ვფიქრობთ, "საბურთალოს" კაპიტანთან ინტერვიუ დაგაინტერესებთ და მის პიროვნებასაც ახლოს გაიცნობთ. ის არა მხოლოდ ნიჭიერი ახალგაზრდა, არამედ, თავმდაბალი და თვითკრიტიკულიცაა...
ამაში ჭიაბრიშვილი გვახალისებდა
- გიორგი ხარაიშვილზე ბევრი იწერება და მუდამ მედიის ყურადღების - მარნეულელი ვარ და 6 წლისამ გოჩა ზაქრაძესთან ვვარჯიშობდი. იქ ერთი წელი ვივარჯიშე და მერე "ოლიმპში" შოთა ჭეიშვილთან გადავედი. მერე და მერე გავიგე, ვინ იყო ეს სპეციალისტი და რა დონის გუნდებს ავარჯიშებდა.
- პირველი კონტრაქტი როდის გააფორმე?
- 8 თუ 9 წლის ვიყავი, "საბურთალოში" რომ გადავედი. იქ ჩემი მწვრთნელი გიორგი მიქაძე იყო. მერე მომიწია ურთიერთობა გიორგი დევდარიანთან, თემურ შალამბერიძესთან, დავით კევლიშვილთან.
- როდესაც "საბურთალო" პირველ ლიგაში მოხვდა, გამოცდილი ფეხბურთელებიდან გუნდში მხოლოდ რევაზ გოცირიძე და ზურაბ მენთეშაშვილი გყავდათ, უმრავლესობა კი ჯერაც ბავშვები იყავით. თამაში არ გიძნელდებოდათ?
- რა თქმა უნდა, გვიჭირდა. თავიდან მეც და გუნდსაც პრობლემებს მოედნებიც გვიქმნიდა. ხელოვნური თუ არ იყო, უმრავლეს სტადიონზე საფარი არ ვარგოდა. ბუნებრივია, პრობლემა ასაკის გამოც გვექმნებოდა, გამოცდილებაც არ გვქონდა და ფიზიკურადაც გვიჭირდა. მაგრამ ის ერთი წელი გასაზრდელად და წინსვლისთვის გადამწყვეტიც აღმოჩნდა. მომდევნო სეზონში კი გუნდს აღმავლობა ჰქონდა და ბევრად უკეთესად ვითამაშეთ.
- მაშინ 32 შეხვედრიდან "საბურთალომ" მხოლოდ 2 წააგო, 92 გოლიდან 21 კი გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა, ამპლუით _ ნახევარმცველმა...
- როდესაც გუნდს უჭირდა, საკუთარ თავზე ინიციატივის აღება ბავშვობიდან მიყვარდა.
- მთავარია, ამას მწვრთნელები როგორ უყურებდნენ.
- გიორგი ჭიაბრიშვილის დიდი პლუსია, ამაში რომ არ გვზღუდავდა. პირიქით, გვახალისებდა.
ესპანური ეპოქა
- "საბურთალოს" მხოლოდ 2 სეზონი დასჭირდა უმაღლეს ლიგაში აღზევებისათვის. სადაც, დონეც სხვა იქნებოდა და მეტოქეებიც ერთიმეორეზე ძლიერი. გარკვეული შიში თუ რიდი ხომ არ გქონიათ შენც და შენს თანაგუნდელებს თავდაპირველად? მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ "საბურთალო" უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდა.- შიში არასოდეს მქონია, არც მე და არც გუნდს. უბრალოდ, პირველ ლიგაში თუ წინა პლანზე უფრო ფიზიკური მომზადებაა, უმაღლესში გაცილებით მეტი კლასია საჭირო. თავიდან ადაპტაცია გაგვიჭირდა და ბევრი ტრავმირებულიც დაგვემატა. მაგრამ მერე გამოცდილებაც მოვიდა. ისიც პლუსია, რომ "საბურთალოს" "მეორე ნომრად" არავისთან უთამაშია, რადგან დაცვითი ფეხბურთი არ გვიყვარს.
- თუმცა, პირველი სეზონის დასასრულს, "ჩიხურასთან" (0:5) და "სამტრედიასთან" (2:8) ზედიზედ ორ შეხვედრაში 13 გოლი გაუშვით. ამ ფაქტმა ფსიქოლოგიურად არ იმოქმედა?
- როგორ არ იმოქმედა. თანაც, მაშინ მთავარი მწვრთნელი წავიდა და ძალიან რთული პერიოდი გვქონდა.
- ესპანელი პაბლო ფრანკო მარტინის მოსვლით რა შეიცვალა?
- ფეხბურთზე სხვა შეხედულებები ჰქონდა. მაგალითად, გიორგი ჭიაბრიშვილს არ აინტერესებს, ვის ვეთამაშებით, ყველასთან "პირველ ნომრად" თამაში უყვარს. პაბლო კი ტაქტიკას მეტოქის მიხედვით ადგენდა. მან პოზიციაც შემიცვალა, ხან მარჯვენა ფლანგზე მათამაშებდა, ხან - მარცხენაზე. მაგრამ თავისუფალ მოქმედებებს ისიც არ მიშლიდა.
- სიტყვამ მოიტანა და გიორგი ხარაიშვილის საყვარელი პოზიცია რომელია?
- 2 საყრდენის წინ. თუმცა, პაბლომ ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრი კარგი საქმე გააკეთა. მაგრამ საბოლოოდ, რაღაც მაინც ვერ აეწყო და არ გაუმართლა. სამწუხაროდ, ბევრი ქულა უაზროდ დავკარგეთ და გარდამავალ ჩემპიონატში სამეულში ამიტომ ვერ მოვხვდით. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ პაბლოს მადლიერები ვართ, რადგან ბევრი რამ გვასწავლა და შეგვძინა.
- გარდამავალ ჩემპიონატში "საბურთალოში" სამი ესპანელი ფეხბურთელიც თამაშობდა; მათზე რას იტყოდი?
- სამივე მომწონდა და გუნდს დაეხმარნენ. კარგი ბიჭები იყვნენ, პროფესიონალები და სულ დადებითისკენ განგვაწყობდნენ. მაგალითად, სათადარიგოებში მოხვედრა, შესაძლოა სწყინდათ კიდეც, მაგრამ არასდროს არ გაგრძნობინებდნენ და არ იბოღმებოდნენ.
თავმდაბალი სტიქაროსანი
- გიორგი ჭიაბრიშვილის დაბრუნებით "საბურთალო" აშკარად მოფერიანდა. მას შემდეგ რა შეიცვალა?- ჯერ ერთი, კარგად ვიცნობთ, მისი გაზრდილები ვართ და მასთან მუშაობა ძალიან გაგვიხარდა. უცნაური დამთხვევა იყო: 2015/16 წლების სეზონში "სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ წავიდა და, გარდამავალ ჩემპიონატშიც ამავე გუნდთან თამაშამდე დაგვიბრუნდა. მის ხელში ევროპის ლიგაზე მოხვედრის რეალური შანსი გაგვიჩნდა. თბილისის "დინამოსთან" ორივე შეხვედრა კარგად ჩავატარეთ და მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ბრინჯაოს პლეი ოფში მაინც მეტოქე გავიდა. მიმაჩნია, რომ კლასი დაგვაკლდა.
- გარდამავალ ჩეპიონატში "საბურთალო" საშინაო თამაშებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ატარებდა. არადა, ჩვენი აზრით, მანამდე, "ბენდელაზე" ასპარეზობის დროს, გუნდი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
- იმიტომ, რომ ჩვენი სტადიონია, "შეკრულია" და ხალხიც სულ დადიოდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი კი გაცილებით დიდი არენაა და იქ ამდენი ხალხი არ ჩანს. კარგი ისაა, ბუნებრივ საფარზე რომ გადავედით - ხელოვნურისგან დიდად განსხვავდება, ბურთი სხვაგვარად ხტუნავს, უფრო სწრაფად მოძრაობს, სირბილიც სხვაგვარი გამოგდის.
- უიშვიათესი შემთხვევაა, უმაღლესი ლიგის გუნდს კაპიტნად 19 წლის ბიჭი რომ ჰყავდა!..
- ეს მეტი კი არა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვალდებული ხარ, სხვებზე მეტი იშრომო და გუნდისთვისაც მეტი გააკეთო. მით უფრო, რომ ბოლომდე კაპიტნის მოვალეობა არც ვიცოდი და, ალბათ, ამ ასაკში არც უნდა ვიცოდე...
- ბოლო წლებში მუდამ მედიის ყურადღების ცენტრში იყავი. არადა, რამდენი შემთხვევა გვახსოვს, როცა ანალოგიური ყურადღებას ამა თუ იმ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელზე ცუდად უმოქმედია, ზოგს ეს პოპულარობა თავში ავარდნია...
- თავიდან ყველაფერს ემოციურად ვიღებდი. ახლა უფრო მშვიდად ვუყურებ და ვცდილობ, რომ ყურადღება არ მივაქციო. მაგრამ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს - ჯერ რა გამიკეთებია?!.
- მართალია, რომ სტიქაროსანი ხარ?
- დიახ, მარნეულის ეკლესიაში ბავშვობიდან დავდივარ.
- ახლა ამას როგორ ახერხებ?
- სამწუხაროდ, თამაშების, შეკრებებისა და ვარჯიშების გამო ვეღარ ვახერხებ...
დიდი შანსი
- საინტერესოა, რომ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშია. - ნაკრებმა ძალიან წინ წამწია, რადგან მისი ფორმით თამაში დიდი გამოცდილება და პასუხისმგებლობაა. თუმცა მიმაჩნია, რომ ნაკრებში ჩემს შესაძლებლობებს ვერ ვავლენ.
- რატომ?
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ კლუბში სხვანაირი ვარ. ნაკრებში კი თამაშს საკუთარ თავზე ვერ ვიღებ და ასე ვთქვათ, მორცხვად ვთამაშობ. გია გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში რომ მიმიწვია, პირველივე შეხვედრაში სან მარინოსთან გოლი გავიტანე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავიხსენი. თუ რატომ, ეს ჯერ ვერ ამიხსნია.
- ახლა ეროვნულ ნაკრებში მიგიწვიეს.
- ეს სულ სხვა დონეა, სადაც მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. სასიხარულო ისაა, რომ ფეხბურთელები ეროვნული ჩემპიონატიდან გამოიძახეს. ესაა შანსი და რამე თუ შეგიძლია, უნდა დაამტკიცო.
- ორი სეზონია უმაღლეს ლიგაში თამაშობ. რომელიმე უხერხული მეტოქე თუ გყავს?
- არიან გუნდები, რომლებიც თამაშის და ბურთის მიღების საშუალებას არ გაძლევენ, სულ დამდევენ და ასე მგონია, ტრიბუნაზე რომ ავიდე, იქაც გამომყვებიან.
- გუნდში ყველა "სტანდარტულს" შენ ასრულებ. ეტყობა, რომ ვარჯიშებზე დამუშავებული გაქვს.
- ამ ყველაფერზე დამატებით ბავშვობიდან ვვარჯიშობ - სახლშიც, სტადიონზეც, თუ სადაც საშუალება მექნება და ვცდილობ, ჯარიმები და პენალტები დავამუშაო. მწვრთნელებიც მტოვებდნენ და მავარჯიშებდნენ.
- ნაკლი, რომლის გამოსწორებაც ყველაზე მეტად გჭირდება?
- ასეთი თავით თამაშია და ახლა ამის გამოსწორებაზე ვმუშაობ. ამას გარდა, შეტევაში უკეთესი ვარ, ვიდრე დაცვითი ფუნქციების შესრულებაში და მასზეც ვმუშაობ. ახლა ისეთი დროა, დაცვას თავდამსხმელებიც ეხმარებიან.
...ამის მერე უნდა წავიდე
- ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონს?- ბრაზილიელი რონალდო და ლამპარდი, ახლანდელებიდან კი - ინიესტა.
- მესი?!
- მაგაზე არაფერს ვამბობ.
- ალბათ, თავადაც ფიქრობ იმ მომენტზე, როდესაც ჩვენი ჩემპიონატისთვის გადაიზრდები და წასვლაზე იფიქრებ.
- ზაფხულში ძალიან კარგი შანსი მქონდა, მაგრამ მაინც "საბურთალოში" დავრჩი.
- "ვიტესი" რომ გიწვევდა?
- არ დაიჯეროთ. სხვა ვარიანტზე იყო ლაპარაკი და უარი თავად ვთქვი. მერე იქ სხვა ქართველი აიყვანეს.
- რატომ არ წახვედი?
- გარდამავალ ჩემპიონატში უნდა მეთამაშა და მერე წავსულიყავი. მაგრამ ძალიან ცუდი სეზონი მქონდა.
- გამოცდილება უკვე გქონდა და რატომ ვერ ითამაშე?
- ვერ ვიტყვი. ალბათ, ახსნა ფსიქოლოგიაშია. ვნევიულობდი, რადგან გუნდს უეჭველი უნდა დავხმარებოდი, ჩემს თავზე მეტს ვიღებდი და მე რომ მინდოდა, ისეთი თამაში არ გამომდიოდა. მაგრამ წინ 6 თვეა და იმედია, რომ ზაფხულში წავალ. თასიანად 22 თამაში გამოდის, თავი უნდა მოვიკლა და კარგად ვითამაშო.
- შენს ასაკში გააზრებული გადაწყვეტილების ნაცვლად ხშირად არჩევანს მხოლოდ ფინანსებით აკეთებენ.
- ამას კარგი დაფიქრება რომ უნდა, ეს კარგად მესმის.
- ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემდეგ პერსპექტივაში რა კონტურები გამოჩნდა?
- მაგის იქით ნაკრებში დამკვიდრება და პირადი ბედნიერებაა. ამაზე მეტი რა უნდა იყოს?
მერაბ მამულაშვილი
გია ტუხაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"