კახა კაშია: ელვინ ტერას ქართული პასპორტის აღება ნამდვილად სურს

AutoSharing Option
"საბურთალო" ესპანელებმა დატოვეს - ეს ამბავი კლუბის პრესსამსახურმა დაგვიდასტურა. სამივე პირენეელი ლეგიონერი გუნდმა 2016 წლის ზაფხულში, გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე დაიმატა. 25 წლის შემტევ ნახევარმცველ სანტი ხარას (14 მატჩი, 2 გოლი) კონტრაქტი დაუსრულდა, ხოლო ცენტრალურ მცველს, 28 წლის ხოსე კარასკოსა (11 მატჩი) და 27 წლის თავდამსხმელ გარსია პენას (12 მატჩი) "საბურთალო" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.

ეს ყველაფერი ლოგიკური იყო იმის გათვალისწინებით, რომ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი შეიცვალა: 2015 წლის დასაწყისში დანიშნული ესპანელი პაბლო ფრანკო მარტინი პოსტიდან გარდამავალი ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაათავისუფლეს, ხოლო გუნდი
სეზონის ბოლომდე საბურთალოელთათვის კარგად ნაცნობმა სპეციალისტმა გია ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა, რომელმაც აქცენტი შემტევ ფეხბურთსა და ქართველ ახალგაზრდებზე გადაიტანა.

ფაქტია, რომ მის ხელში გუნდი გაცილებით კარგად ათამაშდა - "საბურთალო" აუტსაიდერი იყო, მაგრამ ბოლოს ბრინჯაოს ფინალში გავიდა და თბილისის "დინამოსთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

თბილისელთა რიგებში სხვა საკადრო სიახლეებიც არის, რაზეც "ლელოსთან" ინტერვიუში "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია ლაპარაკობს.

- როგორც შევიტყვეთ, გუნდი ესპანელმა ფეხბურთელებმა დატოვეს. "საბურთალოს" სპორტული დირექტორი მანოლო იერო პოსტზე რჩება?
- არა, გუნდი მანაც დატოვა. საერთოდ, ესპანელებთან ხელშეკრულებები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ.

- ეს ცვლილებები რამ განაპირობა?
- ესპანელებთან თანამშრომლობა საინტერესო და სასარგებლო პროექტი იყო. მანოლო იერომ და პაბლო ფრანკომ "საბურთალოს" ბევრი რამ შესძინეს და უმადურობა იქნება იმის თქმა, რომ ცუდი სპეციალისტები იყვნენ. მაგრამ ამ ეტაპზე პროექტი აღარ გაგრძელდა.

ქართულ რეალობასთან შეგუება პრობლემურია. ისინი პროფესიონალებთან მუშაობას არიან შეჩვეულები, აქ კი სხვა გარემო და მენტალიტეტი დახვდათ.

ბევრს ჰგონია, რომ საქართველოში მუშაობა ადვილია. სინამდვილეში ასე არ არის. პირიქით, აქ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დალაგებულ ევროპაში, სადაც მოთამაშეებმა იციან, რა გააკეთონ - აქ ფეხბურთელებს მეტი ყურადღება სჭირდებათ. თუმცა, ვიმეორებ, იერო და მარტინი საქმეს პროფესიულად უძღვებოდნენ და მათი მადლიერები ვართ.

- საინტერესოა მთავარი მწვრთნელის საკითხი - "საბურთალოში" ისევ გია ჭიაბრიშვილი დროებით, დეკემბრამდე მოვიდა. ის კვლავ იმუშავებს თუ ისევ ახალგაზრდულ ნაკრებში დაბრუნდება და მის შემცვლელს მოძებნით?
- ჭიაბრიშვილი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება და მომავალ წელსაც მის იმედად ვიქნებით.

- კენიელი ელვინ ტერა და ფრანგი ვაგნერ გონშალვეში რჩებიან?
- დიახ, რჩებიან და ეს ძალიან გვახარებს. ისინი გუნდს კარგად შეეწყვნენ და მომავალ სეზონშიც მათი დიდი იმედი გვაქვს.

- საინტერესოა, რომელიმე მათგანის ნატურალიზაციაზე თუ ფიქრობთ?
- ვაგნერს ამის სურვილი არ გამოუხატავს, ხოლო რაც შეეხება ტერას, ქართული პასპორტის აღება მას ნამდვილად სურს.

- ის 19 წლისაა და წესით, პერსპექტივაში ჩვენი ნაკრებისთვის საინტერესო საყრდენი ნახევარმცველი უნდა იყოს...
- ფაქტია, რომ ნიჭიერი მოთამაშეა. მაგრამ ნატურალიზაცია ასე იოლი არ არის, ბევრი პროცედურაა გასავლელი.

- სხვა რა სიახლეებია გუნდში? ვინ წავიდა ან ვინ დაიმატეთ?
- ირაკლი რუხაძემ დაგვტოვა, ლაზარე კუპატაძეს კი თბილისის "ლოკომოტივთან" იჯარის ვადა დაუსრულდა და დაგვიბრუნდა. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.

- ლეგიონერების ჩამოყვანას ისევ აპირებთ?
- ამ კუთხით ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით და დასაწერიც არაფერია.

- შეკრებას როდის და სად გეგმავთ?
- გუნდი 10 იანვარს შეიკრიბება, 21 იანვრიდან კი ანთალიაში შეკრებაზე ორი კვირით გავემგზავრებით. შესაძლოა, "საბურთალო" უცხოეთში მეორედაც გაემგზავროს და თებერვლის შუა რიცხვებიდან ასევე ორი კვირით კვიპროსში მოვემზადოთ.

- ახალ სეზონში გუნდს რა მიზნებს დაუსახეთ?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. მიზნებს მაშინ დავისახავთ, როცა გუნდი დაკომპლექტდება და გამოჩნდება, რისი პოტენციალი გვექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აჰაა არც სამხრეთ ამერიკაში აქვთ დალაგებული ცხოვრება მაგრამ კი ფრინავენ, ბრაზილიაზე არ მაქვს საუბარი!!!
Fsiuuu
01:22 26-12-2016
0
არასწორი გაზრდის გამო ქართველი ფეხბურთელები დიდი ბავშვები არიან, პროფესიონალიზმისგან შორს. თავქარიამ ბავშვებტან მუშაობა კი უმაგლესი ლიგის მწვრთნელის საქმე არ არის.
ამერიკელი
17:47 25-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული