლაპარაკობთ, შესაძლოა, კაპანაძე ბელგიაში წაიყვანოთ?
- ვიმეორებ, მე აგენტი არ ვარ, მაგრამ კაპანაძეს "სტანდარდში" რეკომენდაციას ნამდვილად გავუწევ.

- კი, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში სისწრაფეებისა და დატვირთვების შემდეგ ბელგიაში თამაშს შეძლებს?
- საქართველოს ჩემპიონატი უკეთესის სურვილს რომ ტოვებს, ეს ფაქტია. ტემპი დაბალია, მეკარეებს ბურთი თამაშში დიდხანს შეჰყავთ, მცველები პოზიციებს გვიან იკავებენ... მაგრამ ეს აქაური მოთხოვნებია და სულაც არ ნიშნავს, რომ ბელგიაში წასული ქართველი იქაც იმავეს გააკეთებს. კაპანაძე და კიდევ ბევრი ფეხბურთელი ბელგიაში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში თავისუფლად ითამაშებდნენ...

გული მწყდება, აქ ფანტასტიკური ადამიანები გავიცანი, გასაოცარი კულტურა გაქვთ და ხალხი უჩვეულოდ თბილია. რაც მთავარია, უნიჭიერესი ბავშვები გყავთ. მაგრამ რაღაც ისე მაინც ვერ არის...

აუხდენელი ოცნება
- მაინც რა არის "ისე"?
- სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ საქმეზე წინ პირადი ინტერესები დგება. მაგალითად, ყველას თავისი შვილის თამაში სურს და როცა პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, მის შვილში ტალანტს ვერ ხედავ, მტრად გთვლის.

საერთოდ, საქართველო უნიკალური ქვეყანაა. არ არის მოედნები, არ არის ინფრასტრუქტურა, მწვრთნელთა დონეც უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ პოსტსაბჭოეთიდან ევროპაში მაინც ყველაზე მეტი ლეგიონერი გყავთ.

კიდევ ერთი პრობლემა - ძალიან მომწონს ბილბაოს "ატლეტიკის" მიდგომა. ბასკები თვლიან, რომ საფეხბურთო სკოლის თითოეული ბავშვი მათი პროექტი, მომავალი და ღირსებაა. ამიტომ, თითოეულს თვალისჩინივით უფრთხილდებიან და ზრდიან. ამიტომ, "ატლეტიკი" მხოლოდ ბასკების ხარჯზე თამაშობს და ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც პრიმერა დივიზიონიდან არასოდეს გავარდნილა. "ტორპედოში" სწორედ ამ სისტემის აწყობა მსურდა, გუნდში ახალგაზრდები რომ გაგვეზარდა და კლუბს ტრანსფერებით ესარგებლა. ამის პოტენციალი ქუთაისში არის და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელი რომ გვემუშავა, სამაგალითო საბავშვო სკოლა გვექნებოდა, რომელსაც სხვა რეგიონებიც მიბაძავდნენ.

მაგრამ საქართველოში მიზანმიმართული მუშაობის დეფიციტია...

