ცვლილებები "რაგბი ევროპის" გათამაშებაში და "ბორჯღალოსნების" კალენდარი

AutoSharing Option
ცოტაც და "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მორიგი გათამაშება დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრებს ისევ მოუწევს ასპარეზობა, მიუხედავად იმისა, რომ "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასზე წარმატებით იასპარეზეს და შესარჩევი ტურნირისგან გათავისუფლებულნი არიან.

"რაგბი ევროპის" კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ტურნირის სისტემაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

2017 წლიდან "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ერთიანად ერთწლიან ციკლზე გადადის. 2009 წლიდან ჩემპიონი ერთი წლის შედეგების მიხედვით ირკვევა, მაგრამ დივიზიონიდან გასავარდნი გუნდის დადგენა აქამდე ორი წლის ჯამით ხდებოდა. ამიერიდან, ყოველ წელს, ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდი ქვედა დივიზიონის გამარჯვებულთან პლეი ოფს გამართავს და გამარჯვებული
გაისად ჩვენთან ერთად ითამაშებს.

შეიცვალა შეტევის საპრემიო ქულის დარიცხვის სისტემაც. თუ აქამდე გუნდი დამატებით ქულას ოთხი და მეტი ლელოს გატანისას იღებდა (როგორც მოგებული, ასევე წაგებული), ამიერიდან შეტევის საპრემიო ქულას გუნდი მაშინ მიიღებს, თუ მეტოქეზე სამით მეტ ლელოს გაიტანს, ანუ "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი სამხრეთულ მოდელზე (4 ერი, ზე 18) გადავიდა. გარდა ამისა, ტურნირის "დიდი სლემით", ხუთივე მატჩში გამარჯვებით მომგები გუნდი დამატებით 1 ქულას მიიღებს.

ამრიგად, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე ქულების დარიცხვის სისტემა ასეთი იქნება: მოგება 4 ქულა, ფრე 2 ქულა, წაგება 0 ქულა, საპრემიო +1 ქულა 7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის, +1 ქულა მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის, დიდი სლემის შესრულება + 1.

კიდევ ერთი ცვლილება 2015 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. ვინაიდან ჩვენმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში უკვე დაიბევა, ხოლო 2017 და 2018 წლებში "რაგბი ევროპის" ჩემპიონატი მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპიცაა, "რაგბი ევროპას" გარკვეული კორექტივების შეტანა მოუხდა.

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატისა და 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილები ცალ-ცალკე იწარმოებს. მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილში არ იქნება გათვალისწინებული საქართველოსთან გამართული შეხვედრების შედეგები.

ასევე, არ იქნება გათვალისწინებული ის ქულები, რომელსაც გუნდები ბოლოადგილოსანთან აიღებენ - თუკი ალაფის გამარჯვებული ელიტის ბოლოადგილოსანს მოუგებს პლეი ოფს და ციკლის მეორე სეზონში მას ჩაანაცვლებს. შედეგად, მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ცხრილი ხუთ ან ოთხგუნდა იქნება.

წლეულს "ბორჯღალოსნები" სამ თამაშს სტუმრად და ორს შინ გამართავენ. პირველ მატჩში შაბათს, 11 თებერვალს, ბელგიას ბრიუსელში ვხვდებით. თამაში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება, ხოლო კვირას, 19 თებერვალს, გერმანიას რუსთავის რაგბის სტადიონზე მივიღებთ. მატჩი 15 საათზე დაიწყება.

4 მარტს, შაბათს, ესპანეთს ვეწვევით ვალიადოლიდთან ახლოს, პროვინციულ ქალაქ მედინა დელ კამპოში, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 22 ათასია და მუნიციპალური სტადიონი 1 500 მაყურებელს იტევს. ქართველებთან მატჩისთვის სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება და მისი ტევადობა 6 500-მდე გაიზრდება.

12 მარტს, კვირას, საქართველო რუსეთს 54-ათასიან ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო ტურნირს ასევე კვირას, 19 მარტს, ბუქარესტში, რუმინეთთან მატჩით დაასრულებს. თბილისში შეხვედრა 18 საათზე დაიწყება, ხოლო რუმინეთს 17 საათზე ვეთამაშებით.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი
11 თებერვალი
გერმანია-რუმინეთი
ბელგია-საქართველო
ესპანეთი-რუსეთი

18 თებერვალი
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-რუსეთი

19 თებერვალი

საქართველო-გერმანია

4 მარტი
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
გერმანია-ბელგია

11 მარტი
გერმანია-ესპანეთი
ბელგია-რუმინეთი

12 მარტი
საქართველო-რუსეთი

18 მარტი
ესპანეთი-ბელგია
რუსეთი-გერმანია
რუმინეთი-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არავინ არ შეგვაკლავს თავს, გამოუშვებენ მე-2 შემადგენლობას, რომ იმათმა გამოცდილება მიიღონ, ძირითადებს მთავარი ჯახებისთვის შეინახავენ, და შედეგი ის იქნება, რო ჩვენი დონე არ განვითარდება რუმინეთის და რუსეთის მე-2 დონის ნაკრებებთან..
ქუთაისელი
02:39 15-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული