ვლადიმერ ვაისმა 28 წლის ნახევარმცველი ნაკრებში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა და ბევრად გამოცდილი და დაღვინებული საყრდენი ნახევარმცველი იანვარში დუბაიში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის "ჯვაროსნებთან" ერთად ემზადება.
გიორგი განუგრავას "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა.
- ნაკრებში პირველი გამოძახება თავისთავად სასიხარულოა, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნო 7-წლიანი პაუზის შემდეგ მიწვევა იქნებოდა...
- რა თქმა უნდა, ასეა. ბოლოს თემურ ქეცბაიასთან მოლდოვასთან
- ნაკრებში მოსახვედრად ხელი გუნდმა და მოსამზადებელმა პირობებმაც უნდა შეგიქმნას...
- მიმაჩნია, რომ "ჩიხურას" საკმაოდ კარგი მოსამზადებელი პირობები გააჩნია. ის ფაქტი კი, ჩვენ ვიცე-ჩემპიონები რომ გავხდით, უკვე მეტყველებს - სანაკრებოდ ხელს კლუბიც მიწყობს.
- ვიცე-ჩემპიონობა კარგია, მაგრამ "სამტრედიამ" ფინალში აშკარად გაჯობათ - წაგებამ ფსიქოლოგიურად არ იმოქმედა?
- რა თქმა უნდა, ეს დიდი დარტყმა იყო. მარტო იმიტომ, რომ ორ ფრონტზე ვიბრძოდით, ლამის მთელი სეზონი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ფინიშზე ვერც ჩემპიონობა მოვიპოვეთ და ვერც - თასი. ალბათ, შეცდომა სწორედ ორ ფრონტზე ბრძოლა იყო, ბოლომდე კი ძალების მობილიზება ერთზეც ვერ მოვახერხეთ. ფინალი კი ცალკე თემაა. ბოლოს ვისაც მეტი ძალა შერჩებოდა, მოგებაც იმას დარჩებოდა. ალბათ, "სამტრედიამ" საჩემპიონო ფინალისთვის მეტი ძალები შემოინახა. უნდა ვაღიაროთ, რომ სამტრედიელები ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდნენ და დამსახურებულად გვაჯობეს.
- "ჩიხურა" საჩემპიონო ზღვარს მიუახლოვდა და ახლა თქვენ მიმართ მოთხოვნებიც გაიზრდება...
- ფაქტობრივად, ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და რამდენიმე ახალწვეულით გავძლიერდით. ბოლო წლებში კი, "ჩიხურას" ყოველთვის დიდი მიზნები ჰქონდა და კაცმა რომ თქვას, წლეულს ჩემპიონობისთვის რატომაც არ უნდა ვიბრძოლოთ? ქართული გუნდი ორ უცხოურ შეკრებას რომ გეგმავს, ეს უკვე მეტყველებს, რომ დიდი მიზნები გააჩნია.
თუმცა, წინასწარ შეგუებულები ვართ იმ აზრს, რომ შარშანდელზე ბევრად რთული სეზონი გველოდება.
- წლეულს, ჩემპიონატში ჩვეულებრივზე მეტი, 36 თამაშის გამართვა მოგიწევთ. ეს ფეხბურთელებისთვის კარგია თუ ცუდი?
- ვერ ვიტყვი, რომ გარდამავალ ჩემპიონატში დასვენებისთვის ბევრად მეტი დრო გვქონდა, მაგრამ ორი აზრი არაა, 10-გუნდიანი ჩემპიონატი უფრო რთული ჩასატარებელი იქნება. მიმაჩნია, რომ უკეთეს ადგილს ის დაიკავებს, ვინც უკეთ მოემზადება.
- ანუ მდიდრებს? მომზადებაში უპირატესობა შედარებით უზრუნველყოფილ კლუბებს გააჩნიათ...
- რა თქმა უნდა, ფეხბურთში წარმატება მეტ ფინანსებსაც მოაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, სტაბილურობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. "ჩიხურა" კი სწორედ ასეთი კლუბია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"