რას ვიზამთ, ახლა თუ არ გამოვიდა, სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოდან ნაწყენი მივდივარ - არავინ იფიქროს, რომ ტურისტივით ფეხს დავკრავ, წავალ და აქაურობას არ გავიხსენებ. არავინ უწყის, ხვალ-ზეგ რა მოხდება. აქ მუშაობისა და საქართველოს ვარსკვლავების ფაბრიკად გადაქცევის ოცნება მაინც არ მტოვებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ქუთაისის ტორპედოს დღეს ყავს ყველაზე დაბალი დონის და მეტიც უცოდინარი ხელმძღვანელობა მენეჯმენტი საქართველოში და ასევე უნდა ითქვას შემადგენლობაზე განსაკუთრებით დუბლებიდან დაწინაურებულ ყველა მოთამაშეზე რომლებიც ჩვენი ჩემპიონატის მოთხოვნების ნახევარსაც კი ვერ აკმაYოფილებს . რომელთა წასვლის გარეშეც არაფერი გამოვა. რაც შეეხება შტელინს მან უბრალოდ ვერ გაიაზრა რა კლუბში იყო იმ მხრივ რომ, გულშემატკივართა ინტერესი საერთოდ არ იცოდა რა იყო. მას თავისი მიდგომებით და შეხედულებებით აუცილებლად აიყვანდა ისეთი დონის გუნდი როგორიც საბურთალოა თუმცა ტორპედოში მას არაფერი ესაქმებოდა ნამდვილად. რადგან აქ ხალხს უნდა შედეგი და არა 3 თუ 4 წლიანი გეგმები პერსპექტივის გარეშე, რომლებიც 2002 წლის მერე ბევრი გვინახავს ამ გუნდში. ჩვენ გვინდა თუნდაც ისეთივე მოდელი რომელიც წელს სამტრედიამ შემოგვთავაზა წელსვე "შექმნილი" გუნდით სწორედ რომ გია ცეცაძე უნდა ტორპედოს მთავარ მწვრთნელად. თუმცა Qუთაისელი ქომაგი თავს გახარებული გრძნობს ძალიან ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონია კალათბურთში ესეთი სიხარული და ამდენი ოვაცია და დასწრება როგორიც ფინალურ მატჩზე იყო ჩვენს სპორტის სასახლეში დამერწმუნეთ დინამოს ჩემპიონობაზე არ ყოფილა .
ser
29 მაისი 2016 21:41
0
მე ერთ რაღაცას ვერ ვხვდები - რას ერჩით პრეზიდენტს? გადახედეთ გუნდის შედეგებს მის მოსვლამდე და მისი მოსვლის შემდეგ. რაც ჩემპიონატის ბოლოს გუნდმა შედეგებიც აჩვენა, თავიდანვე რომ ესე დაეწყო, მედლებს აუცილებლად ავიღებდით, დიდი შანსია მეორეზეც გავსულიყავით.
Kote
29 მაისი 2016 16:39
0
ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო შტელინის მოყვანა,კატგად მიდიოდა ყველაფერი,მერე დანიშნეს პრეზიდენტი და აირია მონასტერი,სხათაშორის მწვრთნელის მიერ ჩამოთვლილი ახალგაზრდები კლუბის დირეკტორმა წამოწია კლუბში და კარგი ხედვაც ჰქონია რადგან მწვრთნელიც მათ აქებს.იმ ადამიანს კი მუდამ ვაი მცოდნეები ებრდძვიან და რომ უყურებ დაწყებული მწვრთნელიდან ბავშვთა სკოლის თემის წამოწევით და სხვა კუთხით სწორი მიმართულებები იყო,მაგრამ...
toro
29 მაისი 2016 15:43
0
არავითარი წესიერი ინვესტორი ქუთაისში არ მოვა,ეს არის ბლა-ბლა,წინასაარჩევნო ხრიკები.
ტორპედოს აქვს ქონების სრული ნუსხა,აქვს მისი საბაზრო ღირრბულების ფასი,აქვს სააქციოს სტატუსი,გადაამოწმონ ისევ ეს სტატუსი, გაამკვიდრონ, ზუსტი ფასი დადონ და ამის შესაბამისი ოდენობის აქციები გამოუშვან საინვესტიციო ვალდებულებით, რომ აქციის მყიდველს ჰქონდეს ყოველწლიური საინევსტიციო ვალდებულება იმ ოდენობის თანხაზე, რაც გადაიხადა აქციის ყიდვისას,ასეთი ვალდებულება უნდა იყოს 3 წლიანი როგორც მინიმუმ.საწყის ეტაპზე სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს 50%, მეორე მესამე წელიწადს კი ინვესტორთა მიერ შესრულებული საინვესტიციო პირობების დინამისკი მიხედვით შეიძლება დამატებით აქციების გაყიდვა,ან ემისია თუკი კლუბის ფასმა იმატა.1 აქციის მინიმალური ფასი უნდ აიყო 100 ლარი.
