"გაგრა" კი მეხუთე ადგილზე გავიდა, რაც ახალგაზრდული გუნდისთვის ურიგო შედეგი არ არის. აქვე იმასაც დავძენთ, რომ პირველ ლიგაში მოასპარეზე 18 გუნდიდან 16 მუნიციპალური იყო და მხოლოდ ორი - კერძო: "ვიტ ჯორჯია" და "გაგრა".
როგორც გურამ რუხაძე პატრონობს
...უმაღლესის მსგავსად, ახალი სეზონი პირველ ლიგაშიც განსხვავებული ფორმატით უნდა ჩატარდეს და ერთწრიანი ჩემპიონატისათვის მზადება "გაგრამ" უკვე დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, გუნდი არაერთ პოტენციურ კანდიდატთან აწარმოებს მოლაპარაკებას და ბევრი მათგანის შესაძლებლობები საკონტროლო მატჩებშიც გამოჩნდა.
თუმცა, "გაგრას" სავარაუდო ტრანსფერებში ყველაზე ხმაურიანი, რაღა თქმა უნდა, ანატოლი პისკოვეცის დაბრუნება უნდა მივიჩნიოთ: თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ 69 წლის უკრაინელი სპეციალისტი თავის სამწვრთნელო კარიერას ისევ საქართველოში გააგრძელებს, კონკრეტულად კი, იმ გუნდში, რომელთან ერთადაც 2010/11 წლების სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია - საქართველოს თასის გათამაშება ხომ "გაგრას" სენსაციური გამარჯვებით დასრულდა და მაშინ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი სწორედ პისკოვეცი გახლდათ.
ერთიც უნდა აღვნიშნოთ: სხვადასხვა დროს საქართველოში მომუშავე ბევრი უცხოელი კოლეგისაგან განსხვავებით, პისკოვეცი ჩვენს სპორტულ მედიასთან ყოველთვის გულისხმიერი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა...
მაისის ბოლო დღეებში "გაგრამ" ორი ამხანაგური მატჩი სწორედ პისკოვეცის ხელმძღვანელობით გამართა: "ლოკომოტივის" დუბლშემადგენლობასთან 4:1 მოიგო, "რუსთავის" მეორე შემადგენლობასთან კი - 5:1.
სხვათა შორის, "რუსთავის" ექსპერიმენტულ შემადგენლობასთან მატჩში, რომელიც თბილისში, "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართა, თავი გამოიჩინა "გაგრას" 22 წლის ცენტრფორვარდმა ვაჟა მატიაშვილმა, რომელმაც მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა.
დავუბრუნდეთ პისკოვეცს. ის საქართველოში პირველად 2007 წლის ზაფხულში ჩამოვიდა, როცა მეორე ტურიდან ჩაიბარა იმდროინდელი მოქმედი ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპი". მიზეზთა გამო მომავალი წლის გაზაფხულზე პისკოვეცს წასვლა მოუწია, თუმცა 2009/10 წლების სეზონის მიწურულს კვლავ დაბრუნდა საქართველოში და ამჯერად "გაგრა" ჩაიბარა.
სამწუხაროდ, "გაგრას" იმ დროისთვის უკვე ძალიან ბევრი ქულა ჰქონდა დაკარგული და უმაღლეს ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა, მაგრამ პისკოვეცი გუნდს პირველ ლიგაშიც გაჰყვა და პირველსავე ცდაზე ელიტაში დააბრუნა. თუმცა, ის სეზონი (2010/11) "გაგრასთვის" სხვა მხრივ იყო ტრიუმფული - პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, საქართველოს თასის ისტორიაში სწორედ მაშინ მოხდა, რომ გაიმარჯვა პირველი ლიგის გუნდმა.
პისკოვეცის ხელმძღვანელობით, "გაგრას" თავი არც ევროტურნირებზე შეურცხვენია - გაცილებით გამოცდილ და ლეგიონერებით დახუნძლულ კვიპროსულ "ანორთოსისს" მართლაც რომ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია...
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "გაგრამ" ის სეზონი (2011/12) შთამბეჭდავად დაიწყო (ზედიზედ სამი მოგება), მაგრამ მომდევნო ხუთ მატჩში გუნდმა მხოლოდ 1 ქულა აიღო და პისკოვეციც სამშობლოში გაემგზავრა.
საბოლოოდ, იმ სეზონში "გაგრა" უმაღლესი ლიგიდან გავარდა და მას მერე ვეღარ ახერხებს დაბრუნებას. ამის მცდელობა იყო წინა სეზონშიც (2014/15), როცა მეორე ეტაპზე გუნდში კვლავაც მიიწვიეს პისკოვეცი, მაგრამ "გაგრა" თავის ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა და პლეი ოფის საგზურსაც ვერ შესწვდა.
იმ სეზონის დასრულების შემდეგ "გაგრასა" და პისკოვეცის გზები გაიყარა, მაგრამ აი, უკრაინელი სპეციალისტი საქართველოში მეოთხე დაბრუნებისთვის ემზადება!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"