ტორპედო-დინამო (ბთ) 2:1 - ბრძოლა ზღვის პირას გაგრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" შორის "ბრინჯაოს ფინალში" გამსვლელის ვინაობა საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის უცნაურად აჭრელებულ მინდორზე პირველი თამაშის მოგებით ქუთაისელებს მცირედი უპირატესობა აქვთ, მაგრამ 2:1 ისეთი ანგარიში არ არის, "დინამომ" ფინალში გასვლაზე რომ ვერ იფიქროს.

ბათუმელები, რიონისპირელთაგან განსხვავებით (რომლებმაც ევროთასებზე თამაში თასის მოგებით გაინაღდეს), ევროტურნირებზე მხოლოდ ბრინჯაოსპრიზიორობის შემთხვევაში მოხვდებიან და ამისთვის თავს რომ არ დაზოგავენ, ეს ისედაც ცხადია...

შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა და სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგეს ავიაკატასტროფაში დაღუპული ბრაზილიური კლუბის, "შაპეკოენსეს" წევრების ხსოვნას...

მატჩის პირველი 20
წუთი არცთუ ისე კარგი სანახავი გამოდგა, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და გუნდები ვითარების გამწვავებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა, ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შემდეგ თამაში გამოსწორდა და დაძაბულობა ბოლო წამებამდე არ მოჰკლებია...

პირველად კარში დარტყმის მცდელობა ბათუმელებს ჰქონდათ, მაგრამ თეიმურაზ შონიამ ბურთი ხარიხას გადააცილა. სახიფათო იყო ელგუჯა ლობჯანიძის თავურიც, რომელიც არჩილ ტვილდიანის ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა, თუმცა ქუთაისელმა მცველებმა შეძლეს ლობჯანიძისთვის ხელის შეშლა და ბურთის კუთხურზე მოგერიება.

ამასობაში, მასპინძლებიც გააქტიურდნენ და დაწინაურებაც შეძლეს - გუგა ფალავანდიშვილი ბურთიანად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ბათუმელ მცველებს წესების დარღვევა აიძულა. გიორგი ვადაჭკორიამ სტუმრები დასაჯა პენალტით, რომელიც შოთა ბაბუნაშვილმა გოლად აქცია.

ამის შემდეგ ქუთაისელები უკეთ ათამაშდნენ. კვლავ კარგად გაისარჯა ფალავანდიშვილი, რომელმაც რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და კარისკენაც დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

უქმად არც ზღვისპირელები ყოფილან. ისინი ძირითადად შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ლევან გეგეჭკორს მეკარე როინ კვასხვაძემ არ გაატანინა, ლობჯანიძის შორეული დარტყმის შემდეგ კი ბურთი კარს ასცდა.

ბათუმელთა თავკაცმა მდგომარეობის გამოსწორება მეორე ტაიმის დასაწყისშივე განხორციელებული ორმაგი ცვლილებით სცადა - გიორგი ქავთარაძისა და ბექა ვარშანიძის ნაცვლად, თამაშში პაპუნა ფონიავა და მიხეილ გორელიშვილი ჩაერთვნენ. სტუმრებმა ბურთზე კონტროლის დაწესებასა და შეტევების გამწვავებას შეეცადნენ, თან უფრო სწრაფადაც ათამაშდნენ.

მარჯვენა ფლანგიდან ანზორ სუხიაშვილის გამჭოლ გადაცემას გეგეჭკორმა ვერ შეუცვალა მიმართულება და მასპინძლები გოლს გადაურჩნენ. ქუთაისელებმა, ერთი შეხედვით, მეტოქეს დაუთმეს ინიციატივა, მაგრამ კონტრშეტევებზე უფრო სახიფათონი გახდნენ და ანგარიშიც გაზარდეს - თორნიკე კაპანაძისა და გიორგი ქიმაძის სწრაფი ორსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის საგოლე დარტყმით დასრულდა - 2:0.

რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბათუმელები ვა-ბანკზე წავიდნენ და მთელი ძალებით შეუტიეს. შონიას ძალზე სახიფათო თავურისგან მასპინძლები კვასხვაძემ იხსნა. თუმცა, იმავე შონიამ ორიოდე წუთში მაინც მოახერხა გატანა და სწორედაც - თავურით. კაპიტანმა ეს გორელიშვილის ჩაწოდების შემდეგ შეძლო.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. "ტორპედოს" მხრივ, შანსები ჰქონდათ კაპანაძეს, ფალავანდიშვილსა და ტუღუშს, სტუმართაგან კი გოგიტიძისა და გორელიშვილის მომენტებია აღსანიშნავი, თუმცა ტაბლოზე ანგარიში უცვლელი დარჩა.

მატჩის შემდეგ
ლევან ხომერიკი (დინამო ბათუმი): "დაძაბული თამაში გამოვიდა. რამდენიმე მიუტევებელი შეცდომა დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. ცოტა გაურკვეველი იყო პენალტის ეპიზოდიც, მაგრამ, რადგანაც მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა, ალბათ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყო... მეორე ტაიმში ერთი ბურთის გაქვითვა შევძელით და ამან შანსები გაგვიზარდა. საპასუხო შეხვედრა 4 დეკემბერს გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიმარჯვოთ და გულშემატკივრები გავახაროთ".

კახა ჩხეტიანი (ტორპედო): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა, რაც მოსალოდნელიც იყო. ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. ამას ისიც დაემატა, რომ ფაქტობრივად ორი კვირის განმავლობაში 5 ერთმანეთზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ, რაც ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან რთულია. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ გამარჯვებისთვის ძალ-ღონე არ დაიშურეს".

უმაღლესი ლიგა. ბრინჯაოს პლეი ოფი. პირველი მატჩები
30.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (29-პენ), 2:0 ქიმაძე (65. კაპანაძის პასით), 2:1 შონია (73. გორელიშვილის პასით)
ტორპედო: რ. კვასხვაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - ფალავანდიშვილი - საღრიშვილი (68. ბენაშვილი), ბაბუნაშვილი (74. ნერგაძე), ბურჯანაძე (59. ფურცხვანიძე), ტუღუში - კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, გოგუაძე, კვარაცხელია, კვერნაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო: ტიმოფეევი - ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი - გეგეჭკორი (86. მარიანოვიჩი), ვარშანიძე (46. გორელიშვილი), თარხნიშვილი, შონია, ქავთარაძე (46. ფონიავა) - ლობჯანიძე.
სათადარიგოები: შოვნაძე, ჭკუასელი, ქორიძე, თევდორაძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: ტუღუში (20), ვარშანიძე (28), თარხნიშვილი (45), ფონიავა (49), ქიმაძე (54), ფურცხვანიძე (62), ფალავანდიშვილი (72)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
goga-ს

ვის ეკითხები?
Walkabout
17:11 01-12-2016
0
batumi saxlshi gadaurbens torpedos da amas male naxaven?
goga
16:08 01-12-2016
0

სიახლეები პოპულარული