მსოფლიო ფეხბურთში დღეს სანთლით არ მოიძებნება ისეთი უიღბლო მწვრთნელი, როგორიც კუპერია...
ექტორ კუპერს მხოლოდ სამი გუნდური ტიტული აქვს. ესპანეთის სუპერთასი (ორჯერ) და არგენტინაში მუშაობის დროს მოგებული კონმებოლის თასი. წაგებულ ფინალებს რაც შეეხება, "ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავებიო",
ერთხელაც გადავავლოთ თვალი მის სამწვრთნელო გზას და ის პერიოდიც გავიხსენოთ, როცა ის საქართველოს ნაკრებს მოძღვრავდა.
დათარსული სერია შორეულ 1994 წელს დაიწყო. მართალია, ეს არ იყო ფინალი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ კუპერმა კინაღამ გააჩემპიონა არგენტინული "ურაკანი". ბოლო ტურში ამ გუნდს ქულაც ჰყოფნიდა ოქროს მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ... წააგო და ჩემპიონობას ვერ შესწვდა.
კუპერის უიღბლო სერია "მალიორკაში" გაგრძელდა, სადაც ორი ფინალი წააგო. ჯერ ესპანეთის თასის ფინალი (პენალტების სერიაში) დათმო "ბარსელონასთან", მერე კი თასების მფლობელთა თასის ფინალში ვერაფერი მოუხერხა "ლაციოს".
"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის რანგში კუპერმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჯერ იყო და, არგენტინელი ტიტულამდე "რეალმა" არ მიუშვა, მერე კი - მიუნხენის "ბაიერნმა".
იტალიაში, "ინტერის" მთავარ მწვრთნელად მუშაობისას, კუპერმა ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურში გაუშვა ხელიდან, არადა, მხოლოდ საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, თუმცა... შანსი ვერ შეირგო.
ფინალი ითამაშა კუპერმა საბერძნეთშიც. სალონიკის "არისთან" ერთად ის გადამწყვეტ შეხვედრამდე მივიდა, თუმცა "პანათინაიკოსთან" ვერაფერი გააწყო.
ბოლოს კი იყო აფრიკის თასის ძალიან დრამატული ფინალი, რომელშიც ეგვიპტე მოჰამედ სალაჰის გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. გადამწყვეტი გოლი კი მატჩის ბოლოსწინა წუთზე კამერუნელმა ვენსან აბუბაქარმა გაიტანა და ბედმა კუპერს კიდევ ერთხელ დასცინა.
რა თქმა უნდა, ის ძალიან ძლიერი მწვრთნელია. ფეხბურთში რა მოგწონს და რა არა, ეს უკვე გემოვნების ამბავია. ჩემი აზრით კი, თუნდაც აფრიკის თასზე, არგენტინელს უკეთესი ნაკრები უნდა ჰყოლოდა. ეგვიპტეს შეეძლო, მოეგო ტურნირი, მაგრამ არ იმსახურებდა. ძნელია, ასე შეცვალო გუნდი არცთუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და კუპერი თუნდაც ამიტომაა ძლიერი მწვრთნელი, ეს რომ მოახერხა.
ეგვიპტის ნაკრები, რომელიც ბოლო წლებში სულ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, გარდაიქმნა ზემტკიცე დაცვის გუნდად, რომელიც მეტოქის სიძლიერისა თუ სისუსტის მიუხედავად, ბურთს თმობდა და კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას. მთელი ტურნირის განმავლობაში ეგვიპტე უფრო წვალობდა, ვიდრე თამაშობდა, თუმცა შესანიშნავმა დაცვამ გუნდი ფინალამდე მიიყვანა.
შეცდა თუ არა კუპერი, ეს სხვა საკითხია, ერთი კია, რომ ეგვიპტემ თავის თავს უღალატა და მისი თამაშები ძველებურად კარგი საცქერი აღარ იყო.
და მაინც, კუპერმა დიდი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში. რად ღირს თუნდაც მისი "ვალენსია"! შეიძლება, ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრები შემეკამათონ და სხვა მაგალითი მოიყვანონ, მაგრამ მე არ მახსოვს კონტრშეტევაზე ასე დახვეწილად მოთამაშე გუნდი. ორი-სამი შეხება და მოწინააღმდეგის კართან უკვე ძალიან ცხელოდა...
* * *
კუპერი 2008-09 წლებში ხელმძღვანელობდა ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს. საქართველოს ნაკრებს არაერთხელ ჰქონია რთული პერიოდი, მაგრამ ჩემი აზრით, ასე სუსტად, როგორც ეს კუპერის დროს იყო, ჩვენს გუნდს არასოდეს უთამაშია.არანაირი კომუნიკაცია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. მოშლილი და დემორალიზებული გუნდი. ფედერაცია ცალკე და კუპერი კიდევ - ცალკე. მოკლედ, ძალიან რთული დრო იყო ქართულ ფეხბურთში.
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში მუშაობით მწვრთნელს ვერ განსჯი. ისე ჩანდა, რომ კუპერი მარტო აღმოჩნდა იმ ქვეყანაში, რომლის მენტალიტეტიც და საფეხბურთო რაობა მისთვის ამოუხსნელ რებუსად დარჩა.
სიმართლე ითქვას, ვერც ის გავიგეთ, რა სათამაშო სტილს ამკვიდრებდა საქართველოს ნაკრებში, საით მიჰყავდა გუნდი. ერთადერთი, რაც ფაქტია, მაშინ საქართველოს ნაკრებში რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ იძახებდნენ. კუპერს კონფლიქტი ჰქონდა მალხაზ ასათიანთან. მოკლედ, არგენტინელს ძალიან ცუდ დროს მოუწია საქართველოში მწვრთნელობა. ქვეყანასა და ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ იცვლებოდა და რუსეთთან ომი ახალი დამთავრებული იყო.
გვახსოვს მისი "სამშაბათობები", თუმცა ამ ღონისძიებას სასიკეთო არაფერი მოუტანია ქართული ფეხბურთისთვის. ნაკრებში კი რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, სხვა დროს და სხვა ვითარებაში ეროვნულ გუნდში ვერაფრით რომ ვერ მოხვდებოდა.
არ გვგონია, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების იგნორირება კუპერის იდეა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს სერიოზული ძალა მოაკლდა. არც ის გამოვრიცხოთ, რომ კუპერს ეს "ზემოდან" "ურჩიეს".
საბოლოოდ, ის ისე წავიდა საქართველოდან, ხეირიანად ვერც კი გაერკვა, სად იყო და რა უნდოდა. წავიდა ბერძნულ "არისში", სადაც ნორმალურად იმუშავა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მართალია, საუკეთესო სამწვრთნელო წლები ზურგს უკან ჰქონდა მოტოვებული, მაგრამ საქართველოს ნაკრებში აშკარად შეიძლებოდა მისი უკეთ გამოყენება.
არ ვიცი, ბოლომდე სიმართლეა თუ არა ის, რაც ახლა უნდა დავწერო, მაგრამ მე არ მინახავს და შეიძლება ასეც იყო: რატომღაც მგონია, რომ საქართველოში ყოფნის დროს კუპერს ერთხელაც არ გაუცინია. ის ჩვენთან უფრო იტანჯებოდა, ვიდრე სიამოვნებას იღებდა მუშაობისგან.
არადა, რა კარგი იყო დასაწყისი - მოგება უელსის ნაკრებთან გასვლაზე, თანაც, აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ. კარგად დაწყებული საქმე ცუდად გაგრძელდა და კუპერი ისე გაეცალა საქართველოს, რომ ოფიციალური მატჩი არ მოუგია.
და მაინც, ვინ დაწყევლა კუპერი?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"