ვლადიმირ ლიუტი: მეგობრებო! ხელშეკრულება გავაფორმე ქართულ კლუბთან...

AutoSharing Option
"ზუგდიდი" ახალმა მეპატრონემ ოფიციალურად დაიკანონა და კლუბის 100-პროცენტიანი წილის აწ უკვე ყოფილ მფლობელთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან კონტრაქტი გააფორმა. ამ კონტრაქტის მიხედვით, უკრაინელებმა "ზუგდიდის" აქციათა 51% დაიკანონეს და საქმეს შეუდგნენ, თუმცა ყველაფერს ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტენ, თუ ცვლილებები მუნიციპალიტეტს არ შეუთანხმეს...

"ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტ სვიატოსლავ სიროტას ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა იყო - გუნდს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმირ ლიუტი გაწვრთნის. მან "ზუგდიდის" ფეხბურთელები რუხის ბაზაზე უკვე ავარჯიშა კიდეც და ახალ პოსტზე სადებიუტო თამაშიც ჩაატარა - გუშინ, 23 აგვისტოს, "ზუგდიდი" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის
თასის პირველ ეტაპზე პირველი ლიგის ბინადარ ვანის "სულორს" სტუმრად დაუპირისპირდა. დებიუტი ვერ გამოდგა წარმატებული - "ზუგდიდი" 0:1 დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა...

მანამდე კი ლიუტიმ თავის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" საქართველოში მუშაობის დაწყების შესახებ პოსტი დაწერა:

"მეგობრებო! ქართულ კლუბ "ზუგდიდთან" ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის ბოლომდე მოვაწერე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ტერნოპოლელს (ჩემი ბოლო სამუშაო ადგილია) სტუმართმოყვარეობის, სითბოსა და სიკეთისთვის. აგრეთვე, ტერნოპოლსა და ამ რეგიონში ფეხბურთის განვითარების სურვილისთვის. ჩემი ახალი კონტრაქტის მიუხედავად, იმედი მაქვს, მშვენიერ ქალაქ ტერნოპოლთან თანამშრომლობას გავაგრძელებ".

ლიუტის "ზუგდიდში" დანიშვნას ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდი გამოეხმაურა და დაწერა, რომ 54 წლის სპეციალისტი იმ კლუბში იმუშავებს, რომლის მთავარ აქციონერადაც ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი, ესპანეთში მცხოვრები დმიტრი სელიუკი მოიაზრება.

ამ უკანასკნელის ქართულ ფეხბურთში გამოჩენას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ისიც სათქმელია, რომ სადაც კი სელიუკმა ფეხი დადგა, ყველგან ძლიერი და ამბიციური გუნდი ჩამოაყალიბა. იმედია, ასე იქნება "ზუგდიდის" შემთხვევაშიც. ეს ხომ ქართული ფეხბურთის ინტერესშია - რაც მეტი იქნება ამბიციური და წელში გამართული კლუბი, მით უფრო მაღალი იქნება საქართველოს ჩემპიონატის დონე.

ესეც არ იყოს, ტალანტების აღზრდით სახელგანთქმული "ზუგდიდი" დიდხანს ელოდა ამბიციურ მეპატრონეს...

* * *
ახლა კი უფრო ახლოს გავიცნოთ "ზუგდიდის" ახალი მწვრთნელი. საინტერესოა, რომ ლიუტი თავიდან კალათბურთზე დადიოდა, მაგრამ ფეხბურთის ნიჭი უფრო აღმოაჩნდა და ტანმაღალი უკრაინელი თავისი დროის "დნეპრში" ისეთივე როლს ასრულებდა, როგორსაც იან კოლერი - ჩეხეთის ნაკრებში.

"დნეპრში" მან 10 სეზონი ითამაშა და მის რიგებში ორ-ორჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი (1983, 1988), ვიცე-ჩემპიონი (1987, 1989) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1984, 1985), ერთხელაც - სსრკ-ის თასის მფლობელი (1989).

სისტემატურად იწვევდნენ საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრებში (12 მატჩი, 3 გოლი), სადაც ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მის შემადგენლობაში 1988 წელს სეულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალს გელა კეტაშვილთან ერთად დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ფინალში იური სავიჩევმა ბრაზილიის ნაკრების კარში გადამწყვეტი გოლი უკრაინელი ფორვარდის პასით გაიტანა.

ლიუტიმ სსრკ-ის (შემდეგ დსთ-ის) ნაკრებში სულ 6 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. არის 1990 წლის მსოფლიოსა და 1992 წლის ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ "შალკეში" გადავიდა, რაშიც "დნეპრმა" იმ პერიოდისთვის სოლიდური თანხა - 1,1 მილიონი მარკა მიიღო. შემდეგ გერმანიაში დამკვიდრდა და კარიერა უფრო მოკრძალებულ კლუბებში გააგრძელა, 39 წლის ასაკში კი ჯვარედინი იოგები დაუწყდა და ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა.

საინტერესოა, რომ თამაშის პერიოდში, 1996 წელს, გერმანიაში დაფუძნა კომპანია "ისტოკი", რომელიც უკრაინაში ფეხსაცმლის მიწოდებით იყო დაკავებული. მისი ბიზნესპარტნიორები კი "დნეპრის" ყოფილი მოთამაშეები - სერგეი ბაშკიროვი და ოლეგ ტარანი იყვნენ.

შემდეგ ლიუტიმ გერმანიაში სამწვრთნელო კურსები წარჩინებით დაამთავრა და მე-3 ლიგაში მუშაობის ლიცენზია მიიღო. სამწვრთნელო კარიერაც გერმანიის ქვედა ლიგის გუნდებში დაიწყო. 2003 წლის იანვარში, სამოყვარულო ლიგის "ბლაუ ვაისი" ჩაიბარა და გუნდმა 11 თამაშში დაგროვილი 20 ქულით გასავარდნ ზონას თავი დააღწია. მიუხედავად ამისა, გუნდის განვითარების პერსპექტივები ვერ დაინახა და პოსტი დატოვა. პარალელურად, ხელმძღვანელობდა ფირმას, რომელიც გერმანული ავტომობილებით ვაჭრობდა.

2007 წელს მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა თანაშემწედ მიიწვია, 2010 წლის იანვარში კი "როსტოვში" ოლეგ პროტასოვის ასისტენტი გახდა და ერთხელ გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგშიც გაიყვანა.

2014 წლის იანვარში ჩაიბარა მოლდოვის "საქსანი" და იქ 2015 წლის აპრილამდე იმუშავა. ბოლოს უკრაინაში, ტერნოპოლის გუნდთან თანამშრომლობდა. ლიუტის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად გერმანია, კიოლნთან ახლოს მდებარე ქალაქი ბერგიშ-გლადბახია მითითებული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ გავს სამომავლოს
0
რაგა გვიცჰირს აწი
ეკა
07:39 25-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული