ლევან სილაგაძე: "რუსთავი" თავის ადგილს დაიბრუნებს!

AutoSharing Option
25 ნოემბერს, პირველ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა. "თეთრ ჯგუფში" პირველ ადგილზე "რუსთავი" გავიდა და პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვა.

"რუსთავის" წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის კლუბის სპორტულ დირექტორ ლევან სილაგაძეს, რომელმაც ძლიერი შემადგენლობის შეკრება მოახერხა:

Sportall.Ge- ეს წარმატება მივუძღვენით გუნდის ყოფილ ფეხბურთელს, ჩემს ძმას, ლაშა სილაგაძეს, რომელიც ახლა ეტლით გადაადგილდება. იმედი მაქვს, მალე ფეხზე დადგება "რუსთავი", რომელსაც დიდი ისტორია აქვს და ქართულ ფეხბურთში თავისი ადგილი უკავია.

- კლუბს უსიამოვნო ამბავი შეემთხვა: გარიგებულ მატჩში მონაწილეობის ბრალდებით 6 ქულა დაგაკლდათ...
- იმავე
მდგომარეობაში იყო მარტვილის "მერანი", რომელმაც თასის ფინალამდე გააღწია, მაგრამ პირდაპირ პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

მადლობელი ვარ მწვრთნელებისა და ბიჭების, რომლებმაც ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლა მოახერხეს, საკუთარ თავში ბრძოლის ჟინი იპოვეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.

- ახლა პრო ლიგა 2-ში ერთიანი ფონდიდან მეტი ბიუჯეტი გექნებათ. სპონსორის მოზიდვას თუ იმედოვნებთ?
- რუსთავის მერი მზად არის, დაინტერესებულ ადამიანებს თუ ბიზნესჯგუფებს მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნას. მოგეხსენებათ, ქართულ ფეხბურთში სპონსორის მოზიდვა ძალიან რთულია.

ამის მიუხედავად, ყველანაირად ვეცდებით, შემდეგ სეზონში წარმატებით ვითამაშოთ და იქ მოვხვდეთ, სადაც ჩვენი ადგილია - ანუ პრო ლიგა 1-ში.

რუსთავში ფეხბურთი წარმატებული იყო და მომავალშიც ასე იქნება. ეს სპონსორის მოზიდვის საუკეთესო საშუალება იქნება.

- ამ შემადგენლობას შეინარჩუნებთ?
- შევინარჩუნებთ იმ ბირთვს, რომელმაც ჩვენი წარმატება განაპირობა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, გაძლიერებაც გვსურს. წარმატებას ძლიერი შემადგენლობით მივაღწიეთ და კარგად ვაცნობიერებთ, რომ შედეგის მიღწევის სხვა შანსი არც არსებობს. ამიტომ კარგი ფეხბურთელები კიდევ უფრო გვჭირდება.

* * *
ბადრი მაჭავარიანი, კლუბის დირექტორი:
"6 ქულის დაკლებამ ფსიქოლოგიურად დაგვთრგუნა. საბედნიეროდ, ამ გაუთვალისწინებელი შოკის მიუხედავად, "რუსთავმა" მოახერხა, კარგი გუნდი ჩამოეყალიბებინა და მიხარია, რომ პირველი ადგილი დავიკავეთ.

ამ სეზონმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. ჩემი აზრით, სისტემური მოქმედებებია საჭირო. კლუბებსა და ფედერაციას მეტი კომუნიკაცია სჭირდებათ, პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენას კი დღევანდელი მოთხოვნები გვკარნახობს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი გამოსავალია და პასუხისმგებლობას კლუბებიც გავინაწილებთ.

ვერ დავიჩემებ, რომ ეს ჩემი ინიციატივაა, ამაზე აქამდეც ბევრი თქმულა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი სტრუქტურა ქართული ფეხბურთის მეტ კომერციალიზაციას შეუწყობს ხელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვითარებაზე გავლენა თავად კლუბებმაც უნდა მოახდინონ".

* * *
წლეულს "რუსთავში" მერაბ გიგაური მიიწვიეს, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისა და ეროვნული გუნდის ფორმაც მოურგია:

"რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში თამაში მერჩივნა. იყო წინადადებებიც, მაგრამ სასურველი შემოთავაზებები არ მქონდა და "რუსთავში" თამაშს დავთანხმდი. ცხადია, პირველ ლიგაში უფრო დაბალი დონეა, მაგრამ ეს ჩემს კარიერაში კარგი და საჭირო გამოცდილების პერიოდი იყო და ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარა.

ჩვენ მძიმე პერიოდი გადავიტანეთ. ქულები დაგვაკლეს და ამის მიუხედავად, მოვალეობა მაინც შევასრულეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ", - ამბობს გიგაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული