რამაზ მუმლაძე: ადრეც ვამბობდი, რომ გია ცეცაძის შრომა უკვალოდ არ ჩაივლიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. გვყავს ახალი ჩემპიონი და იმ გუნდების ვინაობაც გაირკვა, ევროთასებზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას რომ დაიცავენ. ქართული სეზონის შეფასება ვთხოვეთ ცნობილ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძეს, ვინც "გარედან", ექსპერტის თვალით აკვირდებოდა ჩვენი პირველობის მატჩებს.

ერთი სიახლეც - მუმლაძე, ვინც ბოლოს რეგიონული ლიგის ბინადარ "მცხეთის" დირექტორი გახლდათ, აქტიურ სამწვრთნელო ასპარეზზე აპირებს დაბრუნებას.

ის რიგითი მწვრთნელი არ არის ქართულ სინამდვილეში, რაკი მას არც ქართული ტიტულები აკლია და მისი გაწვრთნილი გუნდებიც ყოველთვის გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდნენ...

- თავდაპირველად, ზოგადად შევაფასოთ ქართული სეზონი...
- რთული
ჩემპიონატი გამოდგა. მთლიანობაში, ასე შეიძლება ჩემპიონატის შეფასება. გარდამავალი ჩემპიონატი უკვე დასრულებულია და ურყევად მჯერა, რომ მომავალი, 10-გუნდიანი პირველობა ბევრად უკეთესი იქნება. ალბათ, სწორედ მაშინ გვექნება მეტი მასალა განსჯისა და ანალიზისთვის. ეს მაინც გარდამავალი ჩემპიონატი იყო და, შესაბამისად, ერთგვარად მოსამზადებელ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს მომავალი პირველობისთვის.

- თქვენი აზრით, რა არის ჩვენი ჩემპიონატის მთავარი პრობლემა?
- მე მაინც მინდვრების პრობლემას გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, რამდენიმე გუნდი თამაშობდა ისეთ მოედნებზე, სადაც ტაქტიკურად გამართულ და ტექნიკურ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველოდები მომავალ პირველობას. ვფიქრობ, ათგუნდიანი პირველობის პირობებში აღარ იქნება ასეთი პრობლემები. კარგი ფეხბურთისთვის კარგი მინდორია საჭირო. ჩვენ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია, ფეხბურთელისგან ნორმალური თამაში მოვითხოვოთ. რა თქმა უნდა, პრობლემები კიდევ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაზე თვალში საცემი პრობლემაა.

- საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს...
- "სამტრედიაზე" მხოლოდ კარგს ვიტყვი. ადრეც ვამბობდი, რომ გია ცეცაძის შრომა არ ჩაივლიდა უკვალოდ. შემოქმედებითი ფეხბურთი, შეტევა, სანახაობა - ამით დაგვამახსოვრა თავი ახალმა ჩემპიონმა. ეს არის მწვრთნელის, მისი შტაბისა და ფეხბურთელების დამსახურება. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ "ჩიხურასთან" შეხვედრაში შედარებით გამოუცდელ, ახალგაზრდულ "სამტრედიას" გაუჭირდებოდა, მაგრამ ორივე თამაში ცეცაძის სცენარით წარიმართა. ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდია "ჩიხურა" და მას შემთხვევით ვერ მოუგებ...

ცეცაძის ერთ-ერთ მთავარ პლუსად მიმაჩნია ის, რომ არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ენდო და მათ ეს ნდობა ბოლომდე გაამართლეს. ნებისმიერი მწვრთნელი უნდა შევაქოთ, როცა ასეთ ნაბიჯა დგამს.

ასე რომ, საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს! "სამტრედია" ერთ მუშტად შეკრული გუნდია. პრაქტიკულად, სერიოზული ჩავარდნის გარეშე განვლო მთელი სეზონი. ყოველთვის ასეა - სტაბილურობა ფეხბურთში მუდამ განსაკუთრებულად ფასობს.

