ავი ციონი: ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა "დილას" პრობლემები აღმოვფხვრათ

AutoSharing Option
ფოტოზე: ზურაბ ჯირკველიშვილი და ეკატერინე თორდია ოფიციალური დოკუმენტაციის ხელმოწერისას
გასულ კვირას ღია აუქციონზე 344 ათას ლარად შპს "სტარსპორტინვესტის" მიერ შეძენილი საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" 7 ოქტომბერს ოფიციალურად გადაეცა ახალ მფლობელს. მნიშვნელოვანია, რომ ღია აუქციონის წესით, საქართველოში პირველად მოხდა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში მყოფი სპორტული კლუბის კერძო ინვესტორისთვის გადაცემა.

ამას გარკვეული პროცედურა უძღვოდა წინ, რომლის გამოც "დილას" გასხვისება დროში გაიწელა. სამაგიეროდ, ეს უკვე იქცევა პრეცედენტად სამომავლოდ სხვა კლუბებისთვის. საქმე ისაა, რომ სხვებსაც ჰყავთ შეძენის მსურველი კომპანიები და ისინი შეთანხმებისას ახლა სწორედ იმ პროცედურული
დეტალებით იხელმძღვანელებენ, რაც "დილას" და შპს "სტარსპორტინვესტის" შემთხვევაში მოხდა...

გორის "დილასთან" დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მოეწერა ხელი - ერთი მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის, მეორე მხრივ კი, თავად საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელის, ეკატერინე თორდიას მიერ.

შპს "სტარსპორტინვესტში" ერთობლივად თანამშრომლობენ ქართველი და ებრაელი ბიზნესმენები. კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო კლუბის ამჟამინდელი დავალიანების, 750 ათასი ლარის გასტუმრება, აგრეთვე, წლის ბოლომდე 600 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელება "დილას" განვითარებისთვის.

დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრებიც - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საზოგადოებას "დილას" მფლობელი კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ავი ციონმა, გორის მერმა, სპორტის მინისტრმა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მიმართეს.

ავი ციონი:
- სიმბოლურია, რომ ჩვენს ხელში "დილას" გადმოსვლა დაემთხვა იმ კვირას, როცა ისრაელში ახალ წელს ვზეიმობთ. ეს სიმბოლურად, საზოგადოდ კი, კლუბის შეძენისას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის მინისტრს, შიდა ქართლის გუბერნატორსა და გორის მერს.

ვიცოდით, რომ "დილას" ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა ეს პრობლემები აღმოვფხვრათ. ჩვენ არა მხოლოდ ვლაპარაკობთ, არამედ საქმესაც ვაკეთებთ. გვჯერა, "დილა" წარმატებებს მიაღწევს და ამაში თქვენი - გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედიც გვაქვს.

მადლობელი ვართ გუნდის მწვრთნელის, აგრეთვე - ფეხბურთელების, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ. ვფიქრობთ, ჩვენი მოსვლით "დილა" უფრო წარმატებული გახდება - როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ზურაბ ჯირკველიშვილი:
- პირველ ყოვლისა, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ გავყიდეთ მხოლოდ ბრენდი - გორის "დილა", არაფერი მატერიალური არ გაგვიყიდია. ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, გორის "დილაში" განახორციელებს ინვესტიციას. აგრეთვე, სანამ "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი" არსებობს, მაქსიმალურად ნაყოფიერად ითანამშრომლებს მასთან და "დილას" მეურვეობას მაშინაც გააგრძელებს, როცა ეს ფონდი შეწყვეტს მოღვაწეობას.

სხვათა შორის, ჩვენ დავიტოვეთ უკან დახევის საშუალება და თუ ინვესტორი რომელიმე პირობას დაარღვევს, მაშინ კლუბს უკან დავიბრუნებთ.

