უჩა სოსიაშვილი: "დილასთვის" უკან დასახევი გზა მოჭრილია

AutoSharing Option
გორის "დილა" თუ ლანჩხუთის "გურია"? უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ამ ორ გუნდს შორის დიდი ბრძოლა იქნება. პლეი აუტის პირველი შეხვედრა დღეს ლანჩხუთში გაიმართება.

- უმაღლესი ლიგა. პლეი აუტის წინათქმა: ტიტულოვანთა მოკრძალებული მიზანი

თამაშის წინა დღეს "დილას" მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს ვესაუბრეთ.

"დილაში" ახალი დროება დაიწყო ებრაელი ინვესტორების მოსვლის შემდეგ და, წესით, გუნდს უმაღლესში დარჩენის პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახალი ინვესტორის გამოჩენამდე ფეხბურთელებს ლამის ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე უწევდათ ფონს გასვლა. გორული კლუბი დიდი ბრძოლისთვის ემზადება...

- თითოეული
ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი თუ კლუბის თანამშრომელი, დიდი ბრძოლის მოლოდინში არიან, - გვითხრა სოსიაშვილმა საუბრის დასაწყისში. - ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. უკან დასახევი გზა მოჭრილია.

- როგორ მოემზადეთ "გურიასთან" მატჩისთვის?
- მაქსიმალური სერიოზულობით! რაც მთავარია, თითოეულ ფეხბურთელს ბოლომდე აქვს გათავისებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც აკისრია. ჩვენ წინაშე დგას კონკრეტული ამოცანა და ის უსათუოდ უნდა გადავჭრათ.

- რა მდგომარეობაა ფეხბურთელების ჯანმრთელობის მხრივ? ნიკა გელაშვილმა ბოლომდე მოასწრო გამოჯანმრთელება ამ შეხვედრებისთვის?
- იცით, რომ მან ბოლო მატჩში ცოტა ითამაშა. ამის შემდეგ ის ჩვეულებრივი რეჟიმით აგრძელებდა ვარჯიშს და ახლა მისი ფუნქციონალური მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაშინ იყო. ამის მიუხედავად, ის 100 პროცენტით არ არის მზად. ტრავმები არც სხვებს აწუხებთ. ყველა ფეხბურთელი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.

- მეტოქეს როგორ შეაფასებდით?
- საქმე გვექნება ძალიან კარგ მეტოქესთან. საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში დღეს გუნდებს შორის არ არის განსაკუთრებული სხვაობა. "გურიასაც" ჰყავს საინტერესო ფეხბურთელები. ჩემი დაკვირვებით, ეს არის ამოუცნობი გუნდი. იყო ძალიან კარგად და შედეგიანად ჩატარებული მატჩები, ისეთი შეხვედრებიც, როცა ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე თამაშობდა გამართულ, სწორ ფეხბურთს, მაგრამ მაინც დიდი ანგარიშით აგებდა. მაგალითად, ასეთი იყო მატჩი ქუთაისის "ტორპედოსთან"...

- შანსებს როგორ გაანაწილებდით?
- შანსები თანაბარია. დარწმუნებულები ვართ, მეტოქე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

- პირველი თამაში სტუმრად გაქვთ. ეს უპირატესობაა "დილასთვის"?
- რა თქმა უნდა, გარკვეული უპირატესობა ნამდვილად არის, მაგრამ არა - გადამწყვეტი. ყველაფერი წყდება მინდორზე და გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც უკეთ იქნება მზად ორრაუნდიანი ბრძოლისთვის. რადგან პირველი თამაში გასვლაზე გვაქვს, ეს საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მონახაზით ავაგოთ ტაქტიკა, თუნდაც რიგ ეპიზოდებში ვითამაშოთ "მეორე ნომრად" და დაველოდოთ ჩვენს შანსს.

- გორიდან ელოდებით გულშემატკივრებს?
- კი, ისინი აუცილებლად გაგვამხნევებენ. ყოველთვის ვამბობ და ახლაც იმავეს ვიტყვი: მათი მხარდაჭერა ჩვენ ძალიან გვჭირდება და ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან. ამისთვის მადლობა მათ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული