ვლადიმირ ვაისი: ნაკრების ფეხბურთელები მაკედონიაში, ლატვიაში რომ გადავლენ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გადაცემა "სპორტი 360"-ში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ მთლიან ინტერვიუს, რომელიც "პირველი არხის" ეთერში გავიდა.

- 23 და 25 იანვარს საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან და იორდანიასთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. გუნდში ბევრი დებიუტანტია, ძირითადად ეროვნული ჩემპიონატიდან. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ პირველი ვარჯიშის შემდეგ და ექნებათ თუ არა ამ ფეხბურთელებს შანსი, რომ ოფიციალურ მატჩებშიც მოხვდნენ ნაკრების განაცხადში?
- კარგი ამხანაგური მატჩები გველის. შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომლებმაც თავი ეროვნულ ჩემპიონატში გამოიჩინეს, სამტრედიიდან, საჩხერიდან, თბილისის "დინამოდან" და ქუთაისის
"ტორპედოდან". მათ საკუთარი შესაძლებლობები უნდა გამოავლინონ, თუ უნდათ, რომ მთავარ ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია ჰქონდეთ. ისედაც ცოტა ამხანაგურ მატჩს ვატარებთ. წინ საკვალიფიკაციო ეტაპი გველოდება, ამიტომ ეს ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისაც კარგი გამოცდაა, რადგან ასეთ მატჩებში ყოველთვის შეიძლება ფეხბურთელმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს და გუნდისთვის მომავალში მეტი სარგებელი მოიტანოს.

- თქვენი აზრით, რომელი პოზიციაა ყველაზე პრობლემატური საქართველოს ნაკრებში და სად გვჭირდება შევსება ყველაზე მეტად?
- ყველაზე პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება. რაღაც განსაკუთრებულს ველოდი მოლდოვასთან, როცა დავინახე, რომ სტადიონზე 50 ათასი ადამიანი იყო მოსული, მაგრამ ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც ირლანდიასა და უელსში.

ყველას გვინდოდა, არ ვამბობ, რომ ბიჭებს არ მოუნდომებიათ, თუმცა ემოციებთან, პასუხისმგებლობასთან გამკლავება ვერ მოვახერხეთ და ვერ მოვიგეთ. ეს ძალიან არასასიამოვნო მომენტი იყო, არასასიამოვნო სიურპრიზი, როგორც ქომაგისთვის და ჟურნალისტებისთვის, ასევე ჩემთვისაც.

იმას ვამბობ, რომ ყველა პოზიციაზე უნდა მოვუმატოთ. ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იმუშაონ კონცენტრაციისა და ოსტატობის ასამაღლებლად, რაც შედეგებზეც აუცილებლად აისახება.

- თითქმის ერთი წელია საქართველოს ნაკრებში მუშაობთ, ჩაატარეთ 4 ოფიციალური და რამდენიმე ამხანაგური მატჩი. რა წარმოდგენა შეგექმნათ ქართულ ფეხბურთზე?
- როდესაც ეს თანამდებობა ჩავიბარე, ნანახი მქონდა საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაში და ვთქვი, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ქართველი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან. ეს მხოლოდ ოქრიაშვილს, მჭედლიძეს, ყაზაიშვილს და ანანიძეს არ ეხება. დიდი გამოცდილება აქვთ კანკავასა და კაშიას. საბოლოო ჯამში კი ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ გვაქვს პოტენციალი, ტალანტი, ტექნიკა და ასე გრძელდებოდეს მუდმივად. ეს აუცილებლად უნდა აისახოს შედეგებზე.

დარწმუნებული ვარ, წელს ჩვენ უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე შარშან გვქონდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ აშკარად მოვუმატეთ და ეს გულშემატკივარზეც აისახა და მოლდოვასთან სტადიონი შეივსო. ანუ ხალხმა დაინახა, რომ სწორი გზით მივდივართ და გამოჩნდა, რომ უელსთან და ირლანდიასთან ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო. თუმცა ფეხბურთი ხშირად ასეთია, ყოველთვის არ გაგიმართლებს. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები მწვრთნელი თუ ვინმე სხვა, ფაქტია, რომ ამ გუნდს აქვს პოტენციალი და შესაძლებელია შემდეგ შესარჩევებში ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა.

