უმაღლესი ლიგის VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
VII ტურის მატჩებით გარდამავალი ჩემპიონატის I წრე დამთავრდა. წინდაწინ უნდა ითქვას: მოლოდინისამებრ, ორივე ჯგუფში მატჩების უმრავლესობა დაძაბულად მიმდინარეობდა და სატურნირო ინტრიგაც სეზონის დაწყებიდან დღემდე მატულობს.

ამას გარდა, იყო მოულოდნელობებიც და რაღა შორს წავიდეთ: მოქმედმა ჩემპიონმა და საერთოდაც, ბოლო წლების მართლაც მარადიულმა ფავორიტმა თბილისის "დინამომ" პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა!

სხვათა შორის, მძიმე მატჩები "დინამოს" სეზონის ბოლომდე მხოლოდ ჩემპიონატში არ ელოდება: საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალში "ლოკომოტივთან" ელოდება ურთულესი დაპირისპირება.

თუმცა, სჯობს პრველი წრის ბოლო ტურს დავუბრუნდეთ და ამ
ტურის გამორჩეული ფაქტები და მოვლენები გავიხსენოთ...

კლებადი პროგრესია და ანტირეკორდის გამეორება
გარდამავალი ჩემპიონატის პირველ ტურში მხოლოდ 6 გოლი (ექვს მატჩში) რომ გავიდა, იმ დროისათვის არსებულ ჰაერის მაღალ ტემპერატურას (აგვისტოს დასაწყისი იყო), სასტარტო მღელვარებას, ფეხბურთელების შეუთამაშებლობასა თუ კიდევ სხვა ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს დავაბრალეთ.

საბედნიეროდ, მერე და მერე, სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვალა და მომდევნო ორ ტურში მართლაც მშვენიერი შედეგიანობის მაჩვენებელი გვქონდა: ერთ მატჩში, საშუალოდ, სამი გოლი გადიოდა! ამის შემდეგ, ეს მაჩვენებელი ნელ-ნელა იკლებდა, მაგრამ ახლა, პირველი წრის ბოლო ტურში ამ სეზონის ანტირეკორდი გამეორდა: პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც 6 გოლი გავიდა ექვს მატჩში.

სეზონის დასაწყისში ჰაერის მაღალი ტემპერატურა იყო, ამ შაბათ-კვირას შემოდგომის პირველი თვისათვის უჩვეულოდ "გრილი" ამინდი იყო, ნეტავ, მერე რაღა იქნება, ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, როცა გარდამავალი ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები და პლეი ოფები გაიმართება...

უცვლელი ნულები და გარკვეული დასკვნები
პირველი წრის ბოლო ტურის წინ მხოლოდ სამი გუნდი იყო წაუგებლად რომ ასპარეზობდა და სიტუაცია არც ახლა შეცვლილა; თუმცა, ამ სამი გუნდიდან ორი, სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა: ბათუმის "დინამო" - მეორე ადგილზე, თბილისის "დინამო"კი - მესამეზე!

კვლავაც ნული უწერიათ ფრეების გრაფაში "დილას", "კოლხეთს" და "ზუგდიდს", ხოლო "შუქურა" უმაღლეს ლიგაში კვლავაც ერთადერთ გუნდად რჩება, თამაში რომ არ მოუგია.

ციფრებს (და კონკრეტულად - ნულებს) თავი დავანებოთ და სატურნირო ცხრილის გარკვეულ კანონზომიერებაზეც ვთქვათ. "თეთრ ჯგუფში" არავის უნდა გაუკვირდეს "ჩიხურას" ლიდერობაც და "ლოკომოტივის" დამაჯერებელი ასპარეზობაც, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით თბილისის "დინამოს" ბოლოდროინდელ გამოსვლაზე. თავად განსაჯეთ: იურაი იარაბეკის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი ითამაშა ფრედ, თანაც, მომდევნო ტურში ჯგუფის ლიდერ "ჩიხურას" ხვდება!..

ამ ჯგუფში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება და ამის თქმის საფუძველი "ტორპედოს" აშკარა გამოცოცხლებაა: ახალი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ, ქუთაისელთა გუნდმა ბოლო ორ თამაშში 4 ქულა მოაგროვა და "გადამრჩენელ" მეოთხე ადგილსაც მიუახლოვდა. "ცხინვალი", "შუქურა", "გურია" - ამ სამ გუნდს საკმაოდ "მძიმე" მეორე წრე ელოდება და ამათგან ერთ-ერთს კი "პირდაპირი გავარდნა" ემუქრება.

"წითელ ჯგუფში" კვლავაც შეუჩერებელია და კვლავაც დაუმარცხებელია "სამტრედია": გია ცეცაძის გუნდი უკვე არაერთხელ მოვიხსენიეთ, როგორც ერთ-ერთი ფავორიტი (არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ, საერთოდ, ჩემპიონატის) და "სამტრედიაც" ტურიდან ტურამდე ამართლებს ამ სტატუსს.

ამ ტურში არ ჰქონდა იოლი მატჩი "სამტრედიას", მაგრამ მაინც მოიგო ერთადერთი გოლით, თანაც, როგორი გოლით - 24 წლის ლაშა შერგელაშვილმა უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ საქართველოს ჩემპიონატში დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა "სტანდარტულების" შესრულებაში!

კვლავაც დაუმარცხებლად გამოდის ბათუმის "დინამო" და ლევან ხომერიკის გუნდს ასევე რეალურად ხელეწიფება ამ ჯგუფში პირველ სამეულში მოხვედრა. ისე, "თეთრი ჯგუფისაგან" განსხვავებით, "წითელ ჯგუფში" უფრო სერიოზულ კონკურენციას უნდა ველოდოთ მესამე-მეოთხე ადგილებისთვის.

"დილა" ტურიდან ტურამდე ძლიერდება ახალწვეულებით, "კოლხეთს" ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ტოლს-წორად თამაში, "საბურთალოს" უცხოელი ახალწვეულებიც, როცა იქნება, შეთამაშდებიან თანაგუნდელებთან და "სიონიც" არ უნდა "ჩამოვწეროთ", იმისდა მიუხედავად, რომ ბოლნისური გუნდი დღესდღეობით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

აი, უკრაინელი ლეგიონერებით გადაძეძგილ "ზუგდიდს" კი სერიოზული ძალისხმევა მოუწევს, უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს.

მეკარეები
ზემოთ, ამ ტურის დაბალ შედეგიანობაზე რომ გავამახვილეთ ყურადღება, კონკრეტული ამპლუის ფეხბურთელთა გარჯაც უნდა აგვეღნიშნა და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, მეკარეებს ვგულისხმობთ.

საერთოდაც, ამ გარდამავალ ჩემპიონატში, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა გუნდს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მეკარეები ჰყავს და ამიტომაც არის, როცა "ლელოს" ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" საუკეთესო მეკარის შერჩევა გვიჭირს-ხოლმე. ასე მოხდა ამჯერადაც, რამეთუ ერთდროულად რამდენიმე მეკარემ ჩაატარა შთამბეჭდავი მატჩი და აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ.

გამორჩეულ სეზონს ატარებს "ლოკომოტივის" მეკარე რევაზ თევდორაძე, რომლის დიდი დამსახურებაც არის ამ გუნდის წარმატებული ასპარეზობა; ზედიზედ მეორე "მშრალი" მატჩი ჩაატარა ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებულმა ვეტერანმა გიორგი ლომაიამ (თბილისის "დინამო").

უშეცდომოდ და დამაჯერებლად ითამაშა თბილისის "დინამოსთან" უპრინციპულესი დაპირისპირება "ტორპედოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძემ.

იმავეს თქმა შეიძლება "სამტრედიას" გამოცდილ მეკარეზე, ომარ გიგინეიშვილზე და ლეგიონერ მეკარეებზეც - ანატოლი ტიმოფეევსა (ბათუმის "დინამო") და სერგეი ლიტოვჩენკოზე ("ზუგდიდი").

თუმცა, ამ ტურში საუკეთესო მეკარედ მიხეილ მუჯრიშვილი მივიჩნიეთ - "დილას" 32 წლის კარის დარაჯმა რამდენიმე ეპიზოდშიც გადაარჩინა თავისი გუნდი აშკარა ხიფათს, ხოლო სულ ბოლოს (როცა ძირითადი და არბიტრის მიერ დამატებული დრო ამოწურული იყო), "კოლხეთის" კაპიტან ომარ გოგონაიას პენალტიც აუღო.

ახალი ლეგიონერები
ტენდენცია გრძელდება და, ფაქტობრივად, ყოველ ტურში ახალ-ახალ ლეგიონერებს აქვთ დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში.

ასე მოხდა ახლაც: "ზუგდიდის" ლეგიონერთა უკრაინულ "დიასპორას" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა და 23 წლის მცველი რუდოლფ სუხომლიანოვი ამიერიდან ჩვენ ჩემპიონატში იასპარეზებს, ისე როგორც "შუქურას" ბრაზილიელი ახალწვეული ჯეფინიო და "დილას" ახალწვეული კნოფი დან კოვა (ნიგერი).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ნიგერიდან ჩამოსულ ფეხბურთელს ჯერ არ უთამაშია, თანაც კოვას მართლაც იღბლიანი დებიუტი გამოუვიდა: პირველსავე მატჩში გოლი გაიტანა და ამ გოლით "დილამ" სტუმრად უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა!

სადებიუტო და სავეტერანო...
გასულ ტურში მართლაც თითზე ჩამოსათვლელი გოლები გავიდა და ერთ-ერთი, სულაც სადებიუტო გამოდგა: "ლოკომოტივის" 21 წლის გარემარბმა ლუკა კიკაბიძემ პირველად გამოიჩინა თავი უმაღლეს ლიგაში (თანაც, შეცვლაზე შემოსულმა).

ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა გამოცდილმა საყრდენმა თორნიკე გორგიაშვილმა ("ჩიხურა:").

დაბოლოს, ორ ვეტერან ცენტრფორვარდზეც: 32 წლის დიმიტრი ტატანაშვილი ("ჩიხურა") და 31 წლის ჯაბა დვალი ("ცხინვალი") თავიანთ ბომბარდირულ თვისებებს კვლავაც ჩვეულად ავლენენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
dato

დაგვატყდა უკვე თვალები ამ ლათინური ასოებით,ამ საიტს მაინც აქვს ეს ფუნქცია, ჩართე ის დედანაჩგაღლეტილი ფუნქცია "ქართულად" რომ აწერია,და დავინახავთ ქართულად დაწერილს,რამ შეგაზიზღა მშობლიური ასოები ჯიგარო ასე?ხალხს ხომ უნდა გვცე პატივი არა?


ადმინ ყველა ლათინურასოვანი კომენტარი დაბლოლკე აწი, გინდა ჩემი იყოს ესა და გინდ პრეზიდენტის.
დროა უკვე ისწავლონ ქართულად წერა.
jango
17:36 27-09-2016
0
samtredias waageba ar aqvs saertod da ertxel mainc ar ekutvnoda samtrediis wtvnels simbolurii///.... cecadze nutu girsi ar ari ertxel main ro moxvdes simbolurshiii...
dato
14:56 27-09-2016
0

სიახლეები პოპულარული