გია ცეცაძე: ამ ეტაპზე უარს ვამბობთ უცხოელებზე

AutoSharing Option
რომ არსებობდეს ნომინაცია - "წლის გუნდი-აღმოჩენა", მას უდავოდ "სამტრედია" მიიღებდა.

სეზონის დასაწყისში გია ცეცაძემ ისეთი ფეხბურთელები შემოიკრიბა, რომელთაც სხვა კლუბებში სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ. ამიტომ წარმოუდგენლად მოჩანდა, რომ "სამტრედია" ლიდერებში მოხვდებოდა. მაგრამ ცეცაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთელების შერჩევაც შეუძლია და შედეგის დადებაც.

"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი "ლელოსთან" ინტერვიუში მოსამზადებელ გეგმებსა და სიახლეებზე ლაპარაკობს...

- უპირველეს ყოვლისა, ევროპალიგაზე გასვლას გილოცავთ. სეზონი დასრულდა და გააანალიზებდით, რამ განაპირობა "სამტრედიის" წარმატება...
- ჩვენი წარმატება მოიტანა გუნდში არსებულმა ერთსულოვნებამ, საქმისადმი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო სტაფის
სწორმა მიდგომამ, ხელმძღვანელობისგან სრულმა ნდობამ... ღვთის წყალობაა, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი და ასეთ ბიჭებთან მუშაობა მიწევს.

- ახალი სეზონისთვის მზადებას როდის იწყებთ?
- უკვე შევიკრიბეთ თბილისში, სამედიცინო შემოწმება გავიარეთ და მზადებაც დავიწყეთ. გუნდი თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობს.

- მართალია, თითქოს, შეკრებას პოლონეთში გეგმავთ?
- უცხოეთში გამგზავრება ნამდვილად გვსურს, მაგრამ არა - პოლონეთში. თუ სად, ეს უახლოეს დღეებში გადაწყდება. პირობები ყველგან კარგია. მთავარია, სად დაგვიგეგმავენ სოლიდურ საკონტროლო მატჩებს.

უცხოეთში 8 ივნისს გავემგზავრებით და ორი კვირა ვივარჯიშებთ. მერე კი ევროპის ლიგის წილისყრის მიხედვით ვიმოქმედებთ. თუ პირველი თამაში სტუმრად გვექნა, მაშინ შეკრების ადგილზე დავრჩებით და მატჩზე იქიდან გავემგზავრებით, ხოლო თუ საქართველოში მოგვიწევს სტარტი, მაშინ დავბრუნდებით...

მაგრამ ჯერ სრული შემადგენლობით ვერ ვვარჯიშობთ, რადგან სამი მოთამაშე - არაბული, ზივზივაძე და ცნობილაძე გია გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა, ხოლო ნინუა და ხაბეიშვილი, რომლებიც დუბლებიდან დავაწინაურეთ, გიორგი ყიფიანმა 18-წლამდელებში მიიწვია. ასე რომ, სრული შემადგენლობით, სავარაუდოდ, 4-5 ივნისისთვის შევიკრიბებით.

- ცნობილია, რომ "სამტრედიისთვის" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს "ეროსი მანჯგალაძეზე" ვერ უმასპინძლებთ. სხვა სტადიონი თუ შეარჩიეთ?
- ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ეს უახლოეს პერიოდში გადაწყდება. დიდი იმედი მაქვს, სადაც უნდა გაიმართოს მატჩი, სამტრედიელი გულშემატკივრები თამაშზე აუცილებლად ჩამოვლენ.

- არადა, "სამტრედია" საკუთარ არენაზე სულ სხვა გუნდია... სტადიონის რეკონსტრუქცია თუ იგეგმება?
- გეთანხმებით, ჩვენს წარმატებაში სამტრედიელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს, ძალიან მაგარი გულშემატკივარი გვყავს. ევროპის ლიგის თამაშების "ეროსი მანჯგალაძეზე" ჩატარება ნამდვილად ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ამ ეტაპზე სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. რაც შეეხება რეკონსტრუქციას, ვიცი, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ამაზე ფიქრობს...