- საქართველოში ჩამოსვლამდე სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობდით და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოახერხეთ გასვლა. სლოვაკეთი, ისევე, როგორც საქართველო, არ არის მსოფლიო ფეხბურთის გრანდი. რა განსხვავებებსა და მსგავსებას ხედავთ ამ ორ გუნდს შორის და რა არის საქართველოსთვის საჭირო იმავე შედეგის მისაღწევად?
- თავიდან დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო. მაშინაც მძიმედ დავიწყეთ, პირველი თამაში საბერძნეთთან წავაგეთ, შემდეგ კი ბედნიერი ეპოქა დაიწყო. ზედიზედ მოვუგეთ ირლანდიასა და პოლონეთს. მსოფლიოს ჩემპიონატზეც გავედით, მაგრამ ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა, ჯობია კარგ მოგონებად დარჩეს, ეს უკვე ისტორიაა.

ვისურვებდი, რომ იგივე განმეცადა საქართველოს ნაკრებთან ერთადაც, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. მაშინდელი სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელები ევროპულ ტოპ-კლუბებში, ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობდნენ: "ლივერპულში", "ნაპოლიში", ჩემი შვილი "მანჩესტერ სიტიში" იყო, უმრავლესობა რეგულარულად თამაშობდა რუსეთის პრემიერლიგაში. საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებებს შორის განსხვავება სწორედ ესაა.

მუდმივად ვესაუბრებოდი ფეხბურთელების აგენტებს, ვთხოვდი, რომ ჭკვიანური ტრანსფერები განეხორციელებინათ, ისე კი არა, როგორც აქ, ნაკრების ფეხბურთელები მაკედონიაში, ლატვიაში და სხვა მსგავს ჩემპიონატებში რომ გადავლენ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს არაფრით აღემატება. ამაზეც სერიოზული მუშაობაა საჭირო. თუ თავიანთ კლუბებში ფეხბურთელები მუდმივად სკამზე ისხდებიან, ნაკრები ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას.

მაგალითად, ლევან მჭედლიძე. ის ბედნიერია თავის კლუბში, მას ენდობიან, ათამაშებენ. თუ ასე იქნებიან ანანიძე, ყაზაიშვილი და სხვებიც, მაშინ შეიძლება საქართველო შევადაროთ არა მარტო სლოვაკეთს, არამედ ჩეხეთსაც, რუსეთს, სხვებსაც და დარწმუნებული ვარ, წარმატებასაც მივაღწევთ.

- საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ გუნდი მხოლოდ ეპიზოდურად ახერხებს მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას. ამას მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებს ვერ დავაბრალებთ, რადგან ზოგჯერ გუნდი პირველ ტაიმში გამოიყურება უკეთ, ზოგჯერ კი მეორეში. რატომ ხდება ასე?

- მაგალითად, ირლანდიაში პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორე ვერა. უელსთან პირიქით მოხდა. პირველი ტაიმი ცუდი იყო, მეორე ძალიან კარგი. მართლაც რთული გასარკვევია, ეს ფიზიკური პრობლემაა თუ ფსიქოლოგიური. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაღაც ბალანსი უნდა ვიპოვოთ. თუმცა იმავეს გავიმეორებ, თუ ფეხბურთელებს კლუბებში სტაბილური სათამაშო დრო არ ექნებათ, მაშინ ისინი სარგებელს ვერც ნაკრებს მოუტანენ. მაგალითად, საბა კვირკველია უკვე ნახევარი წელია "რუბინის" სათადარიგოთა სკამზეა. ის მაინც კარგად თამაშობს, მაგრამ პრაქტიკის უქონლობა წინსვლაში ხელს უშლის. მას გაცილებით მეტი შეუძლია. ეს სხვებსაც ეხებათ. ასეთი ნიუანსები ახდენს გავლენას თამაშის მიმდინარეობაზე. ასევე, ჩვენი მთავარი პრობლემა საგოლე მომენტების რეალიზებაა. საკვალიფიკაცო ეტაპის მატჩებში ბევრი მომენტი შევქმენით. მათი ნახევარიც რომ გამოგვეყენებინა, ახლა 6-7 ქულა გვექნებოდა. მეტი კონცენტრაციაა საჭირო, მეტი სათამაშო პრაქტიკა კლუბებში და დარწმუნებული ვარ, შედეგიც დადებითი იქნება.

- როდესაც ნაკრებში მუშაობა დაიწყეთ, ტაქტიკური სქემა შეცვალეთ, ერთი პერიოდი გუნდი სამი მცველით და ორი განაპირა მცველით თამაშობდა. 4-2-3-1 სისტემა თქვენთვის ზოგადად კომფორტული, აპრობირებული ტაქტიკაა თუ გადაწყვეტილება ნაკრებში არსებული რესურსიდან გამომდინარე მიიღეთ?
- მე აქამდე არასოდეს მითამაშია სამი მცველით, თუმცა ის ვარიანტი, რომლითაც გუნდს კახა ცხადაძე ათამაშებდა, კარგია გარკვეული გუნდების წინააღმდეგ. თუ მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს კარგად გააანალიზებ, ეს ტაქტიკაც შეიძლება ეფექტური გამოვიდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ტაქტიკა მომავალ თამაშებშიც გამოვიყენოთ. უელსთან თამაშის წინ სწორედ ასეთ სქემაზე ვფიქრობდი, რომ სწრაფი ფლანგელებისთვის სივრცეები მაქსიმალურად შეგვეზღუდა. მწვრთნელმა არა მხოლოდ თავისი გუნდის, არამედ მოწინააღმდეგის ძლიერ მხარეზეც უნდა იფიქროს.

მე ჯერჯერობით ყველა მატჩში 4-2-3-1 ტაქტიკით დავიწყე, ესპანეთთან მატჩის გარდა, სადაც უფრო დაცვითი შემადგენლობით გამოვედით და ამან შედეგიც მოგვიტანა, მაგრამ საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ეს სქემა გოლების გასატანად არ იყო იდეალური. ამიტომ კიდევ ვიფიქრებთ, ამ შეკრებასაც გამოვიყენებთ რამდენიმე ტაქტიკური სქემის გამოსაცდელად და შემდეგ შევაფასებთ ყველაფერს.

წინ სერბეთთან თამაშია. ჯგუფიდან გასვლის რაღაც მათემატიკური შანსები გვაქვს, მაგრამ ეს რეალობისგან მაინც შორსაა. ამის მიუხედავად, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ მომავალ შესარჩევში უკეთეს კალათაში მოვხვდეთ.

- მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება. მოგწონთ თუ არა ეს სიახლე და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ნაკრებისთვის?
- არ ვიცი, მხოლოდ დრო გვიჩვენებს ამ გადაწვეტილების სისწორეს. ძალიან კარგია, 16-გუნდიანი ჩემპიონატიდან რომ 10-გუნდიანი ჩემპიონატი გაკეთდა, რადგან 16-გუნდიანი არ შეესაბამებოდა ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას.

ფეხბურთელების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში შემცირდება, მაგრამ ხარისხით ამაღლდება და მეტი საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება.

- საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტით კიდევ ერთი წელი გაკავშირებით. რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი მუშაობით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენმა შრომამ დადებითი შედეგი მოიტანოს?
- მე, როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი, მთელი ცხოვრება რაღაცას ვსწავლობ. აქ ყოფნის პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე, კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ყველასთან, მათ შორის გულშემატკივართან და ჟურნალისტებთან, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით, რადგან ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. ნახევარ წელიწადში სასწაულის მოხდენა შეუძლებელია, ეს ცხადია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე მომწონს საქართველო. თუ ჩემი მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეფასდება, დავრჩები, თუ არა და, ნაკრებს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. ახლა მხოლოდ თამაშებზე ვარ კონცენტრირებული, ჯერ ამხანაგურებზე, შემდეგ სერბეთთან და მოლდოვასთან.

სექტემბერში კი ვნახოთ, რა იქნება. ასეთია მწვრთნელის ცხოვრება. მთავარი შემფასებელი მაინც გულშემატკივარია. სწორედ მათ რეაქციაზეა ყველაფერი დამოკიდებული.

- საქართველოს ნაკრებს დანაკლისი აქვს - ვაისის განკარგულებაში 19 ფეხბურთელი დარჩა
მკითხველის კომენტარები / 11 /
უკვე მომავალ შესარჩევზე ალაპარაკდა
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
14:00 18-01-2017
0
ეს კაცი ახლავე გასაშვებია, რომ ამბობს კარგია 16 კლუბიანის ნაცვლად 10 კლუბიანი ჩემპიონატი იქნება და რომ კლუბების და ფეხბურთელების ნაკლებობა მათ ხარისხს აწევსო.
ვოვა მაგარი პროფანი ყოფილხარ. ჩვენ 2017 ში ვნახავთ ქართული ფეხბურთის სამაგალითო დასამარებას, ამის გარანტია უკვე გვეძლევა.
Jango
14:01 18-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული