"სიონი" სრულ მზადყოფნაში იქნება - არმაზ ჯელაძე მოსამზადებელ პერიოდსა და ახალწვეულებზე

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიასთან" ამხანაგური მატჩით ბოლნისის "სიონმა" ეროვნული ჩემპიონატისთვის სამზადისი დაასრულა. არმაზ ჯელაძის შეგირდებმა მოსამზადებელ პერიოდში 8 ამხანაგური მატჩი გამართეს და დაიმატეს რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის - ლეგიონერებიც.

"სიონის" მთავარ მწვრთნელს სწორედ მოსამზადებელი ეტაპის შეჯამება ვთხოვეთ...

- ბატონო არმაზ, მოდით, შევაჯამოთ "სიონის" სამზადისი. რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?
- როგორც იცით, მოსამზადებელი პერიოდი თბილისში გავიარეთ და შეიძლება ითქვას, გავაკეთეთ მაქსიმუმი იმისი, რაც იყო შესაძლებელი. ასე რომ, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. რვა ამხანაგურმა მატჩმა ძალიან ბევრი საყურადღებო რამ დაგვანახა.

მართალია, არის პატარა პრობლემები და ამ
მხრივ, უპირველეს ყოვლისა, შეთამაშებას ვგულისხმობ, რადგან მაინც ახალი გუნდი ვართ, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის პირველობის სტარტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ერთი სიტყვით, მოუთმენლად ველოდებით ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას.

- გუნდში ბევრი ახალწვეულია. ამ ბიჭებით კმაყოფილი ხართ?
- მათ კარგად წარმოაჩინეს თავი. არის მცირე შეუთამაშებლობა, რასაც აუცილებლად ეშველება. ერთია, რომ შეიძლება ამ ეტაპზე, გუნდი არ იყოს ფორმის პიკში, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ - 7 აგვისტოსთვის "სიონი" სრულ მზადყოფნაში იქნება.

- რას იტყვით კონკრეტულად ლეგიონერებზე?
- ოფიციალურად შემიძლია გითხრათ, რომ ავიყვანეთ ორი ლეგიონერი - ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი სანტოსი და უკრაინელი მეკარე ილუშჩენკოვი. სანტოსი ძალიან სასარგებლო, რომ იტყვიან, ფუტკარივით მუშა საყრდენი ნახევარმცველია. კარგია ართმევაზეც და პასის დროსაც ძალიან იშვიათად უშვებს შეცდომას. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელი "სიონს" გამოადგება.

რაც შეეხება უკრაინელ მეკარეს, ის ნაღდი პროფესიონალია. კარგია პოზიციურადაც და გამოსვლებზეც... იყო პატარა შეცდომები თავიდან, რაც პარტნიორებთან შეუთამაშებლობით იყო გამოწვეული... ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ის არც დავტვირთეთ, რადგან გვინდოდა, ჩემპიონატის პირველ ტურს სრულ მზადყოფნაში შეხვედროდა... მოკლედ, მიმაჩნია, რომ ის ფასეული შენაძენია ჩვენი გუნდისთვის.

- როგორც ვიცით, ირანელ ლეგიონერს აკვირდებით...
- დიახ, ვაკვირდებით ირანელ ალი მუჰამედს. სწრაფი ფეხბურთელია... ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ასევე, შემოგვიერთდა დონეცკის "შახტარის" აღზრდილი საყრდენი ნახევარმცველი ვიაჩესლავ აკიმოვი. თავადაც ხვდებით, რა სკოლა ექნება გავლილი. მერე სხვადასხვა კლუბში იყო განათხოვრებული. აკიმოვსაც ვაკვირდებით და მასზეც მოგვიანებით გვექნება პასუხი.

- კიდევ იქნებიან ახალწვეულები?
- შესაძლებელია, რადგან მინდა, ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყოს. ეს გუნდის წარმატებისთვის აუცილებელია. არის პოზიციები, რომლებზეც არ გვაწყენდა კიდევ უფრო გაძლიერება... სხვათა შორის, რამდენიმე ქართველ ფეხბურთელთანაც გვქონდა მოლაპარაკება. ამ ეტაპზე მათთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან უცხოეთში არჩიეს კარიერის გაგრძელება.

- "სიონში" არ ჩანს პერსპექტიული მცველი ზურაბ ჯაფიაშვილი. წავიდა გუნდიდან?
- არა, ზურაბი "სიონის" ფეხბურთელია. მან ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის. აკეთებს ყველაფერს, რასაც ექიმი ავალებს და სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნოემბერში ჩადგება მწყობრში.

- საინტერესოა, რა მდგომარეობაშია მინდვრის საფარი ბოლნისის "თამაზ სტეფანიაზე"?
- იქ ადგილობრივი მმართველობის თაოსნობით დიდი სამუშაოები ჩატარდა. ამ დროისთვის მინდორი იდეალურ მდგომარეობაშია. ჩვენ მას ყველანაირად ვუფრთხილდებით და ამიტომაც არ ვვარჯიშობთ ბოლნისში. გვინდოდა, "ვიტ ჯორჯიასთან" ბოლო ამხანაგური მაინც ჩაგვეტარებინა ბოლნისში, მაგრამ გაწვიმდა და მოვერიდეთ მინდვრის გაფუჭებას. შესაძლოა, ჩემპიონატის დაწყებამდე "თამაზ სტეფანიაზე" რამდენიმე ვარჯიში ჩავატაროთ.

- დაბოლოს, ეროვნულ ჩემპიონატში თქვენს პირველ მეტოქეზე, "საბურთალოზეც" გკითხავთ...
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ძალიან დაძაბულ ჩემპიონატს ველოდებით. სულ სხვადასხვა ტაქტიკით მოგვიწევს თამაში... რაც შეეხება "საბურთალოს", ძალიან კარგი, ახალგაზრდული გუნდია. ესპანელი მწვრთნელი ჰყავს და თვითმყოფად ფეხბურთს თამაშობენ. ასე იყო სხვა მწვრთნელების დროსაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით სიონი, საბურთალოსთან ფრე უნდა ითამაშოთ მხოლოდ !
Jango
17:05 02-08-2016
0

სიახლეები პოპულარული