- ჩემპიონის ტაქტიკასა და ზოგადად სტილზე რას იტყვით?
- რაც მე "სამტრედიის" თამაშები ვნახე, აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში ჩანდა, რომ მწვრთნელი ფიქრობს არა მხოლდ მატჩამდე და მატჩის შემდეგ, არამედ - თამაშის მიმდინარეობის დროსაც. ვერ ვიხსენებ თამაშს, ცეცაძეს გუნდი რამდენჯერმე არ გადაეწყოს. ამ გუნდის თამაშში მე აღვნიშნავდი მაღალ სისწრაფეებს, ბურთის კონტროლს და კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს - არანაირი ეგოიზმი ამ გუნდის თამაშში არ იგრძნობოდა. ეს ერთ-ერთ პირველხარისხოვან მომენტად მიმაჩნია. მთელი სეზონის განმავლობაში სამტრედიელები აჩვენებდნენ სანახაობრივ ფეხბურთს. მათი თამაშის მთავარი არსი იყო შეტევა, თუმცა ჩემპიონი ვერ გახდები, თუ დაცვაში ბალანსი არ გაქვს.

- თქვენი აზრით, ვინ იყო საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი?
- მე დავასახელებდი "სამტრედიის" ფორვარდ ბუდუ ზივზივაძეს. სხვათა შორის, მასთან ვმუშაობდი, როცა თბილისის "დინამოსა" და ამ გუნდის დუბლშემადგენლობას ვწვრთნიდი. რა თქმა უნდა, ბუდუ მაშინაც კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ გარდამავალ ჩემპიონატში მე სულ სხვა ბუდუ ზივზივაძე ვნახე. ისევ და ისევ ცეცაძის დამსახურებაა, ფეხბურთელი ასე რომ ათამაშდა. მან გააღვიძა ზივზივაძეში საუკეთესო თვისებები, თავად ბუდუმაც, ალბათ, ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე.

- ჩემპიონატის აღმოჩენად ვის მიიჩნევთ?
- გამოვყოფდი "ჩიხურას" შემტევს, საბა ლობჟანიძეს. მასთანაც მიმუშავია, ოღონდ, მცირე ხნით. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი. შეიძლება, დავასახელოთ თუნდაც ბაჩანა არაბული და დავით ჯიქია.

საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში არაერთი საინტერესო ფეხბურთელია. მე ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმ შეხედულებას, რომ ჩვენ არ გვყავს საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები, პირიქით...

- საქართველოს ჩემპიონატი ახალი სისტემით ჩატარდება. როგორ გგონიათ, გაამართლებს გაზაფხული-შემოდგომის სისტემა?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღიათ. მათ ნაფიქრი აქვთ და გათვლილი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ამ სისტემის მთავარი პლუსი ისაა, რომ ქართული გუნდები ევროთასებზე გახურებული ჩემპიონატის დროს ითამაშებენ და კარგ ფორმაშიც იქნებიან. ჩვენ ხშირად აგვიხსნია ევროთასებზე მარცხი იმ მიზეზით, რომ ფეხბურთელები ტონუსში არ იყვნენ, ან სეზონთაშორის პერიოდში გუნდებში შემადგენლობა ძირეულად იცვლებოდა... ახლა აღარ დავდგებით მსგავსი პრობლემის წინაშე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართული გუნდები ევროთასებზე გაცილებით უკეთ შეთამაშებულები იქნებიან, ვიდრე ადრე იყვნენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- ზოგადად, რა სტილის ჩემპიონატია საქართველოს პირველობა?
- იოლი თამაშები ცოტა იყო. ალბათ, ეს არის საერთო ტენდენცია. სტილის შეფასება კი გამიჭირდება, რადგან გუნდები ძალიან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. ჩემი აზრით, ათგუნდიანი ჩემპიონატის პირობებში ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ საქართველოს ჩემპიონატის ზოგად სტილზე.

- 10-გუნდიანი პირველობა საქართველოსთვის ოპტიმალურია?
- კი, ჩემი აზრით, ეს იდეალური ვარიანტია. ამასთან, ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ძლიერი ქვედა ლიგები.

- თქვენი აზრით, როდის უნდა წავიდეს ფეხბურთელი საქართველოდან - ადრეულ ასაკში, თუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონატში დაამტკიცებს თავის შესაძლებლობებს?
- პირადად ჩემი აზრი ასეთია: უმჯობესია, ფეხბურთელმა ჯერ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს და ამის შემდეგ წავიდეს უცხოეთში. ხშირად გაიგონებთ, საქართველოს ჩემპიონატი ჭაობიაო, მაგრამ არ არის მთლად ასე და აქაც შეიძლება, ფეხბურთელი რაღაც დონემდე გაიზარდოს. არ ხდება ისე, რომ წახვიდე საზღვარგარეთ და იმ წამსვე "იფრინო"...

- ბოლო დროს "მცხეთის" დირექტორად მუშაობდით და "გარედან" უყურებდით ფეხბურთს. მწვრთნელობა არ მოგენატრათ?
- ძალიან მომენატრა და უნდა გითხრათ პირდაპირ - არ არის დირექტორობა ჩემი საქმე. ისე ხშირად მომნატრებია მინდორი, რომ... რა ვიცი... "მცხეთაში" დირექტორად მუშაობის დროს ვარჯიშებიც ჩამიტარებია, ოღონდ, იშვიათად, მთავარი მწვრთნელისთვის ხელი რომ არ შემეშალა. მაშინ, როცა "მცხეთის" წინადადება მივიღე, არ ვიყავი სამწვრთნელო საქმით დაკავებული და დავთანხმდი შეთავაზებას. ახლა ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო - კაცმა ის უნდა აკეთო, რაც ყველაზე კარგად იცი. ვაპირებ, აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
- თქვენი აზრით, რა არის ჩვენი ჩემპიონატის მთავარი პრობლემა?
- მე მაინც მინდვრების პრობლემას გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, რამდენიმე გუნდი თამაშობდა ისეთ მოედნებზე, სადაც ტაქტიკურად გამართულ და ტექნიკურ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველოდები მომავალ პირველობას. ვფიქრობ, ათგუნდიანი პირველობის პირობებში აღარ იქნება ასეთი პრობლემები. კარგი ფეხბურთისთვის კარგი მინდორია საჭირო.

იმ ათი გუნდდიან სამი ქობულეტში ითამსებს, დინამო, შუქურა, კოლხეთი დ აკი იცით რა უსასტიკეს დღეშია ეს მინდორი. რომელ 10 კლუბიანის უკეთესობაზე საუბროსბ მუმლაძე? სამტრედია მეოთხე იქნება უვარგისი მინდვრით,საჩხერე მეხუთე,ტორპედოს მინდორი ჰა დ აჰა 6 თვე გაძლოს, ესაა და ეს სულ. გორს აქვ კარგი მინდორი და დინამოს, საბურტალო-ლოკომოყივს რაც აქვს ეს უკევ მალ უავრგისი გახდება.
ჰოდა რას ცვლის 10 კლუბი? არაფერს. მათ რა დიდი ბიუჯეტები აქვთ?კერზო კლუბებია?

რა საჭიროა ეს საჯარო ზღაპრები? დასავლეთ საქართველოს 6 დან 5 კლუბი წმინდა სახელმწიფო კლუბია,რა უნდა პროფესიულ ლიგაში დახურულ ორგანიზაციას,სახელმწიფო ბიუჯეტის მქონე კლუბს?

ვინმე ამ სამ თვეში 7 მინდორზე უმაღლესი ლიგისა დააგებს ახალ ბუნებრივ საფარს?
Jango
19:18 18-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული