სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალიან დაძაბული და ნერვული - ასე შეიძლება შეფასდეს პლეი აუტის დაპირისპირება, რომელსაც ბოლნისმა უმასპინძლა. თამამად ვიტყვით, რომ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთი ვიხილეთ. "თამაზ სტეფანიაზე" იყო ყველაფერი ის, რაც მაყურებელს იზიდავს - ბევრი და ლამაზი გოლი, მაღალი ტემპი და ორმხრივი იერიშები.

დაძაბულობაც პიკს აღწევდა და არბიტრს წითელი ბარათების გამოყენებაც მოუხდა. ვფიქრობ, ბევრი დაკარგა იმ გულშემატკივარმა, ვინც ეს მატჩი არ ნახა.

ქობულეთის "შუქურას" ორი ლიდერი აკლდა - ლაშა ჯაფარიძე ბოლო ტურში "ლოკომოტივთან" დაშავდა, ხოლო იმავე მატჩის შემდეგ გუნდის ლიდერი ზურაბ არზიანი
საზარდულმა შეაწუხა და, შესაძლოა, საპასუხო შეხვედრაშიც ვერ ითამაშოს. ბოლნისელებს კი თავდამსხმელი ვიაჩესლავ სუშკინი აკლდათ.

სტუმრებმა შეხვედრა უფრო მობილიზებულად დაიწყეს და ანგარიში სწრაფადვე გახსნეს: 19 წლის ირაკლი კომახიძე 20-ოდე მეტრიდან საჯარიმო ჩინებულად შეასრულა და ბურთი "ცხრიანში" ჩაახვია - 0:1. ამ ეპიზოდში, მასპინძელთა მეკარე მირზა მერლანი ძელს შეეჯახა და წამოდგომა მხოლოდ ექიმების დახმარებით შეძლო.

ორიოდე წუთში ქობულეთელები საჯარიმოში გურამ ადამაძის წაქცევისთვის პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ გიორგი ვადაჭკორიამ თამაში გააგრძელა.

"სიონი" მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა, მთელი ძალებით შეუტია და წონასწორობაც აღადგინა: ჯარიმა ლაშა თოთაძემ შეასრულა, მისმა სეხნია კასრაძემ საჯარიმოში "მეორე სართული" მოიგო, კარის წინ გახსნილმა დავით სვანიძემ კი თავით ზუსტად დაარტყა - 1:1.

მასპინძლებს სიხარული არ აცალეს - მარცხენა ფლანგიდან ჯეფინიოს გადაცემაზე ბოლნისელ მცველებს ნიგერიელმა გოდვინ კონიეჰამ დაასწრო და ლამაზი თავურით "სიონის" კარის "ცხრიანი" კიდევ ერთხელ შეარხია - 1:2.

მეტოქეები ყველა ბურთისთვის იბრძოდნენ და შეტევასაც არ ივიწყებდნენ. თითქოს დაცვა პირობითი გახდა. ყველა წინ და ყველა უკან - ასეთი თამაში იყო ბოლნისში. მასპინძლებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და უკანმოუხედავად შეუტიეს. სახიფათო გამოდგა კომბინაცია, რომლის დაგვირგვინებასაც დავით ვოლკოვი ცდილობდა, მაგრამ მეკარე აზამატ ჯიოევს ვერ აჯობა.

ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა "სიონმა" პირველის იდენტური გოლი გაიტანა: ჯარიმა ისევ თოთაძემ შეასრულა, მცველისგან მოგერიებული ბურთი კარში დაუხანებლად გაგზავნა კასრაძემ, ხოლო ირაკლი სიხარულიძემ იქვე ფეხი წაჰკრა და მეტოქეს გოლი გასახდელში "გააყოლა" - 2:2.

ცხადია, საკუთარ მოედანზე "სიონს" ფრე ხელს არ აძლევდა და მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო. სტუმრები კი აშკარად ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ და გაცილებით ფრთხილი ტაქტიკა ამჯობინეს - სტუმართა მწვრთნელმა გია გურულმა შემტევი კონიეჰა დაცვითი სტილის ნახევარმცველით, გიგა მამულაშვილით შეცვალა.

"სიონი" მეტოქეს ავიწროებდა და ქობულეთელთა კართან დაძაბულობა მატულობდა. პირველი სიგნალი საჯარიმოს სიახლოვიდან გიორგი ჯანელიძის "გასროლა" გამოდგა, მაგრამ ჯიოევი ბურთს იოლად დაეუფლა.

55-ე წუთზე, მცველის მიერ ცუდად მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ხაზთან დავით ხურცილავას მიუგორდა, რომელმაც ძლიერად კი დასცხო, მაგრამ ჯიოევმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და "შუქურა" გადაარჩინა.

ბოლნისელებმა დაცვა მოაშიშვლეს და სტუმრები ვალდებულნი იყვნენ, ამით ესარგებლათ, როცა ჯეფინიომ (ქობულეთელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო) კარის წინ უმეთვალყუროდ დარჩენილ ირაკლი ჭეჟიას უპასა, მაგრამ ქობულეთელთა საყრდენის თავური მიზანს ასცდა.

69-ე წუთზე უკვე "შუქურა" გადარჩა: ფლანგიდან წამოწყებული შეტევა ქობულეთელთა მცველმა მოიგერია, გიორგი ვასაძემ ძლიერად დაარტყა და მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

სახიფათო გამოდგა კასრაძის დარტყმაც, რომელსაც მეკარე დაეუფლა. მაგრამ ბოლნისელთა მორიგი შეტევისას ჯიოევიც ვერაფერს გახდა: მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი ირაკლი ძარიას გადაცემა მცველმა კი მოიგერია, მაგრამ საჯარიმოში ბურთი ვასაძეს მიუგორდა, რომელმაც დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 3:2.

"შუქურას" სწრაფადვე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება: მამულაშვილი-ბერიაშვილის კომბინაციის შემდეგ საჯარიმოში ჯეფინიო გათავისუფლდა, მაგრამ დარტყმა დააგვიანა და მცველმა ვითარება განმუხტა.

78-ე წუთზე ჯიოევმა "შუქურა" კიდევ ერთხელ გადაარჩინა: ახლო მანძილიდან სიხარულიძემ დაბალ კუთხეში ბურთს წვერი წაჰკრა, სტუმართა მეკარე კი ბურთს თითებით შესწვდა.

"სიონი" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დაცვაში უყურადღებობა ძვირად დაუჯდა: მოედნის ცენტრში ბაქარ მირცხულავამ თავით მოიგო ბრძოლა, ჯეფინიომ კი უცებ შენიშნა დაცვაში ხვრელი და მეკარესთან პირისპირ დატოვა კობა შალამბერიძე, რომელმაც შანსი გოლად აქცია - 3:3.

ბოლნისელებს ცხვირი არ ჩამოუშვიათ და ეგრევე შტურმზე გადავიდნენ. საჯარიმოში ირაკლი ძარია სამ მცველს შორის ეფექტურად გაძვრა და მარჯვენა ფლანგზე შეტევა ხურცილავას გაუგრძელა, ამან კი - სიხარულიძეს, რომელმაც პენალტის ნიშნულთან მცველებს დაასწრო და დუბლი შეასრულა - 4:3.

86-ე წუთზე "შუქურა" მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა: მოედანზე ახალშესული ქობულეთელთა ფორვარდი კობა შალამბერიძე მაყურებელთა ჯგუფმა შეურაცხყო, ფეხბურთელიც ემოციებს აჰყვა და არბიტრმა მოედნიდან გააძევა. თამაში ორიოდე წუთით შეწყდა და ამ დროს ერთ-ერთმა დამხმარე მსაჯმა არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ზურაბ მალანიას არასპორტულ საქციელზეც მიუთითა და მასაც წითელი აუფრიალეს.

- ინციდენტი სიონი-შუქურას მატჩში: ფანებმა შალამბერიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ქობულეთელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი კიდევ ჰქონდათ: ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას საჯარიმოში უმეთვალყუროდ დარჩენილი ჭეჟია აპირებდა, მაგრამ მცველი გადაეფარა და ვითარება განმუხტა, ხოლო ბოლნისელებმა ეს დრამატული მატჩი 4:3 მოიგეს.

პლეი აუტის საპასუხო მატჩს ეს გუნდები 4 დეკემბერს, ქობულეთის "ჩელე-არენაზე" გამართავენ.

უმაღლესი ლიგა. პლეი აუტი. I მატჩი
01.12. ბოლნისი. თამაზ სტეფანია
სიონი-შუქურა 4:3
გოლები: 0:1 კომახიძე (15), 1:1 სვანიძე (16. კასრაძის პასით), 1:2 კონიეჰა (19. ჯეფინიოს პასით), 2:2 სიხარულიძე (45. კასრაძის პასით), 3:2 ვასაძე (72), 3:3 შალამბერიძე (84. ჯეფინიოს პასით), 4:3 სიხარულიძე (85. ხურცილავას პასით)
სიონი: მერლანი, ფოფხაძე (46. კობერიძე), სვანიძე, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, ხურცილავა (90. გიორბელიძე), ძარია, სიხარულიძე, ჯანელიძე (66. ვასაძე), ვოლკოვი.
სათადარიგოები: დაუშვილი, უგულავა, სანტოსი, ზ. ლობჯანიძე.
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
შუქურა: ჯიოევი, ჩაჩუა, ადამაძე, მირცხულავა, კომახიძე, ჯეფინიო, ჭეჟია, გურული (80. საბაძე), კონიეჰა (56. მამულაშვილი), კუტალია, ბერიაშვილი (75. შალამბერიძე).
სათადარიგოები: მამინაშვილი, ზ. მალანია, ჭანუყვაძე
მწვრთნელი: გია გურული
გაფრთხილებები: ჯანელიძე (40), ჩაჩუა (44), ბერიაშვილი (47), ჭეჟია (59)
გაძევება: შალამბერიძე (86), მალანია (88)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ის მინდორია გურულმა რომ მოამზადა?ეს საღორეს უფრო გავს ვიდრე მინდორს.და ამ კაცმა დაიწუნა ზუგდიდში მოედანი,თუმცა ზუგდიდის ნაირ უპატრონო გუნდს უარესი ხვდება.
თენგო
18:06 02-12-2016
0

სიახლეები პოპულარული