საქართველოს ნაკრები: გაწყვეტილი მყესები, დაწყვეტილი ნერვები

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი დააკლდება. მოგეხსენებათ, ის ვლადიმირ ვაისმა ბალტიისპირულ ნაკრებთან სათამაშოდ გამოიძახა, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთთან შესარჩევ მატჩს ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო ტოვებს.

სამწუხაროდ, ცუდი ამბები ამით არ მთავრდება: ამ ორ მატჩში ნაკრებს "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძეც ვერ დაეხმარება...

ლატვიასთან მატჩს ვინ ჩივის, დიდი ალბათობით, თორნიკე ოქრიაშვილს, გაწყვეტილი ჯვარედინი მყესების გამო, მთელი ექვსი თვე მოუწევს უქმობა - ასე გვითხრა გოჩა ოქრიაშვილმა, 25 წლის ფეხბურთელის მამამ, ვისაც გუშინ შევეხმიანეთ. მისივე თქმით, თორნიკე უკვე გაემგზავრა
გერმანიაში სამკურნალოდ.

გუშინვე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ოქრიაშვილი ეტლით გადაადგილდება...

Sportall.Ge

მოკლედ, ძალიან ცუდი ამბავია. რა თქმა უნდა, შეგუებულები ვიყავით იმას, რომ "კრასნოდარის" შემტევი სერბეთთან მატჩში ვერ დაეხმარებოდა ნაკრებს, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ის შესარჩევი ციკლის სხვა მატჩებშიც დააკლდება ეროვნულ გუნდს?!

ახლა ყველაზე მეტად ვლადიმირ ვაისის მდგომარეობაში შევდივართ. საქართველოს ნაკრები დღეს სულაც არ არის მდიდარი ისეთი ფეხბურთელებით, რომელთაც კონკრეტულ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება და მისი ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ოქრიაშვილი კი სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება და ეს ეხება მჭედლიძესაც.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი რუსული პრემიერლიგის ბოლო უქმეებზე დაშავდა, როცა "კრასნოდარი" "ლოკომოტივს" სტუმრობდა. ქართველი შემტევი 73-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, თუმცა ტრავმა მიიღო და მატჩი ვეღარ ჩაამთავრა.

- [ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილის მოგება საბა კვირკველიასთან და ტრავმა [VIDEO]
- Lenta.ru: თორნიკე ოქრიაშვილის "ტურის დრიბლინგი" და "ტურის ემშაკობა" [VIDEO]

ოქრიაშვილს ნაკრებში 2010 წლიდან იწვევენ. ამ დროის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში 32 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, მათ შორის, რამდენიმე - უმნიშვნელოვანესი.

რაც შეეხება მჭედლიძეს (31 მატჩი ნაკრებში, 2 გოლი), ბოლო ხანს ის დიდებულ ფორმაში იყო, ძირითადშიც თამაშობდა და გოლებიც გაჰქონდა, მაგრამ... დაშავდა და "ემპოლის" ვეღარ ეხმარება, ახლა ვერც მშობლიური ქვეყნის მთავარ გუნდს შეეშველება.

დვალიშვილი და ლობჟანიძე ვაისის სიაში
ამასობაში, ვაისმა ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები განახორციელა. სერბეთთან და ლატვიასთან გასამართავი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდთან ერთად მოემზადებიან ლადო დვალიშვილი (30 წლის, 34 მატჩი ნაკრებში, 5 გოლი) და უჩა ლობჟანიძე (30 წლის, 48 მატჩი ნაკრებში).

ცოტა ხნის წინათ, ლობჟანიძე და დვალიშვილი ერთად იცავდნენ თბილისის "დინამოს" ღირსებას და ახლაც ერთად თამაშობენ ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ატირაუს" შემადგენლობაში. საქართველოს ნაკრები მათთვის უცხო არ არის. დავამატოთ ამას ისიც, რომ ყაზახეთის ჩემპიონატი უკვე დაიწყო და, წესით, ისინი მაინცდამაინც შორს არ უნდა იყვნენ ოპტიმალური ფორმისგან.

სამწუხაროდ, ვაისი გამონაკლისი არ არის და ის არაფრით განსხვავდება საქართველოს ნაკრების სხვა მწვრთნელებისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდს ვეთამაშებით, წელიწადის რა დროა და ვინ არის ჩვენი მეტოქე - საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ვერა და ვერ იკრიბება. და ეს ვერ იქნება კომპენსაცია სერბეთის ნაკრებში არსებულ პრობლემებთან (რაზეც "ლელო" უკვე წერდა) მიმართებაში. ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ...

დაბოლოს - საქართველოს ნაკრები სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებისთვის მოსამზადებელ შეკრებას 20 მარტიდან დაიწყებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ძალიან მეწყინა და წარმატებებს ვუსურვებ თორნიკეს, მაგრამ შეიძლება ყოველი დღე მაგის ნიუსებით იწყებოდეს და თავდებოდეს. არ დაუმსახურებია ამ ბიჭს ამდენი ჯერ და ნუ მოგვაბეზრებთ, ჟურნალისტებო.
lexa
12:24 16-03-2017
0
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები აშკარა აუტსაიდერია ჯგუფში. ამ ტრამვირებული ფეხბურთელების შემცვლელები არ ყავს ქვეყანას. თუმცა რომც ყოფილიყვნენ ჯანმრთელები და ეთამაშათ მაინც სერბეთი იქნებოდა ფავორიტი. ზოგადად ეს თაობა წაგებულის მენტალიტეტის მქონეა, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არც საკლუბო დონეზე აქვთ ტიტულები მოგებული. ისინი აკეთებენ იმას რაც შეუძლიათ, მათი მაქსიმუმი არის საშუალოზე დაბალი დონის ფებურთის ჩვენება. მათგან მეტის მოთხოვნა და მეტის მოლოდინი უსამართლობა იქნება. აქცენტი მომავალი თაობების სწორად აღზრდას და კარიერული განვითარების პროგრამის შექმნით სერიოზული დახმარების გაწევაზე უნდა გაკეთდეს. სფფ უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდების ფეხბურთში ჩაბმის და საფეხბურთო კარიერის მიმზიდველობის გაზრდაზე.
ლუკა
13:06 16-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული