უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
გარდამავალ ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. პირველის მსგავსად, უმაღლესი ლიგის გუნდებმა მეორე წრეშიც 6-6 მატჩი უნდა ჩაატარონ და დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ, ფაქტობრივად, ყველა ტურს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

აი, როგორც მეორე წრის პირველი ტური იყო, როცა, ორივე ჯგუფის, ფაქტობრივად, ყველა დაპირისპირებას ამ ტურის წინათქმაში "ექვსქულიანი მატჩი" ვუწოდეთ. ასეც იყო: იმის მიუხედავად, რომ გარდამავალი ჩემპიონატის (უფრო ზუსტად, პლეი ოფების) დასრულებამდე 5 ტური დარჩა, გასულ უქმეებზე გამართული მატჩების მერე გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეიძლება.

ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ არ არის გამორიცხული,
საჩემპიონო პლეი ოფში იმერული გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: "სამტრედია" და "ჩიხურა"!..

არამშვიდობიანი ფრეები
"წითელ ჯგუფში" სამივე ისეთი მატჩი იყო, ვერც გამოარჩევდით, რომელს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ჯგუფის ლიდერების დაპირისპირება გველოდა: "სამტრედია" თუ მოიგებდა ამ შეხვედრას, ბათუმის "დინამოს" 3 ქულითაც ჩამოიცილებდა და ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობას მოიპოვებდა, ხოლო თუ ბათუმის "დინამო" შეძლებდა და გია ცეცაძის გუნდს სტუმრად აჯობებდა, სანაკრებო პაუზას ჯგუფის ლიდერის რანგში შეხვდებოდა.

საბოლოოდ კი ფრედ დასრულდა ჯგუფის ლიდერთა დაპირისპირება და ამ შედეგიდან გამომდინარე, პირველობისათვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პრინციპული მატჩი "საბურთალოსა" და "სიონს" შორის, რომელიც, მოლოდინისამებრ, უშეღავათოდ და უკომპრომისოდ წარიმართა. ამ წყვილში ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებდით და თამაშის "შინაარსიც" ამის დასტური იყო.

საბოლოოდ კი, ზედა წყვილის მსგავსად, აქაც აშკარად "არამშვიდობიანი" ფრე დაფიქსირდა, რის შედეგადაც "სიონმა" წაუგებელი მატჩების სერია სამამდე გაზარდა, ხოლო "საბურთალომ" კი ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა და კვლავაც ვერ მოახერხა პლეი ოფის ზონაში შეღწევა.

სამაგიეროდ, "კოლხეთმა" იყოჩაღა და არა მხოლოდ პრინციპული, არამედ სატურნირო მნიშვნელობიდანაც გამომდინარე, უმნიშვნელოვანეს "მეგრულ დერბიში" გაიმარჯვა! ამ მოგებით გელა სანაიას გუნდი სანაკრებო პაუზას მართლაც რომ კომფორტულ, მეოთხე ადგილზე ხვდება. სამაგიეროდ, "ზუგდიდის" ზედიზედ მეორე წაგებამ ეს გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო და იმისათვის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს, შინ თუ გარეთ, თითქმის ყველა მატჩის მოგება მოუწევს...

აბა, აქ იყო, თუ იყო...
"ექვსქულიანი მატჩების" თემა "თეთრ ჯგუფში" იყო აქტუალური, თუ იყო - სამივე დაპირისპირებას უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა და "წითელი ჯგუფის" მსგავსად, ფინიშისკენ აქაც დიდი ამბებია მოსალოდნელი. მოდი, ჯერ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებზე ვისაუბროთ.

ვაკეში რომ "დიდი შემობრუნება" ვნახეთ, გუშინაც ვწერდით და მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ კახა კაჭარავას დამოძღვრილ "ცხინვალს" გადარჩენის უფრო კარგი შანსი აქვს, რამეთუ უშუალო კონკურენტებს ("შუქურა", "ტორპედო") შინ ეთამაშება.

"ცხინვალის" მსგავსად, ასევე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა "შუქურამაც" და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო ქობულეთელთა გუნდის, საერთოდაც, პირველი გამარჯვება გარდამავალ ჩემპიონატში.

