[მეტოქე სერბეთის ნაკრები] ვისთან მოუწევს ბრძოლა საქართველოს ნაკრებს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ეთამაშება ბოლო დროს დალაგებულ და მადაზე მოსულ სერბეთს, რომელიც ჩვენს ჯგუფში მთლად საუკეთესო თუ არა, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა შემადგენლობითა და თამაშის ხარისხით...

- საქართველო VS სერბეთი - შიშისა და სიკვდილის ამბავი

არც ოფიალურად და არც ამხანაგურად, საქართველოსა და სერბებს, სანაკრებო დონეზე, ერთმანეთში არასდროს უთამაშიათ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ დღეს ჩვენი მეტოქე ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც სავსებით სამართლიანი პრეტენზია აქვს 2018 წლის მუნდიალზე გასამგზავრებლად...

ჩვენი ჯგუფის
ცხრილსაც დავხედოთ - საქართველოს ნაკრებს ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგია და 2 ქულით მე-5 ადგილზეა, სერბებს კი ჯერ არც ერთი მატჩი არ წაუგიათ, შესაბამისად, 8 ქულითა და კომფორტული მე-2 ადგილით აშკარად კარგად გრძნობენ თავს.

თუმცა, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენს უპირველეს გუნდს ერთგული გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიურპრიზი შეუთავაზებია და თავისზე ბევრად ძლიერი მეტოქისათვის ქულები წაურთმევია...

ოღონდ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სერბეთის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში მოწინავე პოზიციებზეა...

ვარსკვლავთცვენა
ძალიან შორს წაგვიყვანს იმ სერბი ფეხბურთელების ჩამოთვლა, სხვადასხვა დროს რომ ბრწყინავდნენ საერთაშორისო სარბიელზე. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ერთიმეორეზე უკეთესი შემსრულებლებით დაკომპლექტებული ბალკანური ნაკრები სერიოზულ წარმატებებს ვერაფრით აღწევდა, მაშინ, როცა ამავე ნაკრების წევრებს მშვენიერი სეზონ(ებ)ი ჰქონდათ თავიანთ კლუბებში.

სერბეთის (გნებავთ, ყოფილი იუგოსლავიის) საფეხბურთო ისტორიაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა პერიოდი, ნიჭიერი თაობის პრობლემა რომ მდგარიყოს.

გამონაკლისი არც დღევანდელი ნაკრებია, სადაც მთავარ მწვრთნელ სლავოლიუბ მუსლინს საქმე მართლაც ასარჩევად აქვს და, ფაქტობრივად, ყველა რგოლში ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს - "ჩელსის" ყოფილი უნივერსალი ბრონისლავ ივანოვიჩი თუ "მანჩესტერ სიტის" გამოცდილი მარცხენა მცველი ალექსანდარ კოლაროვი; ინგლისური "საუთჰემპტონის" ნახევარმცველი დუშან ტადიჩი თუ პორტუგალიური "ბენფიკას" შუახაზელი ლუბომირ ფეიზა, "ჩელსის" საკვანძო ფეხბურთელი, საყრდენი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი თუ "ნიუკასლის" ნიჭიერი და ჭირვეული ვარსკვლავი ალექსანდრ მიტროვიჩი...

ჩვენსავით ხშირად ცვლიდნენ...
სერბული ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის კიდევ ერთი მიზეზი ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელების ხშირი ცვლაც იყო. საქმეს ვერც ცნობილი უცხოელი სპეციალისტების (ხავიერ კლემენტე, დიკ ადვოკაატი) მიწვევა შველოდა, ვერც ახლო თუ შორეულ წარსულში სერბეთის (იუგოსლავიის) ნაკრების ვარსკვლავებისთვის (სინიშა მიხაილოვიჩი, დეიან სავიჩევიჩი, მიროსლავ ჯუკიჩი, ვლადიმირ პეტროვიჩი) ნდობის გამოცხადება.

ყველაზე წარმატებულად კი ორი გამოცდილი სპეციალისტის მუშაობა უნდა მივიჩნიოთ. ვუიადინ ბოშკოვსა და რადომირ ანტიჩს, თავის დროზე, საკლუბო დონეზეც გამოუჩენიათ თავი (თანაც, ევროპულ გრანდებში).

იტალიური "სამპდორიას" ყოფილი თავკაცის, ბოშკოვის ხელმძღვანელობით, სერბეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის (2000 წელი) ფინალურ ეტაპზე იასპარეზა, ხოლო მადრიდის "ატლეტიკოს" ტრიუმფატორი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, სერბეთის ნაკრებმა 2010 წლის მუნდიალზე ითამაშა. ეს იყო ბოლო დიდი ტურნირი ჩვენი დღევანდელი მეტოქისთვის.

...სერბეთის ნაკრებში თითქოს ტრადიციასავით ჩამოყალიბდა, რომ, ფაქტობრივად, ყველა მწვრთნელს ექმნებოდა ხოლმე გარკვეული პრობლემები ნაკრების წამყვან ფეხბურთელებთან. ესენი იყვნენ ევროპის ტოპ-ლიგების ტოპ-გუნდებში მოასპარეზე ვარსკვლავები და ამიტომ თითქმის ყოველი შესარჩევი ციკლის დროს ლამის საფირმო ნიშნად იქცა კონფლიქტები მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის.

ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რის გამოც ერთიმეორეზე ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სერბეთის ნაკრები ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გასვლასაც კი ვერ ახერხებდა...

სლავოლიუბ შემრიგებელი
მას შემდეგ, რაც სერბეთის ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა, ნაკრების გაძღოლა ცნობილ და გამოცდილ სპეციალისტს, სლავოლიუბ მუსლინს მიანდეს.

ფეხბურთელობის დროს მუსლინი წარმატებით გამოდიოდა ყოფილი იუგოსლავიის გრანდ "ცრვენა ზვეზდაში", ქვეყნის ნაკრებში კი მხოლოდ 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქტიური საფეხბურთო კარიერა მან საფრანგეთში დაასრულა, სადაც დაიწყო კიდეც ბევრად უფრო წარმატებული სამწვრთნელო საქმიანობა - "ბრესტი", "პო", "ლე მანი", "ლანსი"... თუმცა, საყოველთაო აღიარებას მუსლინმა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ "ბორდოში" მიაღწია: 1995/96 წლების სეზონში, სერბი სპეციალისტის დამოძღვრილმა "ბორდომ" უეფას თასის მეოთხედფინალიდან იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, "მილანი" გააგდო.

თანაც, ფაბიო კაპელოს ვარსკვლავთკრებულმა (პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, ჯორჯ ვეა, რობერტო ბაჯო, ალესანდრო კოსტაკურტა) პირველი მატჩი შინ 2:0 მოიგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში "ბორდომ" 3 უპასუხო გოლი გაუტანა მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის გრანდს და ნახევარფინალში გავიდა.

ბიქსან ლიზარაზუ, კრისტოფ დიუგარი და, რაღა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანი - აი, ამ ფეხბურთელებით შეძლო სერბმა მწვრთნელმა იმ სეზონის ევროტურნირების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციის მოხდენა...

...ასეთი წარმატების მიუხედავად, მუსლინს მაინც მალე მოუხდა "ბორდოდან" წამოსვლა და ამის მერე დაიწყო კიდეც მისი სამწვრთნელო მოგზაურობები - მაროკო, ბულგარეთი, უკრაინა, ბელგია, ბელორუსი, კვიპროსი, რუსეთი...

გარკვეული პერიოდი სამშობლოშიც მუშაობდა და იქაურ გრანდ "ცრვენა ზვეზდას" წვრთნიდა. თუმცა, სანაკრებო დონეზე სერბეთამდე არასდროს ემუშავა...

63 წლის სპეციალისტი, შარშანდლიდან მოყოლებული, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მისი დიდი დამსახურებაა, ჩვენს დღევანდელ მეტოქეს 2018 წლის მუნდიალზე გასვლის მშვენიერი შანსი რომ აქვს...

ძველი ნაცნობები
რუსულ ("ლოკომოტივი", "კრასნოდარი") თუ უკრაინულ (დონეცკის "მეტალურგი") კლუბებში მუშაობის დროს მუსლინს ბევრ ქართველ ფეხბურთელთან ჰქონია ურთიერთობა.

ამას გარდა, სერბეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში არიან საქართველოსთან რაღაცნაირად დაკავშირებული სპეციალისტებიც. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება გამოცდილ და არანაკლებ წარმატებულ ზორან ფილიპოვიჩს. სწორედ ფილიპოვიჩი გახლდათ იმ "ბოავიშტას" მთავარი მწვრთნელი, 1996 წლის შემოდგომაზე სასტიკი მარცხი (0:1, 5:0) რომ აგემა უეფას თასზე მოასპარეზე თბილისის "დინამოს"...

შემდეგ უკვე ჩერნოგორიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდა საქართველოს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, როცა საქართველოს ექტორ კუპერი წვრთნიდა.

მუსლინის კიდევ ერთი თანაშემწეა მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მოთამაშე სერგეი გურენკო; აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ ასისტენტზე, მლადენ კრსტაიჩზე - სერბეთის ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი ხომ წლების განმავლობაში ლევან კობიაშვილთან ერთად თამაშობდა "შალკეში"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესეიგი, ახლა როგორც მოდაშია ანუ, საქართველოს ნაკრებს ვინც კი შეხვდება ჩვენამდე უმეტესობა მკვდარია და ჩვენთან შეხვედრის დროს ხდებიან დალაგებულები და მადაზე მოსულები.რავა სუყველას ჩვენთან მოდის მადა,ხოდა ბიძია დაანებეთ თავი ოცნებას და ვიბრძოლოთ მყარი, მესამე -მეოთხე ადგილისათვის.
მახა
14:00 24-03-2017
0
სიტყვა ბრძოლის მნიშვნელობა საერთოდ იცის ავტორმა????

ფაფხური მაინც დაგეწერა.
giga
12:53 24-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული