13:55 15-08-2016
დინამო (თბ)-გურია 3:0 - ევროპულ ჭრილში [VIDEO]
AutoSharing Option
"დინამო არენაზე" საქართველოს XXVIII ჩემპიონატი მეორე ტურის ამ დაპირისპირებით გაიხსნა. "დინამოსა" და "გურიის" კაპიტნებმა საქართველოს ჰიმნზე დროშა აღმართეს...
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა 20 საათზე დაიწყო, თამაშის ხასიათზე საღამოს სიცხემაც მოახდინა გავლენა. მეტოქეებს პერიოდულად პაუზა სჭირდებოდათ წყლის დასალევად.
პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე სტუმრებმა შექმნეს - სახიფათო ჯარიმა ბუკა ცინცაძემ შეასრულა, მაგრამ "ცოცხალი კედლიდან" ბურთი კუთხურზე გადავიდა და ყველაფერი დინამოელთათვის მშვიდობით დასრულდა.
მე-13 წუთზე, მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა ვახტანგ ჭანტურიშვილის გადაცემას "გურიის" მეკარე რატი იმერლიშვილი გადაეღობა.
26-ე წუთზე ანგარიში მაინც თბილისელებმა გახსნეს. 2 წუთის განმავლობაში ისინი სწრაფად ათამაშებდნენ ბურთს. ბოლოს მათე ცინცაძემ გურულების დაცვაში მარჯვენა ფლანგზე თავისუფალი სივრცე შენიშნა და შეტევაში მიკელ ალვარო ჩართო, ბასკმა ნახევარმცველმა კი კარის წინ გიორგი პაპუნაშვილს უპასა, რომელმაც ზუსტი დარტყმით შეარხია ბადე - 1:0.
ოთხ წუთში დინამოელებმა "გურიის" კარი მეორედაც აიღეს. საჯარიმოს ხაზიდან ჭანტურიშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ კარის ხაზი გადაკვეთა. ლამაზი გოლი გამოვიდა - 2:0.
მალევე ჭანტურიშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ დინამოელთა ნახევარმცველის დარტყმული მიზანს ოდნავ ასცდა. თბილისელებს გატანის შანსი კიდევ ჰქონდათ - თუნდაც 35-ე წუთზე, როცა ალვაროს მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულ თავურზე იმერლიშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და სტუმრები გადაარჩინა.
ფაქტობრივად, დინამოელებმა საქმე პირველ ტაიმში მოათავეს და მეორე ნახევარში თავი აღარ მოუკლავთ. ლანჩხუთელები კი მაღალი ტემპისა და სწრაფი კონტრშეტევების განვითარებას ვერ ახერხებდნენ. პირიქით, მესამე გოლიც გაუშვეს...
58-ე წუთზე, გიორგი პაპუნაშვილის სოლო-რეიდის შემდეგ "გურია" ხარიხამ იხსნა. იქვე, "დინამოს" მარცხენა მცველმა მატია შპიჩიჩმა ტვინის შერყევა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. თუ რამდენი ხნით დაისვენებს ხორვატი, ამას გამოკვლევა დაადგენს...
მის ნაცვლად მოედანზე გიორგი თევზაძე შევიდა. ეს მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი იყო: როგორც იქნა, იურაი იარაბეკმა თამაშის შანსი იმ ახალგაზრდა მარცხენა მცველს მისცა, რომლიც უქმობაც ევროთასებზე მაინცდამაინც ლოგიკურად არ ჩანდა.
20 წლის თევზაძე, რომელიც შეტევაში ჩინებულად ერთვება, შანსს ნამდვილად იმსახურებდა, რადგან მისი შემცვლელი შპიჩიჩი ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს...
მოედანზე თევზაძის გამოჩენიდან ზუსტად სამ წუთში სწორედ მის გადაცემას მოჰყვა "გურიის" კარში მესამე გოლი - თევზაძე მარცხენა ფლანგიდან დაიძრა და საჯარიმოში ჯაბა ჯიღაური შენიშნა, რომელმაც დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა - 3:0.
მიმდინარე ჩემპიონატში ეს "დინამოს" პირველი გამარჯვებაა.
ცუდი ისაა, რომ პაოკ-თან დაპირისპირებაში იარაბეკს საკადრო პრობლემები შეექმნა. გუნდი ორმა თავდამსხმელმა - გიორგი ქვილითაიამ და ნიკა გელაშვილმა დატოვა, მესამე, ლადო დვალიშვილი, ჩემპიონატის პირველ ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" დაშავდა და "გურიის" გარდა, ბერძნებთან შეხვედრასაც გამოტოვებს. პლუს ამას, თამაშს ვერ შეძლებენ უკვე ნახსენები შპიჩიჩი და ბულგარელი სტეფან ველევი, რომელიც ჯერ კიდევ მკურნალობს.
ევროპალიგის პლეი ოფის მატჩი კი კარსაა მომდგარი. იმედია, იარაბეკი და "დინამო" პრობლემებს გაუმკლავდებიან და პაოკ-თან ღირსეულად ითამაშებენ.
უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. II ტური
13.08. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-გურია 3:0
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (26), 2:0 ჭანტურიშვილი (30), 3:0 ჯიღაური (65)
დინამო: სკრიბე, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ჭელიძე, შპიჩიჩი (62. გ. თევზაძე), მ. ცინცაძე, ალვარო (46. კიტეიშვილი), ჯიღაური (68. კურიე), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი.
სათადარიგოები: ლომაია, მიქელთაძე, ზარია, კირკიტაძე
გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი (69. ნ. დიასამიძე), ბ. ცინცაძე, ზ. თევზაძე, მეგრელიშვილი, ჩადუნელი, ჭეჭელაშვილი (46. სტეფნიაშვილი), ნოზაძე, ფელიპე, დენიზი, ჭედია (38. მოროზენკო).
სათადარიგოები: ხვედელიძე, ზ. გელაშვილი, იმნაძე, ოლივეირა და სილვა
გაფრთხილება: თევზაძე (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
III ტური
20 აგვისტო, შაბათი
ჩიხურა-ლოკომოტივი
გურია-შუქურა
ცხინვალი-დინამო (თბ)
"ტორპედო" ისვენებს.
სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კურიე გაიბრწყინებს პაოკთან , ეტყობ ამის იმედად არის ფიფია, დღეს რო იყიდოს თავდამსხმელი რა აზრი აქვს 2 დღეში გუნდს ვერ შეეწყობა და ალბათ იმედიც არ აქვს რომ დინამო გავა ჯგუფურ ეტაპზე/
0
0
იყიდეთ თავდამხსმელი და ეგჰრევე ამოიღებთ იმ ფულს ევროპაზე რო გახვალთ!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული