- კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?
ბარათაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"ძვირფასო მეგობრებო, 2 დღეა ინტერნეტსივრცეში და ახლა უკვე პრესაშიც ვრცელდება ინფორმაცია ჩემი თბილისის "დინამოს" გენერალურ დირექტორად სავარაუდო დანიშვნის შესახებ. ბევრმა თქვენგანმა პირადადაც კი მომილოცა ახალი სამსახური.
დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. მთელი აგვისტო მე ჯერ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გავატარე,
ამ ხნის მანძილზე არანაირი კონტაქტი არ მქონია თბილისის "დინამოს" მფლობელ ბატონ რომან ფიფიასთან, რომელთანაც წლებია თბილი, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და არც კლუბის სხვა ოფიციალურ პირებთან მისაუბრია.
ვერ გეტყვით, საიდან გაჩნდა ამგვარი ინფორმაცია, რადგან მე არც ჩემი კოლეგებიდან შემხმიანებია ვინმე დეტალების გასარკვევად!
აქამდე ტელეფონით ვპასუხობდი დაინტერესებულთა კითხვებს, მაგრამ დღეს უკვე "ლელოშიც" დაიბეჭდა ცნობა და გადავწყვიტე საჯარო განცხადების გაკეთება.
ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო და იქნება თბილისის "დინამოს" ცხოვრებაში ჩართულობა, მაგრამ სადღეისოდ მე უკვე მეშვიდე წელია "სილკ TV"-ს მე-7 არხის გენერალურ პროდიუსერად ვმუშაობ და პარალელურად, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებ.
ასე რომ, ამ ეტაპზე ახალ სამსახურს არც ვეძებ და არც ამ საკითხზე რაიმე მოლაპარაკებაში არ ვარ ჩაბმული!", - წერს ბარათაშვილი.