ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

AutoSharing Option
24 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სერბეთს დაუპირისპირდება. მეტოქე გუნდს თბილისში სლავოლიუბ მუსლინი ჩამოუძღვება. ეს ის მწვრთნელია, ვის ხელშიც არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. სხვა საქმეა, რომ ჩვენი მოთამაშეები მთლად პოზიტიურად ვერ იხსენებენ მუსლინთან ურთიერთობის პერიოდს, თუმცა ეს სულ სხვა თემაა...

ამჯერად, ჩვენ უფრო მუსლინის სამწვრთნელო თავისებურებები გვაინტერესებს - როგორი სპეციალისტია, როგორ სათამაშო სტილს მისდევს, რომელ სქემას იყენებს ყველაზე ხშირად და ასე შემდეგ...

ვფიქრობთ, ინტერვიუსთვის საინტერესო რესპონდენტი შევარჩიეთ. 34 წლის ალეკო ამისულაშვილმა მუსლინთან ერთად "კრასნოდარში" იმუშავა. მას
ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება და ამაზე დროს არ დავკარგავთ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში მან 2002-16 წლებში ითამაშა და 45 მატჩში 4 გოლი შეაგდო...

- პირველ რიგში, ზოგადად დაახასიათეთ სლავოლიუბ მუსლინი. როგორი მწვრთნელია ის?
- მცოდნე და გამოცდილი მწვრთნელია. თუ გახსოვთ, ჩვენი გზები მაშინ გადაიკვეთა, როცა მე "კრასნოდარში" ვთამაშობდი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაღალი დონის სპეციალისტია. ძალიან უყვარს შემტევი ფეხბურთი. სწორედ ასეთ ფეხბურთს თამაშობდა "კრასნოდარი" მაშინ, როცა მე ვიყავი იქ და გუნდს მუსლინი წვრთნიდა...

კიდევ ერთი დეტალი უნდა აღვნიშნო - რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული გუნდი, მაგრამ მუსლინისთვის ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

- ანუ მისი სტილი და სტიქია შეტევაა?
- მარტო მუსლინს კი არა, გალიცკისაც, რომელიც ახლაც "კრასნოდარის" პრეზიდენტია, ძალიან უყვარს შემტევი ფეხბურთი. უკვე წლებია, ეს არის "კრასნოდარის" ნიშა რუსულ ფეხბურთში. გალიცკის იმდენად უყვარს შემტევი ფეხბურთი, 0:5 რომ წააგო, მაგრამ ბევრი მომენტი რომ შექმნა და შეუტიო, პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩება თამაშით. შემტევი ფეხბურთი უზომოდ უყვარს.

- რას იტყვით მუსლინისეულ სათამაშო სქემებზე?
- მახსოვს, რამდენიმე სათამაშო სქემა მოგვისინჯავს. ის თითქმის არასოდეს თამაშობდა ორი ფორვარდით. მაგრამ ისეც ხდებოდა ხოლმე, რომ ერთ ჩამშლელს აყენებდა.

- ისე, როგორი მოტივატორია სლავოლიუბ მუსლინი?
- რომ ვთქვა, მუსლინის ყველაზე ძლიერი მხარე ფეხბურთელების მოტივირებაა-მეთქი, ტყუილი გამომივა. ვარჯიშებზე მკაცრი და მომთხოვნია. რაც შეეხება ფეხბურთელებთან ურთიერთობას, ყველას ინდივიდუალურად უდგება.

- როგორ ფიქრობთ, თბილისურ მატჩში ის მნიშვნელოვნად შეცვლის სამწვრთნელო ფილოსოფიას?
- კლუბი სხვაა და ნაკრები კიდევ სხვა. წეღანაც ვთქვი: მუსლინისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული მისი გუნდი.

- სათამაშო სქემას მეტოქის მიხედვით არჩევს?
- სქემა ირჩეოდა ერთი პრინციპით - უნდა გვეთამაშა შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი. სწორედ ამ პრინციპს ემსახურებოდა სქემაც და ყველაფერიც.

- ფაქტია, მუსლინმა შეძლო და სერბეთის ნაკრებში არსებული მრავალწლიანი განხეთქილებების სერია ჩააქრო...
- გეთანხმებით შეფასებაში: სერბებს სულ ჰქონდათ პრობლემები ბოლო წლების განმავლობაში, ახლა კი ეს პრობლემები მოგვარებულია. კარგი მწვრთნელია მუსლინი, ძალიან ბევრ გუნდში უმუშავია... ბოლოს და ბოლოს, იმ "ბორდოს" წვრთნიდა, რომელშიც ზინედინ ზიდანი თამაშობდა. არა მგონია, ეს უმნიშვნელო ფაქტორი იყოს.

- თქვენ რას ელით სერბეთთან თამაშისგან?
- ველი გამარჯვებას. საქართველოს ნაკრებს ერთი თავისებურება აქვს: ძლიერ ნაკრებებთან თამაში უკეთ გამოსდის. რა თქმა უნდა, სერბეთი ძლიერი მეტოქეა, ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ თამაში და მოგება ყველასთან შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ და მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ.

- ამბობენ, თითქოს ქართველ ფეხბურთელებთან მუსლინს არ ჰქონდა იდეალური ურთიერთობა...
- არის თემები, რომლებზეც დღეს ბოლომდე ვერ ვილაპარაკებ. პირადად მე განსაკუთრებული გართულება არ მქონია. უბრალოდ, გუნდიდან წავედი. ჩვეულებრივი ამბავია, ფეხბურთელი იცვლის გუნდს...

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა დავუპირისპიროთ მუსლინის გაწვრთნილ სერბეთს?
- საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ საკითხში ჩემზე კომპეტენტურია და უკეთ ეცოდინება, რა უნდა დაუპირისპიროს მეტოქეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე ალეკო სენც მაგარი ფეხბურთელი იყავი საოცარი
0
ეროვნული ჩემპიონატი რას გვიგავს!! მოედნები.. ბაზები სასაცილო ხელფასები არაფერი გვივარგა რის პონზე უნდა მოვხვდეთ ევროპაზე მსოფლიოზე? ერთი ორ თამაშს მოვიგებთ და ათ წელში ერთხელ და ეგაა და ეგ...
zuriko
19:55 21-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული