ერთა ლიგა - ევრო 2020-ზე მოხვედრის ყველაზე იოლი გზა საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
ამ სიახლეზე ევროპული ფეხბურთის მამები ბოლო წლებში (2014 წლიდან) ინტენსიურად საუბრობდნენ და უეფას დეკემბრის აღმასკომმაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში ბეჭედი დაუსვა ნაკრებებს შორის ახალ ტურნირს - უეფას ერთა ლიგას.

ერთა ლიგა სტარტს გაისად, 2018 წლის სექტემბერში აიღებს, ხოლო ფინალური ეტაპი 2019 წლის 5-9 ივნისს გაიმართება.

მაშ, როგორი ტურნირი იქნება ერთა ლიგა და რა როლი ექნება ამ ტურნირში საქართველოს ნაკრებს?

უეფას წევრი 55 ქვეყანა სექტემბრისთვის ოთხ სხვადასხვა დივიზიონში გადანაწილდება (უეფას რეიტინგით). ლიგებს ალბათ, A, B, C და D დაერქმევა. თითოეულ ლიგაში 4
ჯგუფი იქნება (3 ან 4 ნაკრებით). ფინალური ეტაპის 4 საუკეთესო გუნდი ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს, ლიგებს შორის იქნება ნაკრებთა მონაცვლეობა.

ამ ტურნირმა უნდა ჩაანაცვლოს ამხანაგური მატჩები. ასე რომ, მალე საქართველოს ნაკრებისთვის სპარინგ-პარტნიორების გამოძებნა პრობლემა აღარ იქნება.

რომელი რეიტინგით გადანაწილდება გუნდები ერთა ლიგაში?

უეფა იხელმძღვანელებს უეფას ქვეყნების რეიტინგით 2017 წლის 15 ნოემბრისთვის (იმ დროისთვის, როცა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპაში დასრულდება).

A დივიზიონში ითამაშებს საუკეთესო რეიტინგიანი 12 ნაკრები. უმაღლეს ლიგაში იქნება 4 სამგუნდიანი ჯგუფი. დღეს რომ ნაწილდებოდეს გუნდები, A დივიზიონში მოხვდებოდნენ: გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, შვეიცარია, ესპანეთი, ინგლისი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ირლანდია და უკრაინა.

B დივიზიონშიც 12 ნაკრები ითამაშებს, აქაც 4 სამგუნდიანი ჯგუფი იქნება. დღეს რომ ნაწილდებოდეს გუნდები, B დივიზიონში მოხვდებოდნენ: ჰოლანდია, რუსეთი, ისლანდია, უნგრეთი, უელსი, ბოსნია & ჰერცეგოვინა, შვედეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ისრაელი და სლოვენია.

C დივიზიონში 15 ნაკრები ითამაშებს. იქ 4 ჯგუფი იქნება - სამი 4-გუნდიანი და ერთიც სამგუნდიანი. ახლანდელი რეიტინგით დივიზიონში ხვდებიან: ჩრ. ირლანდია, რუმინეთი, ჩეხეთი, თურქეთი, ალბანეთი, დანია, ჩერნოგორია, სერბეთი, ბულგარეთი, შოტლანდია, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი და ფინეთი.

D დივიზიონი - ეს დივიზიონი ჩვენთვის იმითაც არის გამორჩეული, რომ სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები აქ ითამაშებს, თუ წლეულს და გაისად მკვეთრად არ გააუმჯობესებს ასპარეზობას. დივიზიონში 16 გუნდი იქნება - 4 4-გუნდიანი.

მაშ ასე, დივიზიონში ითამაშებენ: ესტონეთი, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, მაკედონია, კოსოვო, ლიხტენშტაინი, მალტა, ანდორა, სან მარინო და გიბრალტარი.

კენჭისყრის პროცედურა მოგვიანებით დამტკიცდება. როგორც გითხარით, დივიზიონებს შორის იქნება გავარდნა-აღზევების წესი.

როგორია საქართველოსთვის ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების ყველაზე მარტივი გზა?

D დივიზიონის გამარჯვებული (რომელიც 2019 წლის მარტის ოთხთა ტურნირში გამოვლინდება) ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ანუ საქართველოს ნაკრებმა უნდა მოიგოს ჯერ ჯგუფი დივიზიონში, შემდეგ კი ოთხი ჯგუფის გამარჯვებული 4 ნაკრებისგან შექმნილი ოთხთა ტურნირი. თუკი სავარაუდო მეტოქეებს შევხედავთ, ეს არ უნდა იყოს მიუღწეველი ოცნება. თუ არადა, ჯგუფის მოგება დივიზიონით დაწინაურებას ნიშნავს.

სხვათა შორის, ამ დივიზიონის სავარაუდო მონაწილეებიდან მხოლოდ ლატვიას (ისიც ერთხელ 2004-ში) ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის გამოცდილება.

უეფას ერთა ლიგის სავარაუდო სტრუქტურა

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
ნამდვილად საინტერესო ინიციატივაა...მაგრამ,რა გამოდის ეხლა დავაკვირდეთ...დავუშვათ და,ჩვენი ნაკრების შემთხვევაში...შესარჩევის დარჩენილ რამოდენიმე შეხვედრაში დადებითი შედეგი რო ვაჩვენოთ?,..და შემდეგ ამ ერთა ლიგის ც დივიზიონში რო მოვხვდეთ?..რაში გვაწყობს,ა?..გამოდის,რო ამ თამაშებში წაგებაზე უფრო უნდა ვიფიქროთ,ვიდრე მოგებაზე...ახლა რო რაღაც ჯუჯა ქვეყანას ვხვდებით ამხანაგურში,არც მაგასთან გვაწყობს მოგება..ახლა ნახეთ თქვენ შაყირი სტადიონზე...ე ბიჭო,არ გაიტანო...და ასე შემდეგ...
ქუთაისი
13:47 31-03-2017
0
მე მგონი ბევრმა ვერ გაიგო ამ გათამაშების არსი, ამიტომ ჯობდა სტატიის დასაწყისში ესეც გეხსენებინათ, ტრადიციული შესარჩევი ეტაპის თამაშები ისევ დარჩება, საიდანაც გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 20 გუნდი. ხოლო ერთა ლიგის თამაშები ჩატარდება ამხანაგური მატჩების მაგივრად, საიდანაც დარჩენილი ოთხი საგზური გამოვლინდება. დიდი გუნდებისთვის ეს თამაშები მაინც ამხანაგური მატჩების ფუნქციას შეასრულებს, რადგან ჩვეულებრივი შესარჩევიდან ისედაც გავლენ. მთლიანობაში ძაან კარგი ინიციატივაა, ფეხბურთს ჭირდება სიახლეეი,
guga
12:48 31-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული