ჩიხი: ინვესტორი მზადაა, "ზესტაფონში" 8-ციფრიანი თანხით მოვიდეს, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ზესტაფონის" გულშემატკივართა პეტიციას წერილით უპასუხა.

ამ პეტიციის თაობაზე ჩვენი გაზეთის ფურცლებზე საკმაოდ დავწერეთ და ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. მხოლოდ მოკლედ ვიტყვით - იმერული კლუბის ქომაგები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან წინა მმართველების მიერ კლუბთან დაკავშირებული ვერდიქტის შეფასებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

- საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრების განცხადება
- [ექსკლუზივი] ილია კოკაია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ
- ლევან კობიაშვილი: სამწუხაროდ, "ზესტაფონის" მხრიდან არ იყო საამისო მზაობა

"ლელოსთან" საუბარში "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ პირდაპირ თქვა,
რომ მზადაა, დააფინანსოს კლუბი, თუ სამართლიანობა აღდგება. ის, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა იმ ვერდიქტის შეფასებას, რომელზეც ზემოთ უკვე დავწერეთ.

ამასობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონის" თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წერილში ჩამოაყალიბა. კობიაშვილი ერთხელაც გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს კლუბის გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელობას. ამავე წერილში სფფ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა პატივისცემა როგორც ქალაქის, ისე საფეხბურთო კლუბისა და მისი გულშემატკივრების მიმართ.

ერთი შეხედვით, ორივე მხარე მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობას, გულშემატკივრებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ჯერაც არ შემდგარა.

ფაქტი ერთია: დრო აღარ ითმენს და თუ დაბრუნებაა, "ზესტაფონი" მალე უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს. თუ არა და, დრო კლუბზე ნამდვილად არ მუშაობს. თუნდაც ერთწლიანი პაუზა ხელს ნამდვილად არ შეუწყობს "ზესტაფონს", ფეხბურთის ფედერაცია კი კვლავ დარჩება უხერხულ სიტუაციაში.

"ზესტაფონის" გულშემატკივრები ითხოვენ, მოხდეს კლუბთან დაკავშირებული ვერდიქტის შეფასება. ისინი წინააღმდეგნი არ არიან, შედგეს შეხვედრა, ოღონდ მას შემდეგ, რაც მოხდება ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის ვერდიქტის შეფასება.

ისე, ამ საკითხს შეფასება მართლაც სჭირდება. მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, იქნებ კლუბი თავის დროზე არ იყო მართალი და ამდენ ხანს ტყუილადაა ატეხილი აურზაური? იქნებ ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ გამოტანილი ვერდიქტი მართებული იყო?

"ფეისბუქზე", "ზესტაფონის" გულშემატკივართა გვერდზე წერია: "უკაცრავად, მაგრამ ზესტაფონელ ფეხბურთის მოყვარულთა წერილში ვინმემ ვინმესთან შეხვედრა მოითხოვა?! ვის რაში სჭირდება ამათთან შეხვედრა და ამათი "თოქ-შოუები"? შეასრულონ დანაპირები, გაიტანონ აღმასკომზე და შეაფასონ - სამართლიანად მოხსნეს "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან თუ არა? და შეფასების მიხედვით მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე"...

არის კომენტარებიც, მაგალითად, ასეთი: "შეხვედრა კი არა, ჩვენ ვითხოვთ ოფიციალურ, იურიდიულ გადაწყვეტილებას, რომელიც წერილში წერია, რა თავბრუს გვახვევს, არ ეყო?"

..."მერამდენედ უნდა მოვისმინოთ ერთი და იგივე?!"... და ასე შემდეგ...

კომენტარისთვის მივმართეთ "ზესტაფონის" მენეჯერ სერგო ფუტკარაძეს, რომელმაც გვითხრა:

"კლუბის მენეჯმენტმა გაიარა ეს თემა პოტენციურ ინვესტორთან. თუ სამართლიანობა აღდგება და "ზესტაფონი" დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს, მაშინ ის მზად არის, გუნდი სოლიდური თანხით დააფინანსოს. ეს რიცხვი უახლოვდება რვანიშნა ციფრს.

მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ სამართლიანად მოკვეთილებად ჩაგვთვალეს და ქვედა ლიგაში მოგვიწია ასპარეზობა, მაშინ, იძულებულნი ვიქნებით, ვეძებოთ დაფინანსების სხვა წყარო.

ამიტომაც ველით მოუთმენლად ფეხბურთის ფედერაციისგან მომხდარის შეფასებას. კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სიტუაციის სასწრაფოდ გარკვევა".

მოკლედ, სიტუაცია ჯერაც ჩიხშია. იმედს ვიტოვებთ, რომ ის ისე მოგვარდება, როგორც ქართული ფეხბურთისთვის იქნება უკეთესი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
ზოგს ფანი სულარყავს და არც სტადიონიაქ იმერეთში გვაქ ეს ფუფუნება და სადაც ფეგბურტი უყვართ მოდიტ იმას Mივხედოთ და არა იმას სადაც 2 კაცი ესწერება ტამასჰს და გვერდიტ ხბო აბია
fani
16:06 04-01-2017
0
საქმეც მაგაშია რო არ ამბობენ რომ ეს გამოგდება უკანონო იყო, როცა გარიგებულ მატჩზეა საუბარი, კი უნდა შეატყობინო ფედერაციას, მარა ეს გარიგებული თამაშის არსებობა კი არ უნდა გამოიგონო საკუთარი მიზნებისთვის და წასვლის გასაპრავებლად
guga
10:19 29-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული