დუბაის მისია - საქართველოს ჩემპიონატი არაბეთში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 23 იანვარს დუბაიში უზბეკეთს დაუპირისპირდება, ორი დღის შემდეგ კი, იქვე, იორდანიის ნაკრებთანაც მოსინჯავს ძალას.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელიც ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. რაკი ეს ორი სანაკრებო თარიღი ფიფას გრაფიკში არ ზის და კლუბებს ლეგიონერების გაშვების ვალდებულება არ აქვთ, ვაისი იმ ფეხბურთელებს მისცემს შანსს, რომლებიც აქამდე იშვიათად ან საერთოდ ვერ ხვდებოდნენ ნაკრების შემადგენლობაში...

სასარგებლო სპარინგები
რა
თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ორი უახლოესი მეტოქისგან არც ერთი არ არის გრანდი. ამის მიუხედავად, თავიდანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება სასარგებლო სპარინგები ვლადიმირ ვაისისა და მისი გუნდისთვის. ჯერ ერთი, ორიდან ერთი მოწინააღმდეგე, უზბეკეთი, საკმაოდ ძლიერი გუნდია, და მეორეც - საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელების საქმეში ნახვა აუცილებელია.

ცხადია, დღეს ეროვნული პირველობა არ არის იმ დონის, საერთაშორისო ოფიციალურ თამაშებში მასობრივად რომ დავეყრდნოთ ქართული კლუბების მოთამაშეებს, მაგრამ ამ ბიჭებს აქვთ სანაკრებო ამბიციები და ამ ამბიციებს, სულ მცირე, შემოწმება მაინც სჭირდება.

თავის მხრივ, ეს შანსია ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც. ვინ იცის, რა თვალით შეხედავს მათ ვაისი. ვინძლო, ზოგიერთი მათგანის სანაკრებო და, შესაბამისად, საკლუბო კარიერაც ამ შეკრების შემდეგ სხვა გზით წავიდეს...

თუ მომავალში რამდენიმე ფეხბურთელი რეალურად გამოადგება ნაკრებს, დუბაის შეკრების მიზანსა და მისიას შესრულებულად ჩავთვლით. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ხომ დღესაც რჩება კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. დაგვიშავდება რამდენიმე ფეხბურთელი და ჩვენ საგონებელში ვვარდებით ხოლმე, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ისინი...

ერთადერთი ლეგიონერით...
ვაისის მიერ შერჩეულ სანაკრებო სიაში ოთხი ლეგიონერია, მაგრამ რეალურად, დღეს ამ სტატუსს მხოლოდ ოდესის "ჩერნომორეცის" მცველ დავით ხოჭოლავას მივანიჭებდით.

საქმე ისაა, რომ ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე ახლახან გადავიდნენ ყაზახურ "ატირაუში", ლაშა შერგელაშვილიც ორიოდ დღის წინათ შეუერთდა ლატვიურ "რიგასს". ამ ფეხბურთელებზე ვაისმა წარმოდგენა საქართველოს ჩემპიონატიდან შეიქმნა. აქვე ვთქვათ, რომ დვალიშვილს და ლობჟანიძეს უცხოეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს, ვაისის მიერ არჩეულ კონტინგენტს კაცი ვერაფერს დაუწუნებს. რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ სიაში თითქმის ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც მეტ-ნაკლებად გამოირჩევა ჩვენს პირველობაზე...

თავდადება მართებთ
რა თქმა უნდა, ასეთი ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაში ყოველთვის გარკვეულ რისკს უკავშირდება. და ეს იმის მიუხედავად, რომ ვაისის რჩეულთა შორის არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც აქვთ ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება.

მინდორზე გასულ ყველა ფეხბურთელს თავდადება მართებს, რაკი ამ ორი მატჩის შედეგი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა სანაკრებო შეხვედრებისა. ერთი შეხედვით, ჩვენ არ გვყავს ძლიერი მეტოქეები, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით.

იორდანიისა რა გითხრათ და, უზბეკეთი ძალიან კარგი, შეთამაშებული, "დაყენებული" გუნდია, რომლის ფეხბურთელები წლების განმავლობაში ერთად მოდიან. დავამატოთ ამას ისიც, რომ უზბეკეთის ნაკრებს მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერი მოაკლდება და ეს გადამწყვეტ გავლენას არ იქონიებს გუნდის თამაშზე.

რთულია, მაგრამ...
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის იოლი არ იქნება ამ ორი შეხვედრისთვის მობილიზება. ახლა მსოფლიო ფეხბურთში ზოგი ისვენებს, ზოგიც ახლახან შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას...

საქართველოს ნაკრების დღევანდელ კონტინგენტს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ ფეხბურთელების კლუბებს არდადეგები აქვთ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა სათამაშო ტონუსში არ ხარ, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ყველა 100 (და მეტი) პროცენტით უნდა დაიხარჯოს.

ისინიც რომ გვენახა...
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რამდენიმე ლეგიონერი კიდევ გვენახა. ისეთები, სანაკრებო შანსს რომ იმსახურებენ და ელიან. მაგალითად, შესანიშნავ ფორმაში მყოფი, ახნას "ეთნიკოსის" მეგოლე ნიკა კაჭარავა, ვისაც კვიპროსის ჩემპიონატში ლამის ყოველ მატჩში გააქვს გოლი;

ან მისი ახალი თანაგუნდელი გუგა ფალავანდიშვილი; არც პორტუგალიური "მორეირენშეს" ძირითადი მეკარის, გიორგი მაკარიძის დავიწყება შეიძლება;

სიამოვნებით ვნახავდით საქმეში ლუგანსკის "ზორიას" შემტევ ნახევარმცველს, ჯაბა ლიპარტიას. ის გამოძახებული იყო ბოლო სანაკრებო შეკრებაზე, თუმცა არ უთამაშია...

მაგრამ ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ რეალობას. არც ამ ბიჭების ბრალია და არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, რომ ეს თარიღები არ არის ფიფას "ფანჯარაში". სხვა თარიღი დუბაის შეკრებისთვის, უბრალოდ, ვერ შეირჩეოდა, რადგან ფეხბურთელიც ცოცხალი ადამიანია და მასაც სჭირდება თუნდაც რამდენიმე დღით დასვენება. სეზონი ხომ გრძელია...

უნდა დაამტკიცონ...
საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს აქვს ამბიცია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მეტის მიღწევა შეუძლია და მისი ადგილი უკეთეს კლუბშია, ვიდრე დღეს არის.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ეს ამბიცია არსებობს, მაგრამ ამავე დროს მას კარგი თამაშით სჭირდება გამყარება. სწორედ ამიტომ, უზბეკეთსა და იორდანიასთან მატჩები შესანიშნავი შანსია საამისოდ.

მათ ყველას უნდა უჩვენონ, რომ საქართველოს ჩემპიონატი, გვარიანი დაკნინების მიუხედავად, იმ დონის ტურნირი მაინც არის, რომლის საუკეთესო წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, საშუალო მეტოქესთან წარმატებით დაიცვან ქვეყნის პრესტიჟი.

ნაკრებში კარგად ჩატარებული მატჩები უცხოეთში კარიერის გაგრძელების მშვენიერი წინა პირობაა. ეს კი ამ შემადგენლობის უმრავლესობისთვის მთავარი სურვილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული