უმაღლესი ლიგის XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ერთი ტურიც და გარდამავალი ჩემპიონატი დასრულდება. თუმცა საფეხბურთო სეზონი ნოემბერში არ მთავრდება: ბოლო ტურიდან 3-4 დღის შემდეგ ხომ პლეი ოფები იწყება! აი, იქ უნდა იყოს ინტრიგა: საჩემპიონო პლეი ოფიც გველოდება, ევროპალიგისაც და უმაღლეს ლიგაში დასარჩენიც.

მოკლედ, დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ მოვიწყენთ და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მეტ-ნაკლებად ნორმალურ კლიმატურ პირობებში მოუწევთ უმნიშვნელოვანესი მატჩების ჩატარება.

მანამდე კი ბოლოსწინა ტური გვაქვს განსახილველი, ტური, რომელმაც ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ გაარკვია. ოღონდ, ვიდრე ორივე ჯგუფის სატურნირო სიტუაციას გაგაცნობდეთ, მანამდე ისიც
უნდა ვთქვათ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში რამდენიმე ისეთი მატჩიც იყო, სადაც კონკრეტულმა გუნდებმა ბოლომდე დაიცვეს "სამართლიანი თამაშის" პრინციპი, რაც აუცილებლად ხაზგასასმელია...

თეთრი ჯგუფი
გურია-ჩიხურა 0:2
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 4:0
ცხინვალი-ტორპედო 1:2

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩიხურა 11 8 2 1 23-10 26
2. დინამო (თბ) 11 5 5 1 16-5 20
3. ტორპედო 11 4 3 4 16-11 15
4. ლოკომოტივი 11 4 2 5 10-17 14
5. შუქურა 11 2 5 4 9-12 11
6. გურია 12 3 2 7 8-21 11
7. ცხინვალი 11 2 3 6 11-17 9

"ჩიხურამ" ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ გაინაღდა საჩემპიონო პლეი ოფში მონაწილეობა, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდმა "სამართლიანი თამაშის" პრინციპები ბოლომდე დაიცვა და თავისთვის უმოტივაციო მატჩში სტუმრად გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ "ჩიხურამ" ამ გარდამავალ ჩემპიონატში ყველა გასვლითი მატჩი მოიგო, არადა, თუნდაც ამ ტურის დაპირისპირება "გურიასთან" არაფერს წყვეტდა საჩხერელთა გუნდისათვის; სამაგიეროდ, "გურიას" სჭირდებოდა გამარჯვება, მაგრამ ჯერ ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულმა თორნიკე მუმლაძემ იყოჩაღა, შემდეგ კი ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი ლევან კაკუბავამ გაიტანა.

ამ წაგებით "გურია" სხვა გუნდებზე დამოკიდებული გახდა, ოღონდ ყველა იმ შესაძლო ვარიანტზე (პირდაპირ გავარდება თუ დასარჩენ პლეი ოფში ითამაშებს) ბოლო ტურის წინათქმაში ვისაუბრებთ. ამჯერად კი მხოლოდ იმას დავძენთ, რომ პირდაპირი გავარდნა მხოლოდ ორ გუნდს ("გურია", "ცხინვალი") ემუქრება, დასარჩენ პლეი ოფში მონაწილეობის შანსი კი ამ ორივე გუნდთან ერთად "შუქურას" და "ლოკომოტივს" აქვთ და ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს.

"ლოკომოტივზე" ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ გუნდი პირწმინდად დამარცხდა დედაქალაქურ დერბიში და ახლა ურთულესი მატჩის მოლოდინშია: შესაძლოა, ევროპალიგის პლეი ოფში მიიღოს მონაწილეობა, შესაძლოა - გასავარდნში. თბილისის "დინამომ" კი, უკრაინელი მწვრთნელის, ვიაჩესლავ გროზნის ხელმძღვანელობით, უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ამ გამარჯვებით ევროპალიგის პლეი ოფში მონაწილეობაც გაინაღდა.

ამ ჯგუფის მესამე მატჩიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო: წარმატების შემთხვევაში "ცხინვალი" უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ სატურნირო მოტივაციის ნაკლებობა არც "ტორპედოს" ჰქონდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ზედიზედ მეორე მოგებით "ტორპედომ" გასავარდნ პლეი ოფში მონაწილეობას თავი აარიდა და დღევანდელ თასის ფინალსაც მშვენიერი განწყობით შეხვდება.

წითელი ჯგუფი
სამტრედია-დილა 0:2
სიონი-დინამო (ბთ) 0:3
საბურთალო-ზუგდიდი 3:1

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სამტრედია 11 7 3 1 22-9 24
2. დინამო (ბთ) 11 5 5 1 20-4 20
3. კოლხეთი 11 6 0 5 10-17 18
4. საბურთალო 11 4 4 3 16-12 16
5. დილა 11 4 2 5 12-12 14
6. სიონი 12 3 2 7 13-19 11
7. ზუგდიდი 11 2 0 9 5-25 6

"წითელ ჯგუფშიც" გარკვეული იყო იმ გუნდის ვინაობა, საჩემპიონო პლეი ოფში "ჩიხურას" რომ უნდა დაპირისპირებოდა. და "ამ გუნდმა" გარდამავალ ჩემპიონატში პირველი მატჩი წააგო - "სამტრედია" საკუთარ მოედანზე "დილასთან" დამარცხდა.