სხვათა შორის, "ტორპედოსთან" ამ მართლაც "რამდენიმექულიან" დაპირისპირებაში "შუქურას" დროებითი მწვრთნელი, ავთანდილ ნამგალაძე ხელმძღვანელობდა, აი, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი ქობულეთელთა გუნდს, ძალიან დიდი ალბათობით, გია გურული ჩაიბარებს, რომელიც უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე უბრუნდება და თავის ახალ გუნდს ამ ჯგუფის უკვე გამოკვეთილ ფავორიტთან, "ჩიხურასთან" მატჩში გაიყვანს სათამაშოდ.

ნავსი გატყდა!
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, რამდენიც გნებავთ, იმდენი გუნდია, რომლებთანაც ურთიერთშეხვედრებში თბილისის "დინამოს" აშკარაზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი უპირატესობა გააჩნია. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა არცთუ შორეულ წარსულში "ჩიხურაც" - მხოლოდ 2014 წელს რომ შეძლო ჩემპიონატის მატჩში ტიტულიანი მეტოქის პირველად დამარცხება.

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა: საჩხერელთა გუნდის გამოცდილი და მართლაც "მარადიული" მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამ", ეტყობა, მიაგნო "დინამოსთან" არწაგების ფორმულას - ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო სამი მატჩიდან საჩხერელებმა 2 მოიგეს და ერთი ფრედ დაამთავრეს.

თანაც, სწორედ ახლა მოხდა პირველად, როცა "ჩიხურამ" სტუმრად მოუგო ერთ დროს უხერხულ და აშკარად არასასურველ მეტოქედ მიჩნეულ "დინამოს". თანაც, მოუგო სრულიად დამსახურებულად და მასპინძლები თავიანთ გამოცდილ მეკარეს, გიორგი ლომაიას უნდა უმადლოდნენ, უფრო დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდნენ.

არადა, მეორე წრის პირველი ტურის ამ ცენტრალურ მატჩს "ჩიხურა" უსერიოზულესი საკადრო პრობლემებით შეხვდა და სათადარიგოთა სკამზეც შვიდის ნაცვლად ექვსი ფეხბურთელი იჯდა! "დინამოსთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ ლაშა ჩიკვაიძეს, თორნიკე მუმლაძესა და, რაც მთავარია, ამ სეზონის უდავოდ ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, საბა ლობჟანიძეს, რომელიც სწორედ ... "დინამოდან" არის განათხოვრებული "ჩიხურაში"...

ამ მოგებით "ჩიხურამ" 6 ქულით ჩამოიტოვა ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის სტატუსის მქონე "დინამო" და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი უკვე 4 ტურია, მოგებას ვერ ახერხებს...

დვალის სამიზნე
ამ ტურში ორმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება და სწორედ მათი გოლებით შეძლეს "ცხინვალმა" და "შუქურამ" უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვება. 31 წლის ჯაბა დვალი ამ ტურში გატანილი 2 გოლით სულაც საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და, წესითა და რიგით, ამ სეზონში მისი მეორე დუბლიც არავის უნდა გაჰკვირვებოდა.

თუმცა, იმის გარდა, რომ ჯაბა დვალის გოლები "ცხინვალის" სატურნირო მდგომარეობაზეც აშკარად პოზიტიურად ისახება, სხვა ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი - კერძოდ, ის, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ 7 ფეხბურთელია, ორჯერ რომ გამხდარა საუკეთესო ბომბარდირი: ოთარ კორღალიძე, მერაბ მეგრელაძე, ზურაბ იონანიძე, სულიკო დავითაშვილი, ნიკა გელაშვილი, ჩისკო და ჯაბა დვალი.

ანუ ამათგან მხოლოდ ნიკა გელაშვილსა და ჯაბა დვალს შეუძლიათ, რომ მესამედ მოიპოვონ საუკეთესო ბომბარდირის წოდება, ოღონდ "დილას" ახალწვეულ ნიკა გელაშვილს ამ გარდამავალ ჩემპიონატში ჯერ გოლი არ გაუტანია, დვალი კი დღესდღეობით ნომერ პირველი კანდიდატია საუკეთესო ბომბარდირობაზე, ისე, როგორც მისი ახალი კოლეგა, 22 წლის ბუდუ ზივზივაძე, რომლის გოლითაც "სამტრედიამ" კვლავ განაგრძო წაუგებლად ასპარეზობა.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი გუნდია დაუმარცხებელი: ლევან ხომერიკის დამოძღვრილი ბათუმის "დინამო" ევროტურნირების საგზურისათვის იბრძვის და ბოლო ტურში "სამტრედიასთან" მნიშვნელოვან მატჩში ფრედ ითამაშა.