მოგეხსენებათ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საფეხბურთო კლუბი ღია აუქციონის წესით გაიყიდა. თავდაპირველად, როცა გაირკვა ბიზნესჯგუფის "დილათი" დაინტერესების შესახებ, ყველაფრის სწორად გასაკეთებლად გავიარეთ კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკის, სპორტის, ფინანსთა სამინისტროებთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. ბევრი ვიფიქრეთ, გავითვალისწინეთ ყველა ნიუანსი და ამის მიხედვით მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

ახლა იმ ანალოგის მიხედვით, რაც გორის "დილას" შემთხვევაში მოხდა, სხვა ქართულ კლუბებსაც შეეძლებათ მათი შეძენით დაინტერესებულ ინვესტორთან აწარმოონ მოლაპარაკებები და გაყიდონ თავიანთი პროდუქტი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:
- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ისტორიული დღე არა მხოლოდ გორის "დილას", არამედ საზოგადოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დღე იქნება ათვლის წერტილი ქართულ ფეხბურთში კერძო ბიზნესის უფრო ფართო მასშტაბით შემოსვლის გზაზე, მას შემდეგ, რაც ფედერაციამ დაიწყო სახელმწიფოსთან ერთად ახალი პროგრამის განხორციელება.

ეს ცვლილებები ემსახურება იმ მიზანს, რომ რაც შეიძლება დიდი კონკურენცია იყოს და მეტი უცხოური კომპანია შემოვიდეს ქართულ კლუბებში. სხვათა შორის, ებრაელები ყველაზე ადრე ხვდებიან, სად უნდა გააკეთონ ინვესტიცია. მათი აქტიურობა არის ძალიან სერიოზული ინდიკატორი იმისა, რომ სწორი გზით მივდივართ.

მოგეხსენებათ, პირველადაა პრეცედენტი იმისა, რომ სპორტული კლუბი აუქციონის წესით, ღია კონკურენციის პირობებში გაიყიდა და ამიტომ მოლაპარაკებებს გარკვეული დრო დასჭირდა. სწორედ დროში გაგრძელებული ამ მოლაპარაკებებისას კარგად გამოჩნდა, რაოდენ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი "დილას" შეძენა მის ამჟამინდელ მფლობელებს.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო რეგიონის და ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გამოჩენილი სიმტკიცე, რწმენა და სწორად დასმული აქცენტები მოლაპარაკების პროცესში. მათი დამსახურებაცაა, რომ კონტრაქტში კარგად არის ასახული როგორც კლუბის, ისე ინვესტორისთვის მისაღები პირობები და მიხარია, რომ ოქროს შუალედი ყველას ერთობლივი ძალისხმევით მოიძებნა. ამ მაგალითის მიხედვით, ახლა სხვებსაც გაუადვილდებათ ინვესტორთან ურთიერთობა.

აქვე დავამატებ, რომ არა მხოლოდ უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგის ორ კლუბთან მიდის ამჟამად მოლაპარაკება უცხოელი ინვესტორების მხრიდან და თქვენ წარმოიდგინეთ, მეორე ლიგის კლუბის შეძენითაც კი არიან დაინტერესებულები. გორმა მათ კარგი მაგალითი მისცა.

მჯერა, უცხოური კომპანიების მიერ ქართული კლუბების შეძენის პროცესი კიდევ გაგრძელდება და თავის დადებით როლს ითამაშებს ქართული ფეხბურთის განვითარების გზაზე.

კახა ჭუმბურიძე:
- კერძო ინვესტორის გარეშე ფეხბურთის განვითარება გამორიცხულია. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთი მხოლოდ კარგავდა კერძო ინვესტორებს. თუმცა მას შემდეგ, რაც "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი" შეიქმნა, მომზადდა ის ნიადაგი, რომელზე დაყრდნობითაც ქართული საკლუბო ფეხბურთის მიმართ ინტერესი გამოიჩინეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ინვესტორებმაც, რისი დასტურიც დღევანდელი ფაქტი გახლავთ.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გორის "დილაში" იქნება გამართული მენეჯმენტი, გუნდი იქნება წელგამართული და გაახარებს ქართული ფეხბურთის და გორელ გულშემატკივრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფიფას საფეხბურთო აგენტი გორის დილას ყიდულობს :)

https://il.linkedin.com/in/avi-zioni-93b07190
დაგუგლეთ სანამ ვინმეს რამეს მიჰყიდით
12:54 11-10-2016
0
ამ ებრაულ ჯგუფს ფულის გათეთრების გარდა სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს და არც აქვს...
azazelo
14:19 10-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული