როცა მთავარი გმირი... ცხვარია
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამოს" ბაზაზე... ცხვარი გამოჩნდა, თითქოსდა, ის მსხვერპლად შესწირეს გუნდის უიღბლო სერიის დასრულებას. წლების წინ, "დინამოში" მართლაც მიმართეს ამგვარ პრაქტიკას და, რა თქმა უნდა, მომხდარმა საზოგადოება მაშინაც გვარიანად გაამხიარულა.
ვიცით, რომ სამხრეთ ამერიკაში ასეთ დროს საშველად "შამანებსაც" მიმართავენ ხოლმე. მაგრამ მარტო იქ არა, აგერ, ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ
- ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა უიღბლობის განდევნისთვის თხა დაკლეს
ისევ "დინამოს" დავუბრუნდეთ. როგორც აღმოჩნდა, ბაზაზე ცხვარი არ დაუკლავთ. თბილისის "დინამოს" პრესსამსახური იძულებული გახდა, მომხდარზე კომენტარი გაეკეთებინა:
"ცხვარი ბაზაზე მოიყვანეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო ხუმრობა. ის არავის დაუკლავს, ცოტა ხნის შემდეგ გაუშვეს. ამის შემდეგ ფეხბურთელები რესტორანში წავიდნენ და ივახშმეს. "დინამოში" ყველა ხვდება, რომ ცხვრის დაკვლა საქმეს ვერ უშველის. ჩვენ ეს საქმე მინდორზე კარგი თამაშით უნდა გამოვასწოროთ", - ასეთია კლუბის პრესსამსახურის პოზიცია.
ერთი სიტყვით, "დინამო" არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელმაც ამგვარ პრაქტიკას მიმართა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დავეთანხმოთ კლუბის პრესსამსახურს - საქმის გამოსწორებას სხვა რამ სჭირდება...
ჩხუბი მშვიდობიანი დასასრულით
არასასიამოვნო ფაქტი მოხდა ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, რომელშიც თბილისის "დინამომ" გასვლაზე 2:0 მოუგო ლანჩხუთის "გურიას". პირველი ტაიმის მიწურულს, ლანჩხუთელთა შეტევის დროს, დინამოელებმა, რენე ფერეირამ და გიორგი პაპუნაშვილმა, ერთმანეთში იჩხუბეს. არბირტმა ორივეს წითელი ბარათები უჩვენა. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანში ასეთი ამბები ხდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი რამ "დინამოს" "ნოუ ჰაუა" - ფეხბურთში ეს ადრეც მომხდარა და ხდება თვით მსოფლიო გრანდებშიც.
ძალიან კარგია, რომ როგორც რენე, ისევე პაპუნაშვილი, დროულად გამოეხმაურნენ მომხდარს და ინციდეტის თაობაზე ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირეს.
რენე ფერეირა: "მსურს, ბოდიში მოგიხადოთ მომხდარის გამო. გულშემატკივრებს გპირდებით, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს გამეორდება. მოდით, ერთად გავაგრძელოთ ჩემპიონობისთვის ბრძოლა"!
გიორგი პაპუნაშვილი: "ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს, მე და რენე მეგობრები ვართ... მთავარია, მოვიგეთ, მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და კვლავ გვაქვს შანსი, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ამისთვის, გულშემატკივრისგან გვერდში დგომა გვჭირდება. ისინი ლანჩხუთშიც მრავლად იყვნენ".
განცხადება კლუბის ხელმძღვანელობამაც გააკეთა:
"დინამო თბილისის" ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტით და გმობს დინამოელი ფეხბურთელების საქციელს. კლუბში აღნიშნული ფაქტის გარშემო გაიმართება დეტალური მსჯელობა და ხელმძღვანელობის მხრიდან დამნაშავე ფეხბურთელები დაისჯებიან უმკაცრესად.
აქვე, გვინდა აღვნიშნოთ იმ ფეხბურთელების თავდადება, რომლებიც აღმოჩნდნენ ურთულეს სიტუაციაში, შესვენებისას მოახდინეს ერთ მუშტად შეკვრა, ძალების მობილიზება და დადებითი შედეგით დაასრულეს მატჩი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"