სანამ უშუალოდ თამაშზე ვიტყოდეთ, ვთქვათ, რომ "გურია" ამ შეხვედრაში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გაიყვანა. გურულთა უკეთესი მომავლისთვის ამიერიდან 50 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეგ ლეშჩინსკი იზრუნებს.
ლეშჩინსკის აქამდე უკრაინულ და რუსულ გუნდებში უმუშავია. 2010 წელს ის "სევასტოპოლს" წვრთნიდა. მისი მოღვაწეობა ამ გუნდში მხოლოდ ორ თვეს გაგრძელდა. ამის შემდეგ
თვალის ერთი შევლებით ჩანს, რომ "გურია" მებრძოლი გუნდია. ეგაა, გურულები ძველი დამრიგებლის, თემურ მახარაძის ხელმძღვანელობითაც იბრძოდნენ. ახლა კი მათ, სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ქულები აუცილებლად სჭირდებათ.
მთელი მატჩის განმავლობაში ასე იყო: "ლოკომოტივი" ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, გურულები კი საკუთარ შანსებს კონტრშეტევებში ეძებდნენ. მთლიანობაში ისეთი თამაში გამოვიდა, საქართველოს ჩემპიონატში ბევრი რომ არ არის.
თავიდანვე არბიტრმა "ლოკომოტივის" გოლი გააუქმა, რომელიც გამოცდილმა შემტევმა დავით ჩაგელიშვილმა შეაგდო. ეს იყო და, მე-10 წუთზე "გურიამ" ანგარიში გახსნა. გუნდის ახალწვეულმა დავით კირკიტაძემ, ვისაც არაერთ ქართულ კლუბსა და ისრაელში უთამაშია, ფლანგზე გაილაღა და თორნიკე სტეფნიაშვილს უპასა. მოლდოვური "ზიმბრუს" ყოფილმა ნახევარმცველმა კი, ვინც ტრავმის მიღებამდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში, ძლიერად დაარტყა. "ლოკოს" გამოცდილმა კიპერმა, რევაზ თევდორაძემ ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე იმარჯვა ბრაზილიელმა დინიზმა და ანგარიში გახსნა.
სხვათა შორის, სწორედ დინიზია მიმდინარე სეზონში "გურიის" საუკეთესო მეგოლე - გურულთა მიერ გატანილი ორივე გოლი (ერთი ჩემპიონატში და ერთიც თასზე) სწორედ მასზე მოდის. სწორედ ისაა საუკეთესო "გურიაში" მოთამაშე ლეგიონერებს შორის.
მე-19 წუთზე "ლოკომოტივისთვის" უსიამოვნო ფაქტი მოხდა. დაშავდა საქართველოს ნაკრების კანდიდატი, გუნდის მარცხენა მცველი - გიორგი ფოფხაძე. ფოფხაძის ტრავმის სირთულესთან დაკავშირებით ექიმები საბოლოო ვერდიქტს დღეს გამოიტანენ.
ჟერარდ სარაგოსამ თამაში გადააწყო. ფოფხაძის ნაცვლად მინდორზე ბელგიური "გენკიდან" დაბრუნებული ლუკა ზარანდია შეუშვა, ვინც მეკარე თევდორაძესთან ერთად თამამად შეგვიძლია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად შევრაცხოთ.
"ლოკომოტივმა" ანგარიში 22-ე წუთზე გაათანაბრა. ზარანდიას გადაცემის შემდეგ კარგად გაისარჯა გეგა დიასამიძე - მკერდით ჩამოიღო ბურთი და საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა.
57-ე წუთზე "გურიას" დიდებული საგოლე შანსი ჰქონდა. სტუმართა კონტრშეტევისას კირკიტაძე უბილავამ წააქცია საჯარიმოში. 11-მეტრიანის შესრულება გიორგი ჩადუნელმა ითავა, თუმცა მეკარე თევდორაძე შესანიშნავად გაისარჯა.
ამ შეხვედრაში საბოლოო სიტყვა ზარანდიამ თქვა. ლუკამ ფლანგზე მიიღო ბურთი. ის უფრო აწოდებდა, ვიდრე კარში უტყამდა. ფაქტია, ბურთი გურულთა ცენტრალურ მცველ ბიძინა ცინცაძეს მოხვდა და ისე გავიდა რატი იმერლიშვილის კარში. გოლი ზარანდიას ჩაეთვალა და ჩვენც ასე მოვიქცეთ. მით უმეტეს, ლუკამ მართლაც შესანიშნავად ითამაშა და ძალიან გაგვახარებს, თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს პროგრესს. ეგაა, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება მაინც ავტოგოლზე დგას, თუმცა არ გვგონია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მთავარია, გოლი სწორედ ზარანდიამ "გამოძერწა".
"გურიამ" ბოლომდე იბრძოლა და "ლოკომოტივის" კართან რამდენჯერმე სიტუაციაც გაამწვავა, მაგრამ დადებით შედეგს მაინც ვერ გამორჩა.
თამაშის დასრულებას ბევრი აღარ აკლდა, როცა არბიტრმა გასახდელის გზას გაუყენა სტუმართა ბურკინაფასოელი ლეგიონერი კაბორე. "ლოკომოტივმა" კი აქტივში მეტად მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური. "თეთრი ჯგუფი"
27.08. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-გურია 2:1
გოლები: 0:1 დინიზი (10), 1:1 გ. დიასამიძე (22), 2:1 ზარანდია (70)
ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე (19. ზარანდია), ხიდეშელი, მახარაძე, გაბაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, გ. დიასამიძე, უბილავა (61. სამურკასოვი), არდაზიშვილი (73. ჩიტეიშვილი), დ. ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, ქიქავა, მზევაშვილი, გეთიაშვილი
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
გურია: იმერლიშვილი, ბ. ცინცაძე, მეგრელიშვილი, ჩადუნელი, კაბორე, ლ. ნოზაძე (85. ნ. დიასამიძე), ფელიპე (80. ჭედია), მოროზენკო, დ. კირკიტაძე, სტეფნიაშვილი (41. ჭეჭელაშვილი), დინიზი.
სათადარიგოები: ხვედელიძე, ჭეიშვილი, ზ. თევზაძე, იმნაძე
მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
გაფრთხილება: კაბორე (30), არდაზიშვილი (31), უბილავა (58), კლიმიაშვილი (61), მეგრელიშვილი (64), სამურკასოვი (73), გ. დიასამიძე (90)
გაძევება: კაბორე (88)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.
ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 5
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 3
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"