- ევროპის ლიგაზე რა არის "სამტრედიის" მიზანი? პლეი ოფში გასვლა?
- ჩვენთვის არ არსებობს მინიმალური და მაქსიმალური მიზნები, მოედანზე გუნდი მხოლოდ მოსაგებად გამყავს. მესმის, რომ ყველასთან გამარჯვება შეუძლებელია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ მაინც - აბა, წაგებას ხომ არ დავგეგმავთ?!

როცა სეზონი იწყებოდა, ხუთეულში მოხვედრას ვგეგმავდით, მაგრამ ბიჭებმა ბევრად მეტი შეძლეს და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. საერთოდ, ასეთი მიზანი გვაქვს - რაც უფრო შორს წავალთ, მით უკეთესი. ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ეს კარგია. ნეტავ, მართლა მოვახერხოთ და პლეი ოფამდე კი არა, ჯგუფურ ეტაპამდე გავაღწიოთ...

მაგრამ წარმატებებისკენ გუნდი ეტაპობრივად უნდა მივიდეს. ჩვენ მეორე ადგილზე გავედით და უცებ გულშემატკივარმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა რომ მოითხოვოს, ეს არალოგიკური იქნება. საკუთარ შესაძლებლობებს ვერ გადაახტები, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ყველაფერი მოვა.

- ცნობილი გახდა, რომ ოთხი მოთამაშე დაიმატეთ - გორგიაშვილი, არაბული, მანჯგალაძე და გამყრელიძე...
- გაძლიერება იმას ნიშნავს, რომ უფრო უკეთესი კვალიფიკაციის ფეხბურთელები მოვიყვანოთ, ამას კი მხოლოდ ქართველებით ვეცდებით.

- სხვა ფეხბურთელებთან მოლაპარაკება არ გაქვთ? მაგალითად, დინამოელი გიორგი თევზაძის გვარმა გაიჟღერა - შესაძლოა, "სამტრედიაში" იჯარით ითამაშოსო...
- თევზაძე მშვენიერი ფეხბურთელია, თანაც - სამტრედიელი, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ გვქონია. საეჭვოა, "დინამოდან" წამოვიდეს.

- იოსელიანი და სიხარულიძე რატომ წავიდნენ?
- ბუკა ცინცაძესაც დავემშვიდობეთ. კლუბსა და მათ შორის შეთანხმება მოხდა და კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ.

რომ არ დაგიმალოთ, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. მათი გაშვება არ მსურდა, მაგრამ ჩვენი კლუბის ბიუჯეტი არც იძლევა იმის საშუალებას, რომ ამდენი მოთამაშე დავტოვოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭები არ დაიკარგებიან, მათზე დიდი მოთხოვნაა და უმაღლესი ლიგის სხვა გუნდში თამაში არ გაუჭირდებათ.

- თქვენი შემადგენლობა მხოლოდ ქართველებს ეყრდნობა. უცხოელი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებთ?
- არა, ამ ეტაპზე უარს ვამბობთ უცხოელებზე.

- ბიუჯეტი გიშლით ხელს თუ პრინციპული საკითხია?
- ცხადია, თუ ლეგიონერს მოიწვევ, ამის ფინანსური შესაძლებლობები უნდა გქონდეს. ჩვენი ბიუჯეტით კი ასეთ მოთამაშეებს ვერ გავწვდებით. ჩისკოსნაირი თუ გვეყოლება, უარს ნამდვილად არ ვიტყვით, მაგრამ მეორეხარისხოვანი ფეხბურთელების ჩამოყვანას, სადღაც, ბუჩქებში სამი-ოთხი გოლი რომ აქვთ გატანილი, აზრი არ აქვს.

