"საბურთალომ" ბულგარეთში გამგზავრებამდე ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
"საბურთალო" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ახალი მოთამაშეებითაც გაძლიერდა.

7 ივლისს კი "ბენდელას" სტადიონზე კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ, მთავარმა მწვრთნელმა პაბლო ფრანკო მარტინმა და სპორტულმა დირექტორმა მანოლო იერომ მედიას გუნდის ახალწვეულები წარუდგინეს: თედორე გრიგალაშვილი, რომელიც რუსეთში ვერ დამკვიდრდა; გიორგი ბუხაიძე, ვინც "საპოვნელაში" ბომბარდირობით (15 გოლი) გამოიჩინა თავი და ესპანელი ხოსე მანუელ კარასკო კორეა.

წარდგენის შემდეგ ახალწვეულებმა კომენტარები გააკეთეს:

თედორე გრიგალაშვილი: "უკვე რამდენიმე დღეა, ახალ კლუბში ვირიცხები, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ვეცდები, ჩემი ცოდნა და გამოცდილება "საბურთალოს"
მოვახმარო და მოკრძალებული წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში. ძალიან საინტერესო, შეკრული და მეგობრული კლუბია".

გიორგი ბუხაიძე: "ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, როცა ჩემი მომავალი "საბურთალოს" დავუკავშირე. ადვილად შევეწყვე გუნდს, როგორც ფეხბურთელებს, ასევე სამწვრთნელო შტაბს. კარგი გარემოა, ჩანს, რომ "საბურთალოში" პროფესიონალები მუშაობენ".

ხოსე მანუელ კარასკო კორეა: "საქართველოში პირველად ვარ. შთაბეჭდილებები დადებითია. ნელ-ნელა ვეჩვევი ქართულ გარემოს, ახალ კლუბს... ბიჭები გვერდში მიდგანან, რაც ძალიან სასიამოვნოა. "საბურთალო" ახალგაზრდული კლუბია, თუმცა - საკმაოდ წარმატებული. სადებიუტო მატჩის ჩატარებაც მოვასწარი. სასიამოვნოა, რომ ყველაფერი კარგად დაიწყო და მჯერა, ასეც გაგრძელდება".

აქვე გეტყვით, რომ "საბურთალო" რამდენიმე დღეში ბულგარეთს მიაშურებს, სადაც სამთო კურორტ ბრანსკოში დაბინავდება და მომზადების ბოლო ეტაპს გაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბუხა.
ირაკლი
13:59 08-07-2016
0

სიახლეები პოპულარული