მასპინძელთათვის ამ მატჩის შედეგს თუ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, საპირისპირო სიტუაცია იყო მეტოქესთან მიმართებაში: 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებასთან ერთად, "დილამ" იმის შანსიც შეინარჩუნა, რომ გასავარდნ პლეი ოფს თავი აარიდოს. თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ "დილამ" თავისი მატჩი მოიგოს ბოლო ტურში, ხოლო "საბურთალო" სტუმრად დამარცხდეს თითქმის უმოტივაციო ბათუმის "დინამოსთან". არადა, ბოლოსწინა ტურში ბათუმის "დინამომაც" და "საბურთალომაც" ლამაზად მოიგეს და სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუმჯობესეს.

ლევან ხომერიკის დამოძღვრილმა ბათუმის "დინამომ" ამ გამარჯვებით ევროპალიგის პლეი ოფში მონაწილეობა გაინაღდა, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალოს" კი 1 ქულაც ჰყოფნის, გასავარდნ პლეი ოფს თავი რომ აარიდოს. ეგ კი არა, იმის ალბათობაც არსებობს, რომ "საბურთალომ" ევროპალიგის პლეი ოფში მიიღოს მონაწილეობა.

ვიდრე ბოლოსწინა ტურის რამდენიმე გამორჩეულ ფაქტსა თუ მოვლენაზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, იმასაც ვიტყვით, რომ "ზუგდიდი" ოფიციალურად დაემშვიდობა უმაღლეს ლიგას. არადა, გულახდილად რომ ვთქვათ, ეს დიდად მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რაც მთელი გარდამავალი ჩემპიონატის განმავლობაში ამ კლუბში ხდებოდა.

შედეგად კი მივიღეთ ის, რომ მომავალ სეზონში ზუგდიდს უმაღლეს ლიგაში გუნდი აღარ ეყოლება, რაც პირველი შემთხვევაა 2007 წლის მერე...

მეორე ჰეთ-თრიკი
ამ გარდამავალ ჩემპიონატში ბოლოსწინა ტურამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ფეხბურთელმა მეტოქის კარში 3 გოლის გატანა მოახერხა - XI ტურში, "საბურთალოს" 22 წლის გარემარბმა გიორგი ფანცულაიამ "კოლხეთთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

და აი, მეორე ჰეთ-თრიკიც: ბათუმის "დინამოს" 24 წლის ცენტრფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ "სიონთან" საგარეო შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ეს იყო ამ ტანმაღალი თავდამსხმელის პირველი ჰეთ-თრიკი უმაღლეს ლიგაში!..

სადებიუტო გოლები, სადებიუტო მატჩები...
ბოლოსწინა ტურში რამდენიმე დებიუტის მომსწრენიც გავხდით. ასე მაგალითად, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს 18 წლის ლუკა ლოჩოშვილმა, 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ (ორივე - თბილისის "დინამო") და 20 წლის ბერიკა ბარბაქაძემ ("გურია").

უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები კი 22 წლის ბაქარ ქარდავამ ("ცხინვალი"), 18 წლის ბექა მიქელთაძემ (თბილისის "დინამო") და 18 წლის ნოდარ ელიაურმა ("დილა") გაიტანეს.

საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა "საბურთალოს" 25 წლის ესპანელმა ლეგიონერმა სანტიაგო ხარა კოლადომ. ამასთან, "ხიხონის" ყოფილმა შემტევმა "ზუგდიდთან" მატჩში საგოლე პასითაც გამოიჩინა თავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ავტორს მივმართავ ერთი ნიუანსი გამოგრჩა და ძალიან მნიშვნელოვანი, ბათუმი უმოტივაციო კიარა პირიქით ძალიან დიდი მოტივაცია უნდა ქონდეს რადგან ბათუმმა რომ წააგოს და ფოთმა მოიგოს ბათუმი თბილისის დინამოს დაეჯახება და უფრო ნაკლები შანსია ევროპაზე ითამაშოს, აქედან გამომდინარე ძალიან უნდა ეცადოს რომ მოიგოს საბურთალოსთან უნდა მოიგოს თორემ დილა დაკარგავს მოგების მოტივაციას და მისცემს თამაშს ფოთს და მერე გაიყვანეთ საბურთალო :)
ლევან კობიაშვილი
18:46 22-11-2016
0
უწინ სპორტსმენები ნატურალურ საკვებს ღებულობდენ. ახლა არაჯანი,კარაქი, ხაჭო ფალციფიცირებული არის, ამატომ რომ დაინახავ ქალაქში, არ იფიქრებ რომ პიროვნება არის სპორტსმენი, არც პურს აქვს გემო და სუნი. მსორი ბატონებო!
გოგი ქუთაისელი
17:43 22-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული