უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: ლიდერთა ჯახი "წითელ ჯგუფში"

AutoSharing Option
დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VIII ტურის მატჩები "წითელ ჯგუფში"
გაიმართება.

ამ ტურში ისვენებს გორის "დილა".

წითელი ჯგუფი
02.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:00
საბურთალო-სიონი
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 4-4
პირველი წრე 2:1

სეზონის დაწყების წინ "საბურთალოს" ამ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნევდით, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ეს გუნდი ჯერჯერობით არასტაბილურად ასპარეზობს.

ჩვენც ვეთანხმებით "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ პაბლო ფრანკო მარტინს, რომლის აზრითაც, გუნდის ახალწვეულ ლეგიონერებს გარკვეული დრო სჭირდებოდათ ახალ გარემოსთან ადაპტაციისათვის. თორემ, "საბურთალოს" რომ მაღალი მიზნებისთვის
საკმარისი პოტენციალი გააჩნია, ამას არავინ უარყოფს, ისე როგორც "სიონს" შეუძლია რეალურად, უფრო ზემოთაც რომ იყოს სატურნირო ცხრილში.

თუმცა, ბოლნისელებმა სექტემბრის თვეში სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გამოასწორეს: არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის "დუეტის" ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონმა" ორი მატჩი გამართა და 4 ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის არსებული ურთიერთშეხვედრებში (ისტორია მხოლოდ ერთ წელიწადს რომ ითვლის) აბსოლუტური თანაფარდობაა. თუმცა, წინა სამივე მატჩი უშეღავათოდ და საინტერესოდ წარიმართა და ასეთივე "შინაარსის" დაპირისპირების მოლოდინი გვაქვს კვირასაც...

02.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
კოლხეთი-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
15: +6 =4 -5, 14-15
პირველი წრე 1:0

"მეგრული დერბი", როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დიდ ინტერესს იწვევს; მით უფრო, რომ "კოლხეთს" აღარ ექნება ის უპირატესობა, რასაც მასპინძლის "სტატუსი" ჰქვია: "ზუგდიდთან" მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, ქობულეთში უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება სატურნირო სიტუაციას, სექტემბერში "კოლხეთმა" ორი მატჩი გამართა და ორივე წააგო, მაგრამ გელა სანაიას გუნდი ჯერჯერობით მაინც "სამშვიდობო ზონაში" იმყოფება; აი, "ზუგდიდი" კი კვლავაც ბოლო ადგილზეა ამ ჯგუფში, მაგრამ გუნდის მდგომარეობას უიმედო ნამდვილად არ ეთქმის.

ისე, ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო მატჩები მუდამ საინტერესო "სცენარით" მიმდინარეობს ხოლმე: თამაშის "შემობრუნებით" (როგორც წინა სეზონის მიწურულს იყო და რომელშიც გამარჯვების მერეც "ზუგდიდმა" უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა), გატანილი თუ ვერგატანილი პენალტებით და ასე შემდეგ...

...ამ "მეგრულ დერბიში" ცალკე საუბრის თემაა ლეგიონერთა დაპირისპირებაც: "კოლხეთში" სამი უკრაინელი ფეხბურთელი თამაშობს, "ზუგდიდში" კი - ხუთი (პლუს, უკრაინის მოქალაქე - ბადრი აქუბარდია)! ამას გარდა, "ზუგდიდის" მწვრთნელიც ხომ უკრაინელია (ვლადიმირ ლიუტი)...

02.10. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:30
სამტრედია-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
26: +9 =4 -13, 33-44
პირველი წრე 1:1

მეორე წრის პირველი ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი, სადაც ერთმანეთს "წითელი ჯგუფის" ლიდერები ხვდებიან, თანაც, "სამტრედიას" და ბათუმის "დინამოს" ჩემპიონატში ჯერ თამაში არ წაუგიათ.

"სამტრედიამ" სექტემბრის თვე მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა: გია ცეცაძის გუნდმა ჩემპიონატშიც სამივე მატჩი მოიგო და თასის მერვედფინალშიც გაიმარჯვა; აი, ბათუმის "დინამოს" კი, ცოტა არ იყოს, "უცნაური" სექტემბერი ჰქონდა: ლევან ხომერიკის გუნდმა ორი მატჩი გამართა და ორივე 0:0 დაამთავრა.

სწორედ ამის გამოც მოხდა, რომ აგვისტოს თვის საუკეთესო გუნდმა ამ თვეში ლიდერობა "სამტრედიას" გადაულოცა, თუმცა, ბათუმის "დინამო" კვლავაც მყარად ინარჩუნებს მეორე ადგილს.

პირველ წრეში გამართულ მატჩს რაც შეეხება, ის დაპირისპირება ფრედ (1:1) დარულდა და გოლები ორივე გუნდის ლიდერებმა - თეიმურაზ შონიამ (ბათუმის "დინამო") და ბუდუ ზივზივაძემ ("სამტრედია") გაიტანეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დთეს უმაღლეს ლიგაში დაუმარცხებელი მხოლოდ 1 კლუბი დარჩება და ეს იქნება სამტრედია.
Jango
13:12 02-10-2016
0
საბურთალოს ნაირი გუნდები ანვითარებს ქართულ ფეხბურთს მარტო ტარიელი ესწრება თამაშებს,მოხვალ საბურთალო გარაჟში ბურჯანაძეზე და იქ დაგანახებთ რა პოტენციალი გაგაჩნიათ შენ მაღალი კლასისი ესპანელთან,დაგელოდებით დიდი სიყვარულით.
გორი
09:55 02-10-2016
0

სიახლეები პოპულარული