ბათუმელთაგან ის ერთადერთი გოლი კი 18 წლის ნიკა კვანტალიანმა გაიტანა, რომელმაც უკვე მესამედ გამოიჩინა თავი ამ ჩემპიონატში.

სხვა ფაქტები
ჯაბა დვალის ბომბარდირული თვისებები ვახსენეთ და კიდევ ერთ ფეხბურთელზეც უნდა ვთქვათ: "შუქურას" 27 წლის ნახევარმცველ ლევან კუტალიას უმაღლეს ლიგაში 4 წელიწადი არ ჰქონდა დუბლი შესრულებული და აი, მისმა წყვილმა გოლმა ქობულეთელთა გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ახლა კი ის ფეხბურთელები უნდა ვახსენოთ, ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლები რომ გაიტანეს: 26 წლის გიორგი ივანიშვილი, 25 წლის ირაკლი ლექვთაძე (ორივე - "ჩიხურა"), 20 წლის ლაშა ჯღამაია ("კოლხეთი"). ფოთელთა გუნდის უკრაინელმა ლეგიონერმა, 24 წლის იგორ ოზარკივმა კი სულაც სადებიუტო გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.

დაბოლოს, ორ ფორვარდზეც, ახალგაზრდასა და გამოცდილზე: მიმდინარე ჩემპიონატში "სიონის" შემადგენლობაში საუკეთესო ბომბარდირი 21 წლის დავით ვოლკოვი გახლავთ, რომელიც, საბა ლობჟანიძის მსგავსად, ასევე... თბილისის "დინამოდან" არის განათხოვრებული.

ანუ ისეთი სიტუაციაა, რომ ლობჟანიძემ და ვოლკოვმა ამ ჩემპიონატში მეტოქეთა კარში, ჯამში, 9 გოლი გაიტანეს, ზუსტად იმდენი, რამდენიც, საერთოდ, "დინამომ" გაიტანა მიმდინარე გათამაშებაში. თუმცა, "დინამოს" ბოლო წარუმატებლობაში ყველაზე ნაკლები პრეტენზია ვეტერანების მიმართ უნდა ყოფილიყო გამოთქმული: გიორგი ლომაიაზე ზემოთ უკვე ვთქვით და ლადო დვალიშვილიც უნდა ვახსენოთ, რადგან 30 წლის ფორვარდმა საქართველოს ჩემპიონატში თითქმის 9-წლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
"თეთრი ჯგუფი"
დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2
ცხინვალი-გურია 2:1
შუქურა-ტორპედო 2:1
ლოკომოტივი ისვენებდა

"წითელი ჯგუფი"
სამტრედია-დინამო (ბთ) 1:1
საბურთალო-სიონი 1:1
კოლხეთი-ზუგდიდი 2:0
დილა ისვენებდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Guadua-ს
15:18 04-10-2016
ჯგუფებში კენტი გუნდების გამო , ყოველ ტურში თითო გუნდი ისვენებს, შესაბამისად 1 წრეში 7 ტურში გამოუვიდა გუნდებს 6-6 თამაში, მე-8 ტურის მერე ზოგს 7 თამაში აქვთ, ზოგს (2გუნდი) 6-6----------ამ საოცრების დამწერს :)


არადამაჯერებელი ახსნაა
1 წრეში 6 ტურია, მეორეში ექვსი, ჯამში თორმეტი
1-2 ოქოტომებრს ვითამაშეთ მეორე წრის 1 ლი ტურის მატჩები ანუ მეშვიდე ფაქტიური ტური და ყველას აქვს 7 ნათამაშები გარდა ორისა, ვინც ისვენებდა სისტემის სიმახინჯის გამო, მაგრამ ისინი ითამაშებენ "დასვენებული ტურის მატჩს" და არა წინსრებითი ოდენობით ტურის მატჩს.
ასე რომ 15-ში იქნება რეალური მერვე ტურის მატჩები, რომლსი დროსაც მეშვიდე ტურის არშემდგარი მატცებიც იქნება იმათთვის ვინც ისვენებდა და 2 გუნდიდან ერთ ითამაშებს მეშვიდე ტურის მატჩს და 1 მერვე ტურისას :)
Guadua
14:42 07-10-2016
0
ნამუსი არა რის ლიახვი-სამგურალი ნახეთ და რუსთავს და მერანს აკლებთ ქულებს
roma
15:58 04-10-2016
0

სიახლეები პოპულარული