ამის კეთება არ უნდათ იმიტომ რომ ფულზე კონტორლი დაეკარგებათ , მანიპულაციების უფლებები წაერთმევათ.
jango
29 მაისი 2016 13:47
0
ფეხბურთს უნდა მოშორდნენ ამ უნიჭოების მამები და ნათლიები,პატიოსანი სპეციალისტებისგან შეიქმნას სელექციონერების ჯგუფი,რომელთა შემოსავალიც შერჩეულის ნიჭზე იქნება დამოკიდებული,ნიჭიერები კი ბევრი არიან იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში,გავა 2-3 წელი და აღარ იქნებიან საჭირო ახლანდელი ნაკრების ფოტომოდელები
მურთაზი
29 მაისი 2016 12:08
0
ასეთ მწვრთნელს გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა, გუნდი ფიზიკურად იდეალურად მოამზადა, გამართული ფეხბურთი აჩვენა ბოლო პერიოდში ტორპედომ.არც განსაკუთრებულ პირობებს ითხოვდა შტელინი. მაგრამ აქ სხვა თავებია დამარხული. გუნდში არაპროფესიონალების ბუმია, რა საჭიროა ამდენი დირექტორი და პრეზიდენტი, ჩეჩელაშვილს რა უნდა ფეხბურთში. რა მენეჯერი ესაა. ამათ მხოლოდ ფული აინტერესებთ ,ასე რომ არ იყოს შტელინს დატოვებდნენ გუნდშ.
კარაკასი
28 მაისი 2016 20:27
0
როგორ გასცემდა პრეზიდენტი პასუხს თავადაც არ იცის დარჩება თუ არა. ეგებ მართლა მოვიდეს ინვესტორი და არა მგონია ბევრი მჭამელი დატოვოს გუნდში. ისე ცნობისთვის არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი შტელინის სტანდარტში გადასვლა, ჯერ კიდე მოლაპარაკებები მიდინარეობს.
lelo
28 მაისი 2016 20:22
0
ალექსანდრ შტელინმი: "სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ საქმეზე წინ პირადი ინტერესები დგება. მაგალითად, ყველას თავისი შვილის თამაში სურს და როცა პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, მის შვილში ტალანტს ვერ ხედავ, მტრად გთვლის".
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
28 მაისი 2016 18:56
0
შტელინმა თქვა რომ მარტ-აპრილში გუნდი და მწვრთნელი საუბრობენ გუნდის მომავალ გეგმებზე და ასეთი რამ არ მოხდა და ალბათ იმიტომ რომ ჩემთან თანამშრომლობა აღარ სურდათო. არა, ბიძია, ეგ მაგათი მუშაობის სტილია. სეზონი დამთავრდა, ეგენი ჯერ ისვენებენ. აბა არ ეკუთვნით?! იმ საკითხებზე ფიქრს, წარმატებულ კლუბებში რომ მარტ-აპრილში იწყებენ უკვე, ესენი 2 კვირით ადრე შეუდგებიან სეზონის დაწყებამდე. ის ფულიც რაც უშოვიათ შრომით კი არა აქვთ ნაშოვნი. ახლა რატომ უნდა იშრომონ? იმას ვერ ხვდებიან რომ თუ გაძრომა-გამოძრომით და უნამუსოდ ფულის შოვნა მოახერხეს გრუზიაში, ევროპაში მასეთი მიდგომით არც ფეხბურთში, არც საფეხბურთო სამყაროში შანსი არა აქვთ წარმატების. შვილებსაც მასეთებს ზრდიან და იმიტომ არის ეგ ქვეყანა მასე.
odala
28 მაისი 2016 17:27
0
კარგი სპეციალისტი და ჭკვიანი პიროვნებაა! ამ მოკლე დროში მთელი ქართული ფეხბურთის სიმახინჯე დაინახა და ალბათ ყველაფერზე ღიად არც ილაპარაკა მაგრამ რაც თქვა ამ მოკლე ინტერვიუში ყველაფერი სიმართლეა! სამწუხაროა რომ შტელინის მსგავსი სპეციალისტები ქართულ ფეხბურთში არ სჭირდებათ! ალბათ იმიტომ რომ ზოგიერთების უნიჭო შვილების ადგილს ნიჭიერი ახალგაზრდები დაიკავებენ.... სამარცხვინოა ვის ხელშია ქუთაისური ფეხბურთი და არამარტო ქუთაისი,,,,,,,
zaza
28 მაისი 2016 16:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული