ცივი ამინდი საფეხბურთო გარემოს ვერ ქმნიდა, მაგრამ დასავლეთ ტრიბუნის პირველი იარუსის დიდი ნაწილი შეივსო. დაძაბულობა დიდი იყო, მატჩის მნიშვნელობა კი ოქროთი ფასდებოდა. ეს ყველაფერი მატჩის ხასიათზეც აისახა და ისეთივე სანახაობრივი არ გამოდგა, როგორც - პირველი.
საჩხერელებს 3-ბურთიანი უპირატესობით მოგება სჭირდებოდათ. ამის კვალობაზე,"ჩიხურასგან" შემტევ შემადგენლობას ველოდით, მაგრამ, როცა სოსო ფრუიძემ საყრდენი
სამტრედიელების ტაქტიკაზე კი გია ცეცაძის რეპლიკებიც მეტყველებდა: "ნუ ჩქარობთ! ბურთი აგორავეთ!" - მათი თამაშით ცხადი გახდა, რომ ბურთის გაგორებით ტემპის დაგდება და მეტოქის კონტრშეტევაზე გამოჭერა სურდათ.
საჩხერელები უტევდნენ, მაგრამ სისწრაფე არ ჰყოფნიდათ და თამაშს ვერ ამწვავებდნენ, ხოლო კარის აღებას შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. ასე ვერაფერს მიაღწიეს. 25-ე წუთზე პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, როცა თორნიკე მუმლაძის შეტევისას საჯარიმოდან გიორგი დათუნაიშვილმა ბურთი მოიგერია - რეალურად, სამტრედიელთა კაპიტანმა მკერდით ითამაშა და არა ხელით.
საჩხერელებს შტურმი არ გამოუვიდათ, მაგრამ მთელი გუნდით შეუტიეს და დაცვაში ყურადღება მოადუნეს. ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. ისევ პირველი შეხვედრის გმირმა ბუდუ ზივზივაძემ გაიბრწყინა: საჯარიმოსთან ბურთი დათუნაიშვილმა ჩაჭრა და მოედნის ცენტრში ზივზივაძე შენიშნა, რომელიც საჯარიმოსკენ დიდ სისწრაფეზე დაიძრა, შოთა კაშია ეფექტური ფინტით (ბურთი ფეხებშუა გაუტარა) ჩამოიშორა, ბოლომდე იბრძოლა და"ჩიხურას" კაპიტანი პენალტზე "წამოიკიდა". 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა ბაჩანა არაბულმა და საჩხერელთა მდგომარეობა, ფაქტობრივად, უიმედო გახადა.
"ჩიხურამ" მაინც შეუტია, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოუვიდა. ყველაზე სახიფათო საბა ლობჟანიძის წამოწყებული იერიში გამოდგა, რომელიც მიხეილ სარდალიშვილმა გააგრძელა და ოდნავ არაზუსტი დარტყმით დაასრულა.
მეორე ტაიმში ფრუიძემ წინა ხაზის გაძლიერება სცადა, მაგრამ "ჩიხურა" სამტრედიელთა კართან რეალურ საფრთხეს ვერ ქმნიდა, პირიქით, მალე იქით მიიღო მეორე გოლი: არაბულმა კაკუბავას აართვა ბურთი და უცებ მოძებნა ზივზივაძე, რომელმაც ამჯერადაც გაიბრწყინა - ერთი შეხებით დათუნაიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ჰამზიჩს ბურთმა თავზე გადაუფრინა - 0:2.
ყველაფერი გასაგები გახდა. სამტრედიელებიც მოეშვნენ, სულ უფრო ხშირად გასცქეროდნენ ტაბლოს, დაცვაში კი შეცდომებს უმატეს. მეორე მატჩის მოგება ხელიდან ამიტომაც გაუშვეს. საჩხერელებმა სხვაობა 83-ე წუთზე შეამცირეს: მოედნის ცენტრში გიორგი გაბედავამ გიორგი გამყრელიძეს აართვა ბურთი და საჯარიმომდე ისე მივიდა, ხელი არავინ შეუშალა, მშვენიერი გადაცემით ბესიკ დეკანოიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამანაც ზუსტად "გაისროლა" - 1:2.
დამატებულ დროში კი საჩხერელებმა წონასწორობაც აღადგინეს: თორნიკე გრიგალაშვილი საჯარიმოში დავით ჯიქიამ მოცელა, ლობჟანიძემ კი ზუსტად შეასრულა პენალტი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:2.
ამრიგად, "ჩიხურა" ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა, ცეცაძის გუნდმა კი ჩემპიონობა დამსახურებულად იზეიმა და 2017/18 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში წარადგენს, ხოლო "ჩიხურა" ევროპალიგაზე ითამაშებს.
მატჩის შემდეგ გამარჯვებულები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვეს. იფეთქა შამპანურმა, რომელიც უფრო რისკიანებმა შესვეს და ფოიერვერკმაც არ დააგვიანა.
"სამტრედია" მე-8 გუნდია, რომელიც თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოს", "ვიტ ჯორჯიას", "ზესტაფონის", რუსთავის "მეტალურგის", ბოლნისის "სიონისა" და გორის "დილას" შემდეგ ჩემპიონის ტიტულს დაეპატრონა. ამ ჯილდოსთვის ტარიელ ჩაჩუას მიერ 21 წლის წინათ დაწყებული ბრძოლა უსამართლობამ შეაჩერა. "სამტრედიას" ამჟამინდელმა თავკაცებმა და გუნდმა ამ მიზნის მიღწევა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოახერხეს - ამ გუნდმა და ამ ქალაქმა ეს ნამდვილად დაიმსახურა. ქართულ ფეხბურთს კი სათავეში მოექცა გუნდი, რომელიც სანახაობრივად თამაშობს, მოაზროვნე მწვრთნელი და პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. იმედია, "სამტრედიის" წინსვლა ამით არ დასრულდება.
უმაღლესი ლიგა. საჩემპიონო პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
11.12. თბილისი. "დინამო არენა"
ჩიხურა-სამტრედია 2:2
პირველი მატჩი 0:2
გოლები: 0:1 არაბული (42-პენ), 0:2 დათუნაიშვილი (59. ზივზივაძის პასით), 1:2 დეკანოიძე (83. გაბედავას პასით), 2:2 ლობჟანიძე (90-პენ)
ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, კაკუბავა, განუგრავა (46. დეკანოიძე), ლექვთაძე, სარდალიშვილი, ს. ლობჟანიძე, მუმლაძე (46. გაბედავა).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტატანაშვილი, დობროვოლსკი, გორგიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე (75. იმედაშვილი), შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (65. გამყრელიძე), არაბული (73. მარკოზაშვილი), ჯიქია, ზივზივაძე.
სათადარიგოები: მეშველიანი, ცნობილაძე, მთივლიშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: განუგრავა (13), რეხვიაშვილი (34), კაშია (42), დათუნაიშვილი (60), სანდოხაძე (64), კაკუბავა (67), ჯიქია (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12 დეკემბერი 2016 15:08
სამტრედიას ვულოცავ გაჩემპიონებას.ტორპედოს კი სერიოზულ სპონსორს რომელსაც ნამდვილად უყვარს ქუთაისი. მაგრამ ასეთი ადამიანები სანთლით არიან მოსაძებნი.================= გოგი გენაცვალე, უკვე არაერთხელ გითხარით ამ თემაზე თქვენაც და სამტრედიელებსაც.
არც სამტრედიას არ ჰყავს სპონსორი, კლუბი სახელმწიფო ფულითაა.
ამიტომაც სამტრედიაშიც და ქუთაისშიც უნდა შეაგროვოთ 100-100 კაციანი ხელმოწერა და გადასცეთ შესაბამისად სამტრედიის გამგებელს და ქუთაისის მერს კონკრეტული მოთხოვნა რომ სასწრაფოდ კლუბი გახდეს სააქციო საზოგადოება და თავისუფალ გაყიდვაში გამოვიდეს საინვესტიციო ვალდებულებებით მათი აქციები.
უცბად დალაგდბეა ყველაფერი, თუ უარს იტყვიან, მაშინ ვალდბეული არიან დაასაბუთონ ეკონომიკურად და ფინანსურად თუ რატომ ამბობენ უარს.
აი ესაა სულ რაც გაქვთ მოსაგვარებელი, შეგეძლებათ ყოველ ქუთაისელს და სამტრედიელს იყიდოთ 100 ლარის და მეტის ღირებულებით რამდნეიც გინდათ აქციები, თუკი საინვესტიციო ვალდებულებას აიღებთ.