როგორც ირკვევა, სლოვაკმა სპეციალისტმა გუნდთან თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ იპოვა პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს ქართველ ფეხბურთელებს წარმატების მიღწევაში.
ვაისის ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.
- რა იცოდით საქართველოზე, სანამ მის უპირველეს გუნდს ჩაიბარებდით?
- ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი მოთამაშეები. ავიღოთ თუნდაც თბილისის "დინამო, რომელმაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო. შემდეგ იყო სხვა თაობა: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" გამოდიო
მსურდა გამეგო, რა აკლიათ ახლანდელ ქართველ ფეხბურთელებს საიმისოდ, რომ წარმატებას მიაღწიონ.
- და რა არის ეს?
- გუნდთან თითქმის წელიწადია ვმუშაობ, რომლის ნახევარი პირველი 3-4 მატჩის ანალიზს მოვანდომე. გავეცანი მოთამაშეებსა და მათ მენტალიტეტს და გამოვიტანე ძალიან მარტივი დასკვნა: ქართველი ფეხბურთელები, მაგალითად, სლოვაკებთან შედარებით, საშუალოდ, უფრო ნიჭიერები, უფრო ტექნიკურები არიან. უყვართ ბურთი, მაგრამ არ უყვართ უბურთოდ მუშაობა. წარმატების მიღწევა კი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ნაკრები ტაქტიკურად უფრო გამართული იქნება.
ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. მჭირდება დრო, რომ უბურთოდ თამაში ვასწავლო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ოქრიაშვილი, მჭედლიძე, ანანიძე და ყაზაიშვილია. თუ ამას შევძლებ, შედეგიც მოვა.
- ევრო 2016-ის წინ საქართველომ ესპანეთს მოუგო (1:0), თუმცა შესარჩევ ციკლში ჯერ მოგების გარეშე ხართ...
- ვფიქრობ, რომ უელსთან მატჩში გამოჩნდა, რა შეუძლიათ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, როდესაც თამაშზე არიან კონცენტრირებულნი. ირლანდიასთან შეხვედრიდან მესამე დღეს, უელსთან მეორე ტაიმში დიდებული ფეხბურთი ვაჩვენეთ, გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი და გავიტანეთ ლამაზი გოლი.
მომენტების რეალიზაციაზე უნდა ვიმუშაოთ და დავიცვათ ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის. როდესაც ამას მივაღწევთ, შეგვიძლია ვიფიქროთ პლეი ოფში მოხვედრასა და ჯგუფიდან გასვლაზე.
- რას ელით დუბაიში სპარინგებისგან?
- საქართველო პატარა ქვეყანაა. ნაკრების კანდიდატთა სია საკმაოდ მოკლეა, მაგრამ ძიება უნდა გაგრძელდეს. ეს მატჩები ეროვნულ პირველობაში მოთამაშე ფეხბურთელების საქმეში სანახავად მჭირდება.
ნაკრების პოტენციური ახალწვეულების ძებნას გავაგარძელებთ. კონკურენცია ყველას სჭირდება - ოქრიაშვილსაც, კანკავასაც, ანანიძესაც და ლორიასაც.
- ჩანს, შორს მიმავალ გეგმებს აწყობთ...
- ეს სამუშაო აბსოლუტურად მაკმაყოფილებს. საქართველოს ნაკრებს ბრწყინვალე სამწვრთნელო შტაბი, პერსონალი, ფედერაციის ხელმძღვანელობა ჰყავს, მაგრამ უპირველესად, გულშემატკივრები უნდა გამოვარჩიო, რომლებიც აქამდე ვერ გავახარეთ გამარჯვებით.
მოლდოვასთან შეხვედრის დროს ტრიბუნებზე 50 ათასი ადამიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ, არ გაგვაკრიტიკეს და არც გვისტვინეს. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც აფასებენ ჩვენს სამუშაოს. მჯერა, სერბეთთან მომავალ შეხვედრაში შევძლებთ მათ გახარებას. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, ბედნიერი ვიქნები, თუ აქ დიდხანს დავრჩები.
მომზადებულია uefa.com-ს მიხედვით