ლადო ბურდული: დიდი იმედი მაქვს, ჩემი დაბრუნება გუნდისთვის სასარგებლო იქნება

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი კი შეიმატა, მაგრამ ქვეყნის პირველობა ზედიზედ 4 მარცხით დაიწყო. მთელ რიგ შემთხვევებში "სიონის" თამაშის ხარისხი ცუდი არ არის, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ დატოვოს, რაზეც "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა გვითხრა, რომ ჯელაძე მთავარ მწვრთნელად რჩება და ისიც დასძინა, რომ თავადაც უბრუნდება სამწვრთნელო ასპარეზს.

მოგეხსენებათ, ბურდული ერთხელ უკვე იყო "სიონის" საჭესთან და მაშინ ბოლნისურმა კლუბმა საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით ითამაშა - ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

მოკლედ, ის
დროა, სიტყვა მივცეთ ლადო ბურდულს...

- რა თქმა უნდა, სტარტი ძალიან ცუდია. ყველა ფეხბურთელი, გუნდის ყველა თანამშრომელი მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს. ძალიან მოკლე ჩემპიონატია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს დრო, რომ გამოვასწოროთ ყველაფერი. მე ვპირდები "სიონის" ყველა გულშემატკივარს, ყველა ბოლნისელს, რომ გუნდი აუცილებლად შეინარჩუნებს ადგილს უმაღლეს ლიგაში.

- რამდენად დიდია არმაზ ჯელაძის ნდობის ვოტუმი?
- არმაზს ბოლომდე ვენდობით. ის გუნდში რჩება და ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ჩვენ მას სრულ ნდობას ვუცხადებთ. ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია საჭიროდ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის მოყვანა. უბრალოდ, შექმნილ სიტუაციაში, მას შემდეგ, რაც მე და არმაზმა ვისაუბრეთ, გადავწყვიტეთ, რომ დავუბრუნდე სამწვრთნელო საქმეს და ვიყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

სხვათა შორის, ეს თავად არმაზის ინიციატივა იყო. მოგეხსენებათ, უკვე მაქვს სამწვრთნელო გამოცდილება და ძალიან გავიხარებ, თუ დღეს ის "სიონს" გამოადგება. ახლა ისეთი სიტუაციაა კლუბში, რომ ბოლომდე უნდა შევიკრათ ყველა. ვესაუბრე ბოლნისელ გულშემატკივრებს და უნდა გითხრათ, რომ მათი დიდი იმედიც მაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა საშინაო თამაშში ჩვენს მოწინააღმდეგეს ნამდვილ საფეხბურთო ჯოჯოხეთს მოვუწყობთ.

- არადა, მთელ რიგ შემთხვევებში "სიონი" ცუდად არ თამაშობს...
- უნდა დაგეთანხმოთ. თუნდაც გორში გამართული ბოლო შეხვედრა ავიღოთ. ჩემი აზრით, სულ მცირე, ფრეს ვიმსახურებდით. იყო მსაჯის პატარა შეცდომები, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა - შეგნებული. ადამიანები ვართ, ყველანი ვცდებით...

და მაინც, მთავარი შედეგია. მე მჯერა, რომ "სიონის" აღმავლობა დაიწყება "ზუგდიდთან" შეხვედრაში.

- გუნდში რაიმე ცვლილებები ხომ არ არის?
- გადავწყვიტეთ, კონტრაქტი შევუწყვიტოთ მეკარე ალექსანდრ ილუშჩენკოვს. ასევე გავწყვიტეთ ხელშეკრულება ლაშა შინდაგორიძესთან.

- რა თქმა უნდა, გაძლიერება დაგჭირდებათ...
- აუცილებლად დაგვჭირდება და დავიმატებთ კიდეც ახალ ფეხბურთელებს უახლოეს მომავალში, მათ შორის - ლეგიონერსაც. მას სერიოზული "სივი" აქვს. დავიმატებთ ორ მეკარესაც.

- თქვენ უკვე მოსინჯეთ ძალა სამწვრთნელო ასპარეზზე. რა განსხვავებაა მაშინდელ და ახლანდელ ბურდულ-მწვრთნელს შორის?
- ალბათ, მთავარი არის ის, რომ მეტად გამოცდილი გავხდი. ფეხბურთშიც ასეა და ცხოვრებაშიც - ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. ასაკი გვემატება, ვფიქრობთ, სად და როდის დავუშვით შეცდომები, რა და როგორ უნდა გამოვასწოროთ... მართალია, ბოლო დროს "სიონის" დირექტორის პოსტზე ვმუშაობ, მაგრამ ყველა დამერწმუნება, რომ მივლინებას თუ არ ჩავთვლით, გუნდის ერთი ვარჯიშიც კი არ გამიცდენია. მაქსიმალურად ახლოს ვიყავი და ვარ ფეხბურთელებთან, მათი ჭირითა და ლხინით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ.

ერთიც უნდა ვთქვა - მას შემდეგ, რაც დირექტორად გადავინაცვლე, არასოდეს ჩავრეულვარ "სიონის" არცერთი მწვრთნელის საქმეში...

- ალბათ, ზედმეტი ემოციებიც საბოლოოდაა უკან მოტოვებული...
- გეხსომებათ, ამის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დავისაჯე. მაშინ საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, რომ მსაჯის კომპეტენციაში არასოდეს ჩავერეოდი. მაქსიმუმ, შეიძლება იყოს სუფთა პროფესიული მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მეტი არაფერი. რა უნდა მოხდეს, ეს პირობა რომ დავარღვიო?!. მოკლედ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი დაბრუნება სამწვრთნელო ასპარეზზე წარმატებული იქნება "სიონისთვის".

კიდევ ერთხელ ვიტყვი: ახლა ის დროა, რომ ყველა ერთ მუშტად შევიკრათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამდენ რამეს თუ აკეთებს ეს ადამიანი, ძეგლი უნდა დაუდგან ბოლნისში ) .

ისე, მისცენ ეს კლუბი საკუთრებაში, მასზე უკეთესად ვერავინ მიხედავს .
დილა გორი-s
01:39 05-09-2016
0
ვა კაია მერე ეგ. ეს კაცი ყოველთვის საქმეს აკეთებს. სიონისთვის იმენა გადამკვდარია. მიდი ლადო მიხედე საქმეს ამ გუნდს გავარდნა არ ეკადრება და ჩვენ ფანებს გვჯერა რომ გადაარჩენ ამ სირცხვილს სონს. წარმატებები ბურდულს და ყველა სიონის ფეხბურთელს მოიხოდეთ ბიჭებოოოოოოოოოოო.
გიგა
19:40 04-09-2016
0

სიახლეები პოპულარული