მეორე მხრივ, ჩვენი ფეხბურთელების ნაწილი საქართველოს იმ 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანე. ჩვენი სტრატეგია სწორედ ადგილობრივი რესურსის ათვისებაა და არა - უცხოეთიდან უცნობი და გაუგებარი დონის მოთამაშეთა ჩამოყვანა.

ქართული ფეხბურთი განვითარების გზაზე დგას და მირჩევნია, ჩვენს ბიჭებს მივცეთ სარბიელი და თავის გამოჩენის შანსი, ვიდრე უცხოელებს, რომლებიც, მაქსიმუმ, ერთი წელი დარჩებიან და როცა წავლენ, მათგან არაფერი დაგვრჩება, უწყისში ხელის მოწერის გარდა. ამიტომ ამ საკადრო პოლიტიკას არ ვუღალატებთ და ვეცდებით, ნაღდი ფეხბურთი ვითამაშოთ, გავიზარდოთ და ჩვენს თავსა და ფეხბურთელებს მივხედოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები!კარგი იქნება,თუ თბილისში ითამაშებენ!კარგ ფეხბურთს თამაშობენ,ვუქომაგებთ თბილისელები და საერთოდ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები! იმედი მაქვს გაგვახარებენ!
ზაზა
01 ივნისი 2016 21:06
0
გია ცეცაძეს

გია, შეეცადე,მოელაპარაკო დინამოს და წამოიყვანო სამტრედიაში მთლიანად ეს ბიჭი თევზაძე.იჯარით წამოყვანა ცუდია იმიტომ რომ დინამოსთან თმაშის უფლება არ ექნება, ჩვენ კი ამ გარდმავალზე ჩემპიონობა უმდა შევიძლოთ,არადა ფასიანი აქტივია ეს ბავშვი.

ამას გარდა მწვრთნელი ხარ და იცი რამდენს ნიშნავს ჯანმრთელობა,ამიტომაც მოსთხოვე კლუბის მესვეურებს და ფონდს,ახალი სეზონის დაწყებამდე ბუნებრივი საფარი დააგონ,იქ ყველაფერი მზადაა დრენაჟიც კარგია და ყველაფერი,რჩება კაუჩუკის აღება და ბალახის დაგება.მიუხედავად ვითომ კარგი ხარისხისა ეს ხელოვნური წელიწადში 3 წლით აბერებს ფეხბურთელს.
თუკი ამაზე ჯიუტად უარს გეტყვიან მაშინ ასეთ მენეჯმენტთან მუშაობა არც უნდა გიღირდეს.
jango
01 ივნისი 2016 20:37
0
Gია უდზლიერესესი ხარ წარმატებებიიი
dato
01 ივნისი 2016 17:13
0
100% გეთანხმებით ბატონო გია!!!! ზუსტად გადმოეცით ის სიტყვები რასაც ვფიქრობ დინამოზე!!!!!!!!!! წარმატებები სამტრედიას და ყველა ქართულ კლუბს ევროთასებზე!!! ყველაზე კრიტიკული ვიყავი სამტრედიას 2 ადგილის დაკავებით მაგრამ ეხლა როგორც უდგებიან საქმეს ჩემი აზრით ყველაზე წინ ეს გუნდი წავა ევროთასებზე!!
Guro
01 ივნისი 2016 16:42
0
ბატონო გია 100% გეთანხმებით,გისურვებთ
წარმატებებს.
99999999999999
01 ივნისი 2016 16:09
0
წარმატებები სამტრედიას,მართლაც კარგი ახალგაზრდული გუნდი ყავთ,და კარგი მწვრთნელიც,ვეთანხმები გუნდის სტრატეგიას,ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ,ახალგაზრდა ფეხბურთელების პროფესიონალ მოთამაშეებად ჩამოყალიბება და ადგილობრივ ფეხბურთელების აღზრდა.კარგია მანჯგალაძის მშობლიურ ქალაქის კლუბში გადაყვანა და თევზაძეზეც თუ ასევე მოხერხდა მით კიდე უკეთესი.
romandro
01 ივნისი 2016 15:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული