საქართველო VS სერბეთი - შიშისა და სიკვდილის ამბავი

AutoSharing Option
დღეს, 24 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ციკლის D ჯგუფში V ტურის მატჩს სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისში, "დინამო სტადიონზე" 21:00 სთ-ზე დაიწყება. პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- [მეტოქე სერბეთის ნაკრები] ვისთან მოუწევს ბრძოლა საქართველოს ნაკრებს
- "მინდორზე გავა ის 11 ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის"
- სერბეთის ნაკრები: საქართველო სრულიად არაპროგნოზირებადია!

საქართველოს ნაკრებისთვის ამ მატჩში სასწორზე ბევრი რამ დევს. ჩვენი მეტოქისგან განსხვავებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის მიზერული შანსი გვაქვს, მაგრამ დღეს საქართველოს ნაკრებმა
ერთბაშად რამდენიმე რამ უნდა დაამტკიცოს:

1. რომ ჩვენ შეგვიძლია თუნდაც ერთი კონკრეტული მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება მანამ, სანამ სტაბილურობა სისხლში არ გაგვიჯდება;

2. რომ ჩვენს ფეხბურთელებს საკუთარი ქვეყნისთვის შეუძლიათ მაქსიმუმის გაღება და არაერთი პრობლემის დავიწყება მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხება;

3. რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია გაახაროს ერი, რომელიც სანაკრებო მატჩებს თვეების განმავლობაში მოუთმენლად ელის;

4. რომ ვლადიმირ ვაისის დანიშვნა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მართებული ნაბიჯი იყო;

5. რომ ჩვენში ფეხბურთი, მთელი რიგი წარუმატებლობების მიუხედავად, კვლავ ცოცხალია...

რა თქმა უნდა, მეტოქე უკეთესია შემადგენლობით და იქნებ სადღეისოდ თამაშიც უფრო დაყენებული ჰქონდეს. ქართულ საფეხბურთო თემში დღეს დიდწილად ნიჰილიზმი მეფობს და არის კატეგორია, ვინც თამაშის დაწყებამდე წაგებასაა შეგუებული. რა თქმა უნდა, ეს, გარკვეულწილად, რეალობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ოდესღაც ჩვენი სანაკრებო ფეხბურთის ჩარხი წაღმა უნდა დატრიალდეს. და თუ ეს ამ ბიჭებმა უნდა გააკეთონ, რატომ არ უნდა დავიწყოთ თუნდაც დღეიდან?!

რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს ძლიერ მეტოქესთან და ჩვენი შესარჩევი ჯგუფის ამბავიც ისეა აწყობილი, რომ ფავორიტს თბილისში წაფორხილება შეიძლება სულაც მუნდიალის გარეშე დარჩენად დაუჯდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე და საკეთებელი გვადარდებს.

ეს დალოცვილი ფეხბურთი ისეა მომართული, რომ დავითი ხშირად ამარცხებს გოლიათს და სერბეთის ნაკრებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სულაც არ გვგონია, ამ ორ ნაკრებს შორის ამხელა სხვაობა იყოს.

რა თქმა უნდა, მეტოქე ძლიერია და ფავორიტის სტატუსიც აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ საუკუნეების წიაღიდან ვიცით, რომ შიში ვერანაირად ვერ იხსნის სიკვდილს და არავინაა იმაზე საცოდავი, ვიდრე ბედს შეგუებული, ხელებჩამოშვებული კაცი. ასეა ცხოვრებაშიც და ვინ თქვა, რომ ფეხბურთი ცხოვრების ნაწილი არ არის?

ორი ლიდერის გარეშე
საქართველოს ნაკრებისთვის ეს ახალი არ არის, მაგრამ სერბეთთან მატჩის წინ მაინც ძალიან ვწუხვართ - ეროვნულ გუნდს ორი ლიდერი დააკლდება. ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი ისედაც ტოვებდა ბალკანელებთან ჯახს დისკვალიფიკაციის გამო, ლევან მჭედლიძე კი, ცოტა ხნის წინ მართლაც დიდებულ ფორმაში რომ იყო, ისევ შეაწუხა ტრავმამ და სანაკრებო მატარებელს ჩამოშორდა. დანაკლისია კიდევ ერთი დისკვალიფიცირებულის, ბუბა დაუშვილის არყოფნაც.

რა თქმა უნდა, ორი ლიდერის, ოქრიაშვილისა და მჭედლიძის გარეშე საქართველოს ნაკრები სულ სხვაა და, ქაღალდზე კი გაცილებით ნაკლებად სახიფათო გუნდია, მაგრამ მწვრთნელის როლი ფეხბურთში უდიდესი იმადაცაა, რომ ზუსტად ასეთ სიტუაციებში გამოჩნდება ხოლმე გუნდის დამრიგებლის ალღო და გამჭრიახობა.

ვლადიმირ ვაისმა უკვე კარგა ხანია იცის, რა კონტინგენტით მოუწევს სერბეთთან დაპირისპირება. იცის, რომ მჭედლიძე და ოქრიაშვილი არ იქნებიან. მან ისიც იცის, რომ მათ გარეშე და მათთან ერთადაც სლავოლიუბ მუსლინს საქართველოს ნაკრების თამაში უკანასკნელ დეტალამდე ექნება შესწავლილი...

აქედან გამომდინარე, სლოვაკ დამრიგებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოფიქრებული ეგრეთ წოდებული გეგმა B, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში გამოიყენებს. არავინ იცის, რა შეიძლება იყოს ეს. იქნებ "ჯოკერის" ფუნქცია ახალგაზრდა დებიუტანტ გიორგი არაბიძეს ჰქონდეს? ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია, დანარჩენი კი ვაისმა იცის...

კიდევ ერთი პრობლემა
თავის დროზე, ამ თემას ცალკე მასალა მივუძღვენით და ახლა მხოლოდ ზოგადად შევეხებით. ამას წინათ, სერბეთის ნაკრების დამრიგებელმა დაიჩივლა - ჩემს ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათო. სერბთა წუხილი გასაგებია, მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ?

როგორ გინდა, წაუყრუო, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების მოზრდილ ნაწილს ძალიან აკლია მინდორზე გატარებული წუთები? სერბები თავს იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ მათი ფეხბურთელები ხანდახან წამყვან ევროპულ კლუბებში ვერ ვხვდებიან. და სად ვერ თამაშობენ ჩვენი ბიჭები?

რა თქმა უნდა, ჩვენი სანაკრებო რესურსი არ არის ამოუწურავი, თუმცა მაინც გვგონია, რომ სანაკრებო სია სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებში ცოტა სხვანაირი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი და წერა დაგვიანებულია.

სია არის ისეთი, როგორიც არის და კარსაა მომდგარი დიდი გამოცდა, რომელსაც ღირსეულად ჩაბარება სჭირდება.

რას უნდა ველოდოთ?
რას უნდა ველოდოთ სერბეთის ნაკრებისაგან? ამ წერილის დასაწერად რომ ვემზადებოდი, სერბეთის ნაკრების რამდენიმე პრინციპულ მატჩს ვუყურე. ამ გუნდის საფირმო ნიშანი კლასიანი და, ამავე დროს, აგრესიული ფეხბურთია.

ისინი თავიდანვე შეეცდებიან, ისე მოგვექცნენ, როგორც დიდი გუნდები ექცევიან პატარებს - მოიპოვონ ტერიტორია და მოიგონ ორთაბრძოლები. გვიჩვენონ, რომ ძალიან სჭირდებათ გამარჯვება და ამისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები.

იმთავითვე შეიძლება ითქვას, რომ "სულერთია" და მხოლოდ ტექნიკაზე დაფუძნებული "სუფთა" ფეხბურთი სერბეთთან არ გამოგვადგება. მოგვიწევს დიდი ომი და თუ მეტოქეს თავდადებით გავაოცებთ, თანდათან მოვდრეკთ და იქნებ გავტეხოთ კიდეც.

კლასიანი სერბეთიც წაქცეულა ხოლმე თავისზე უარეს, მაგრამ მეომარ გუნდებთან და თუ ბოლომდე გავძელით, იქნებ ეს ჩვენთანაც მოუვიდეს. 90-წუთიანი კონცენტრაცია, ბრძოლა და ადგილ-ადგილ ჩვენებური ტექნიკა - ეს უნდა იყოს ჩვენი იარაღი სერბეთთან.

საქართველო
მეკარეები: გიორგი ლორია (კრ. სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი მ, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი თბ), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), სანდრო კობახიძე (გიოზთეფე, თურქეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).

სერბეთი
მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (ნოტინგემი, ინგლისი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი თ-ა, ისრაელი), ალეკსანდრ იოვანოვიჩი (ორჰუსი, დანია);
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი, რუსეთი), იაგოშ ვუკოვიჩი (ქონიასფორი, თურქეთი), სტეპან მიტროვიჩი (გენტი, ბელგია), ნიკოლა მაკსიმოვიჩი (ნაპოლი, იტალია), ალეკსანდრ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი, ესპანეთი), უროშ სპაჰიჩი (ანდერლეხტი, ბელგია);
ნახევარმცველები: მილან ობრადოვიჩი (ანდერლეხტი, ბელგია), დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ნემანია მატიჩი (ჩელსი, ინგლისი), ლუკა მილოვოევიჩი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ლუბომირ ფეიზა (ბენფიკა, პორტუგალია), საშ4ა ლუკიჩი (ტორინო, იტალია), ზორან ტოშიჩი (ცსკა, რუსეთი), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი, გერმანია);
თავდამსხმელები: ლაზარ მარკოვიჩი (ჰალი, ინგლისი), ალეკსანდრ მიტროვიჩი (ნიუკასლი, ინგლისი), ნიკოლა სტოიკოვიჩი (ბრაგა, პორტუგალია), უროშ ჯორჯევიჩი (პარტიზანი), მიატ გაჩინოვიჩი (აინტრახტი, გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გასაგონად.
ერთხელ მაინც დანიშნეთ თამაში ჩვენთვის სასურველ დროს ,სანამ საკუთარ გულშემატკივრებს არ სცემთ პატივს მანამდე შედეგი არ გვექნება.

ნიკოლოზ
18:24 24-03-2017
0
1 მაინტერესებს ცოლი ან ქმარი წელიწადში 3-4 ჯერ რო გიღალატებს მაინც დაიჯერებ ამჯერად არ იზამსო?! DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

giga
16:23 24-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული