ჩიხურა-გურია 1:2 - ლიდერობა ვერ შეირგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მისთვის, ცოტა არ იყოს, მიუჩვეველი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერის რანგში "ჩიხურამ" ვერ გაითვალისწინა, რომ გურულებს სენსაციები უყვართ - მუმლაძის, ჩიკვაიძისა და ჰამზიჩის არყოფნაში ვერ მოახერხა შესაფერისი სიფრთხილის გამოჩენა და დაისაჯა კიდეც.

ლიდერი პირწმინდად დაჩაგრა "გურიამ" თანამედროვე ფეხბურთში წარმატების უმთავრეს კომპონენტში - გუნდურ თამაშში. ამ პრინციპის ბოლომდე ერთგულს ყველაფერი მშვენივრად გამოსდიოდა: დასწრებაზე თამაში, მაღალი ბურთების მოგერიება, ურთიერთდაზღვევა, უეცარი გადაადგილებები, შეტევები ცენტრიდან და ფლანგებიდან...

აჯობა სისწრაფეშიც და ამიტომაც გასაკვირი არ იყო, თუ მეკარე იმერლიშვილს ძალიან ცოტა საქმე ჰქონდა და უმეტეს შემთხვევაში სამივე მხრიდან
კარის ძელების მიღმა მქროლავი ბურთებისთვის თვალის მიდევნებით ერთობოდა.

უამრავი ასეთი მომენტი განიავდა, როცა ივანიშვილის (სამჯერ), ლობჟანიძის, დეკანოიძის, რეხვიაშვილისა და სხვათა დარტყმებიდან ვერც ერთი ვერ მოხვდა ჩარჩოში. ერთხელაც, 28-ე წუთზე, პენალტის დასანიშნად მსაჯის წყალობას ელოდნენ, მაგრამ ამაოდ.

საკმაოდ თვალში საცემი იყო უზუსტობაც პასებში. ლობჟანიძის ერთადერთი გოლიც ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო და არა - კოლექტიური მოქმედების. და მაინც, საჩხერელთაგან პირველ ტაიმში ლობჟანიძე გამოირჩეოდა აქტიურობით. მეორე ნახევარში კი ისიც შეუთანხმებელი თამაშის მორევში ჩაიძირა.

გურულთაგან რომელიმე მათგანის გამორჩევა ძნელია, თუმცა გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი, კირკიტაძესთან ერთად, ლეგიონერებმაც შეიტანეს. მაგალითად, მე-13 წუთზე მოროზენკომ პენალტი გამოიმუშავა, მურაშოვმა კი გოლად აქცია. მანვე გაიფორმა დუბლი 34-ე წუთზე, რაშიც მეკარე სეფიაშვილიც "წაეხმარა", როცა არცთუ ისე ძლიერად დარტყმულ შორეულ ჯარიმაზე ნახტომი დააგვიანა.

კომპენსირებული დროის დამთავრებისას მესამე გოლიც უნდა მოჰყოლოდა შეცვლაზე შესული კიდევ ერთი ლეგიონერის, პატერსონ კაბორეს აქტიურობას. მაგრამ რა მისი ბრალია, თუ დაუცველი კარის წინ "ხონჩით მირთმეულ" დიდებულ პასზე თანაგუნდელმა ხელი "უკრა".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური. თეთრი ჯგუფი
17.09. ივანწმინდა
ჩიხურა-გურია 1:2
გოლები: 0:1 მურაშოვი (13), 0:2 მურაშოვი (34), 1:2 ს. ლობჟანიძე (84)
ჩიხურა: სეფიაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, განუგრავა, ლექვთაძე (68. ტატანაშვილი), დეკანოიძე (52. გაბედავა), დობროვოლსკი (46. გვალია), ს. ლობჟანიძე, კორიფაძე, ივანიშვილი.
სათადარიგოები: ჰამზიჩი, სარდალიშვილი, კაკუბავა, გორგიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი (75. პატერსონი), ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, ჭეჭელაშვილი, კირკიტაძე (90. თევზაძე), ჭედია, მურაშოვი, დინიზი (45. იმნაძე).
სათადარიგოები: ხვედელიძე, გელაშვილი, დიასამიძე, ფილიპე
მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
გაფრთხილება: რეხვიაშვილი (13), კორიფაძე (32), მურაშოვი (35), მოროზენკო (47), მეგრელიშვილი (54), გაბედავა (78), იმნაძე (86)
არბიტრი: დ. სანოძე.

მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
25 სექტემბერი
ცხინვალი-ჩიხურა
შუქურა-ლოკომოტივი
დინამო (თბ)-ტორპედო
გურია ისვენებს

წითელი ჯგუფი
24 სექტემბერი
საბურთალო-დინამო (ბთ)

25 სექტემბერი
სამტრედია-ზუგდიდი
კოლხეთი-დილა
სიონი ისვენებს

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მალადეს გურია რომ მოუგე საჯხერეს გურია საგორ ბიჯებო
paata gogichaishvili
02:17 20-09-2016
0
gurias rom aqvs migweuli sajxere ver miaxwevs guria tradiciuri gundia cma guria
paata gogichaishvili
02:15 20-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული