[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ დაწყევლა კუპერი?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი აფრიკის ერთა თასის ფინალში გაუძღვა ეგვიპტეს და დამარცხდა. ალბათ, გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ მომხდარიყო. რა თქმა უნდა, კარგად დაკომპლექტებულ ეგვიპტეს არაფერს ვერჩით, მაგრამ მარად მეორეო, თუ ვინმეზე ითქმის, სწორედ კუპერზეა ზედგამოჭრილი.

მსოფლიო ფეხბურთში დღეს სანთლით არ მოიძებნება ისეთი უიღბლო მწვრთნელი, როგორიც კუპერია...

ექტორ კუპერს მხოლოდ სამი გუნდური ტიტული აქვს. ესპანეთის სუპერთასი (ორჯერ) და არგენტინაში მუშაობის დროს მოგებული კონმებოლის თასი. წაგებულ ფინალებს რაც შეეხება, "ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავებიო",
დაახლოებით ასეა ჩვენი არგენტინელი მეგობრის ამბავი. უყურებ მის სამწვრთნელო კარიერას და გიჩნდება შეგრძნება, რომ არგენტინელი ვიღაცამ დაწყევლა.

ერთხელაც გადავავლოთ თვალი მის სამწვრთნელო გზას და ის პერიოდიც გავიხსენოთ, როცა ის საქართველოს ნაკრებს მოძღვრავდა.

დათარსული სერია შორეულ 1994 წელს დაიწყო. მართალია, ეს არ იყო ფინალი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ კუპერმა კინაღამ გააჩემპიონა არგენტინული "ურაკანი". ბოლო ტურში ამ გუნდს ქულაც ჰყოფნიდა ოქროს მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ... წააგო და ჩემპიონობას ვერ შესწვდა.

კუპერის უიღბლო სერია "მალიორკაში" გაგრძელდა, სადაც ორი ფინალი წააგო. ჯერ ესპანეთის თასის ფინალი (პენალტების სერიაში) დათმო "ბარსელონასთან", მერე კი თასების მფლობელთა თასის ფინალში ვერაფერი მოუხერხა "ლაციოს".

"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის რანგში კუპერმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჯერ იყო და, არგენტინელი ტიტულამდე "რეალმა" არ მიუშვა, მერე კი - მიუნხენის "ბაიერნმა".

იტალიაში, "ინტერის" მთავარ მწვრთნელად მუშაობისას, კუპერმა ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურში გაუშვა ხელიდან, არადა, მხოლოდ საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, თუმცა... შანსი ვერ შეირგო.

ფინალი ითამაშა კუპერმა საბერძნეთშიც. სალონიკის "არისთან" ერთად ის გადამწყვეტ შეხვედრამდე მივიდა, თუმცა "პანათინაიკოსთან" ვერაფერი გააწყო.

ბოლოს კი იყო აფრიკის თასის ძალიან დრამატული ფინალი, რომელშიც ეგვიპტე მოჰამედ სალაჰის გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. გადამწყვეტი გოლი კი მატჩის ბოლოსწინა წუთზე კამერუნელმა ვენსან აბუბაქარმა გაიტანა და ბედმა კუპერს კიდევ ერთხელ დასცინა.

რა თქმა უნდა, ის ძალიან ძლიერი მწვრთნელია. ფეხბურთში რა მოგწონს და რა არა, ეს უკვე გემოვნების ამბავია. ჩემი აზრით კი, თუნდაც აფრიკის თასზე, არგენტინელს უკეთესი ნაკრები უნდა ჰყოლოდა. ეგვიპტეს შეეძლო, მოეგო ტურნირი, მაგრამ არ იმსახურებდა. ძნელია, ასე შეცვალო გუნდი არცთუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და კუპერი თუნდაც ამიტომაა ძლიერი მწვრთნელი, ეს რომ მოახერხა.

ეგვიპტის ნაკრები, რომელიც ბოლო წლებში სულ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, გარდაიქმნა ზემტკიცე დაცვის გუნდად, რომელიც მეტოქის სიძლიერისა თუ სისუსტის მიუხედავად, ბურთს თმობდა და კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას. მთელი ტურნირის განმავლობაში ეგვიპტე უფრო წვალობდა, ვიდრე თამაშობდა, თუმცა შესანიშნავმა დაცვამ გუნდი ფინალამდე მიიყვანა.

შეცდა თუ არა კუპერი, ეს სხვა საკითხია, ერთი კია, რომ ეგვიპტემ თავის თავს უღალატა და მისი თამაშები ძველებურად კარგი საცქერი აღარ იყო.

და მაინც, კუპერმა დიდი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში. რად ღირს თუნდაც მისი "ვალენსია"! შეიძლება, ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრები შემეკამათონ და სხვა მაგალითი მოიყვანონ, მაგრამ მე არ მახსოვს კონტრშეტევაზე ასე დახვეწილად მოთამაშე გუნდი. ორი-სამი შეხება და მოწინააღმდეგის კართან უკვე ძალიან ცხელოდა...

* * *
კუპერი 2008-09 წლებში ხელმძღვანელობდა ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს. საქართველოს ნაკრებს არაერთხელ ჰქონია რთული პერიოდი, მაგრამ ჩემი აზრით, ასე სუსტად, როგორც ეს კუპერის დროს იყო, ჩვენს გუნდს არასოდეს უთამაშია.

არანაირი კომუნიკაცია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. მოშლილი და დემორალიზებული გუნდი. ფედერაცია ცალკე და კუპერი კიდევ - ცალკე. მოკლედ, ძალიან რთული დრო იყო ქართულ ფეხბურთში.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში მუშაობით მწვრთნელს ვერ განსჯი. ისე ჩანდა, რომ კუპერი მარტო აღმოჩნდა იმ ქვეყანაში, რომლის მენტალიტეტიც და საფეხბურთო რაობა მისთვის ამოუხსნელ რებუსად დარჩა.

სიმართლე ითქვას, ვერც ის გავიგეთ, რა სათამაშო სტილს ამკვიდრებდა საქართველოს ნაკრებში, საით მიჰყავდა გუნდი. ერთადერთი, რაც ფაქტია, მაშინ საქართველოს ნაკრებში რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ იძახებდნენ. კუპერს კონფლიქტი ჰქონდა მალხაზ ასათიანთან. მოკლედ, არგენტინელს ძალიან ცუდ დროს მოუწია საქართველოში მწვრთნელობა. ქვეყანასა და ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ იცვლებოდა და რუსეთთან ომი ახალი დამთავრებული იყო.

გვახსოვს მისი "სამშაბათობები", თუმცა ამ ღონისძიებას სასიკეთო არაფერი მოუტანია ქართული ფეხბურთისთვის. ნაკრებში კი რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, სხვა დროს და სხვა ვითარებაში ეროვნულ გუნდში ვერაფრით რომ ვერ მოხვდებოდა.

არ გვგონია, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების იგნორირება კუპერის იდეა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს სერიოზული ძალა მოაკლდა. არც ის გამოვრიცხოთ, რომ კუპერს ეს "ზემოდან" "ურჩიეს".

საბოლოოდ, ის ისე წავიდა საქართველოდან, ხეირიანად ვერც კი გაერკვა, სად იყო და რა უნდოდა. წავიდა ბერძნულ "არისში", სადაც ნორმალურად იმუშავა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მართალია, საუკეთესო სამწვრთნელო წლები ზურგს უკან ჰქონდა მოტოვებული, მაგრამ საქართველოს ნაკრებში აშკარად შეიძლებოდა მისი უკეთ გამოყენება.

არ ვიცი, ბოლომდე სიმართლეა თუ არა ის, რაც ახლა უნდა დავწერო, მაგრამ მე არ მინახავს და შეიძლება ასეც იყო: რატომღაც მგონია, რომ საქართველოში ყოფნის დროს კუპერს ერთხელაც არ გაუცინია. ის ჩვენთან უფრო იტანჯებოდა, ვიდრე სიამოვნებას იღებდა მუშაობისგან.

არადა, რა კარგი იყო დასაწყისი - მოგება უელსის ნაკრებთან გასვლაზე, თანაც, აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ. კარგად დაწყებული საქმე ცუდად გაგრძელდა და კუპერი ისე გაეცალა საქართველოს, რომ ოფიციალური მატჩი არ მოუგია.

და მაინც, ვინ დაწყევლა კუპერი?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი, მაშინ ერთად გავიხსენოთ: რევიშვილი იმ დროს სათადარიგოთა სკამს ხეხავდა და საერთოდ არ ჰქონდა პრაქტიკა; ამისულაშვილი ტოპმიოლერმა გაუშვა გუნდიდან (და არა კუპერმა); მარცვალაძე 2006 წლის მერე არ იყო გამოძახებული და რუსეთში თამაში რა შუაშია; გოგუას ყველა მწვრთნელთან კონფლიქტი ჰქონდა; ერთადერთი სალუქვაძე იყო სტაბილურად თავისი გუნდის შემადგენლობაში იმ დროს, ვინც არ გამოუძახებიათ. ასე რომ, ნუ ეძებ პოლიტიკას იქ, სადაც არ არის.

და კიდევ ერთი: მოდერატორო, ან საერთოდ გააუქმეთ კომენტარები, ან დროზე დადეთ.
თემოს-ს
12:28 09-02-2017
0
ისეთი ნაკრები ყავდა და ისე თამაშობდნენ რომ, სულ სასაცილოდ ქონდა საქმე...თავი რო არ მოიკლა არ გიკვირს
კახა ქირია
12:19 09-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული