უჩა სოსიაშვილი: "დილას" პოტენციურ სპონსორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

AutoSharing Option
გორის "დილამ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ, საშინაო მატჩში 1:0 მოუგო სომხურ (გიუმრი) "შირაქს". ირაკლი მოდებაძის მიერ გატანილმა გოლმა იმედი დაგვიტოვა, რომ პრობლემებით დამძიმებული გორული კლუბი შეძლებს სომხური ბარიერის დაძლევას და საქართველოს სახელის ღირსეულად დაცვას.

მატჩის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განსჯა ვთხოვეთ "დილას" მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს...

- საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდი ცდილობდა "პირველ ნომრად" თამაშს. პირველ ტაიმში გვქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი და გავიტანეთ კიდეც.

მეორე ნახევარში, შედეგიდან გამომდინარე, კონტრშეტევებზე გადავაწყვეთ თამაში, თუმცა კიდევ გვქონდა საგოლე მომენტები... ჩვენ
მოვიპოვეთ გარკვეული უპირატესობა - გავიტანეთ გოლი და "მშრალად" შევინახეთ კარი, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული.

- უმოკლეს ხანში ახალი გუნდის აწყობა მოგიხდათ, თან - არცთუ იდეალურ პირობებში...
- 20 დღე გვქონდა ახალი სათამაშო კავშირების ჩამოსაყალიბებლად, თანაც, შეკრება ბოლომდე ისე ვერ გავიარეთ, როგორც გვსურდა. ამხანაგური მატჩებიც ვერ ჩავატარეთ გრაფიკის მიხედვით...

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს! მათ უყვართ მოსმენა, სწავლა... სწორედ ამის შედეგია, რომ "დილამ" გუნდურად ითამაშა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ, რომ "დილამ" გაახაროს გულშემატკივრები...

- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

- პირველ შეხვედრაში კაპიტანი ლექსო კვახაძე, შემტევი ლაშა კუჭუხიძე და მცველი ლაშა ჯაფარიძე არ გყავდათ. საპასუხო მატჩში თუ შეძლებენ ისინი მოედანზე გასვლას?
- ჯაფარიძეს დისკვალიფიკაცია ჰქონდა და გიუმრიში, დიდი ალბათობით, ითამაშებს. რაც შეეხება კუჭუხიძეს, მან ინდივიდუალურად დაიწყო ვარჯიში, კვახაძე კი ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს. მას ტრავმა აქვს. არადა, ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. მაინც ვიტოვებ მცირე იმედს, რომ ლექსო შეძლებს თამაშს. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ძალიან გვიჭირს...

- თქვენ თამამად ანდეთ ადგილი ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს - ნონიკაშვილს, წიქარიძეს, სამხარაძეს...
- ამ ფეხბურთელებში მე პოტენციალს ვხედავ. საჩემპიონო სეზონში წიქარიძეს ძალიან ხშირად უწევდა თამაში. თუ არ ვცდები, მან 25 მატჩი ჩაატარა. მერე ტრავმებმა შეაწუხა. სამხარაძე მიჩვეულია ძირითადში თამაშს, ნონიკაშვილიც... ისინი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მზად აღმოჩნდნენ ამ გამოწვევისთვის.

- "დილას" მიერ გატანილი გოლი თითქოს დამუშავებულ კომბინაციას მოჰყვა...
- სწორად შეგინიშნავთ. ვარჯიშზე შეტევის შესაძლო ვარიანტებს ვამუშავებთ. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, რომელსაც "შირაქის" კარში გოლი მოჰყვა.

საერთოდ, თუ შეტევების 10-15 პროცენტს არ ჩავთვლით, რომელიც ეფუძნება ფეხბურთელების ინდივიდუალიზმს, ყველაფერი არის დამუშავებული.

- როგორ დაახასიათებთ "შირაქს"?
- შემტევი პოტენციალი რომ აქვს, ეს სომხეთის ჩემპიონატის მატჩებიდანაც კარგად ჩანს. წლების განმავლობაში შეთამაშებული კოლექტივია. გუნდურად და კომპაქტურად თამაშობენ, ჰყავთ ბევრი ლეგიონერი...

მაგრამ ალალად ვიტყვი - შემოქმედებასა და ნიჭიერებაში უპირატესობა ჩვენია. ყოველ შემთხვევაში, პირველ მატჩში მე ასე დავინახე.

- საპასუხო მატჩში "დილას" თავისი ქომაგები თუ გაამხნევებენ?
- როგორც ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს ამ საკითხზე. დიდი იმედი მაქვს, გულშემატკივარი ჩვენთან ერთად იქნება. პირველ შეხვედრაშიც მაგრად დაგვიჭირეს მხარი...

- საპასუხო მატჩის წინ შანსებს როგორ აფასებთ?
- ჩემი აზრით, შანსები თანაბარია. ჩვენი ოდნავი უპირატესობა არის ის, რომ საშინაო შეხვედრაში გოლი გავიტანეთ და აქეთ არ გავუშვით. ცხადია, ეს არაფრის გარანტია არ არის. თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ.

- ბოლოს, პოტენციურ სპონსორზეც გკითხავთ. ვიცით, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს...
- ვადასტურებ, რომ სპონსორთან მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს. ამასთან, თუ ევროპალიგის პირველ ეტაპს გავივლით, კლუბის ფინანსური მდგომარეობა უკეთესი იქნება.

- "შირაქთან" ნაჩვენები შედეგი კლუბში სპონსორის მოსვლაზე თუ იმოქმედებს?
- არა, ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირში არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ დილა!

სამტრედიელებო
გორელებს თქვენზე 10 ჯერ მეტი პრობლემა აქვთ და მნიშვნელოვნად უნდა ჩამოგრჩებოდეთ დალაგებული კლუბის ფორმატში, მაგრამ როცა მიზანი ყველას ერთი აქვს,ყველა ერთნაირად ირჯება.
აიღეთ გორელებისაგან მაგალითი და აჩვენეთ კლასი 7-ში. თუ არა და ამბიციებიდან ხელი აიღეთ,თქვენ უკვე სამტერდიამ გაპატიათ ბოლო ტურში სიონთან უმსგავსო წაგება და ახლა ბაქოში წაგებაც ნაპატიებივითაა,მაგრამ ზესტაფონში უხარისხო თამაშს და არმეეგბას,არავინ გაპატიებთ.
Jango
15:43 04-07-2016
0
კიდევ კარგი რომ აღიარა შანსები თანაბარიაო. არც ზედმეტად არ ყოყოჩობს. ეს იმედს მაძლევს რომ სერიოზულად მოემზადება.
haha
15:25 04-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული