სერბეთის ნაკრები: საქართველო სრულიად არაპროგნოზირებადია!

AutoSharing Option
გუშინ თბილისში "თეთრი არწივები" გადმოფრინდნენ - 23 მარტს, საქართველოს სერბეთის ფეხბურთის ასოციაციისა და ბალკანელთა ეროვნული ნაკრების დელეგაცია ესტუმრა. შეგახსენებთ, რომ სერბეთი 8 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ ირლანდიას 2 ქულით ჩამორჩება.

- საქართველო VS სერბეთი - შიშისა და სიკვდილის ამბავი

საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის მატჩისთვის ბალკანელებმა გუშინ "დინამო არენაზე" ივარჯიშეს, მანამდე კი მათმა მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გუნდის კაპიტან ბრანისლავ ივანოვიჩთან ერთად გამართა და ღიად განაცხადა, რომ გუნდი მხოლოდ მოსაგებად ჩამოიყვანა...

აქვე ვიტყვით, რომ პრესკონფერენციაზე
სერბების ნალაპარაკები მათი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე უფრო ვრცლად გადასცეს და რამდენიმე გამორჩენილი დეტალი მათი დახმარებით დავამატეთ.

- ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია. მართალია, მათ ჯერ არ მოუგიათ, მაგრამ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, საქართველო მეტს იმსახურებდა.

- საქართველოს ნაკრებიდან რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ?
- ზოგადად, საქართველოს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მათ შორის ჯანო ანანიძეს გამოვარჩევდი, რომელიც "სპარტაკში" თამაშობს.

საერთოდ, ვაისმა კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. მოლდოვასთან მეორე ტაიმის გარდა, ჯგუფის ყველა შეხვედრაში საქართველო კარგად გამოიყურებოდა. საქართველოს ნაკრები გუნდურადაც კარგად თამაშობს და თამაშის მაღალ ხარისხსაც აჩვენებს, თუმცა ხანდახან იღბალი აკლია.

- პოტენციალის სრულად გამოვლენას სერბეთის ნაკრებიც ვერ ახერხებს. გამოსავალს რაში ხედავთ?
- გვქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი მოგვარებულია.

- საქართველო და სერბეთი არაპროგნოზირებად გუნდებს განეკუთვნებიან. იმის გათვალისწინებითაც, რომ ქართველებთან გიმუშავიათ, ჩვენი და სერბი ფეხბურთელების მენტალიტეტს შორის მსგავსებას ხომ არ ხედავთ?
- გეთანხმებით, მენტალური კუთხით მსგავსება არის. თუმცა ბოლო რამდენიმე მატჩში ჩვენი გუნდი ისე თამაშობდა, როგორც ფეხბურთელების ინდივიდუალურ კლასს შეეფერებოდა. ასე რომ, მაღალ დონეზე თამაში დავიწყეთ და სტაბილურობას მივაღწიეთ. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, პარასკევს რთული თამაში გველის, თუმცა მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და ახლაც ასეთი მიზანი გვაქვს...

მუსლინმა სერბული ახალი ამბების სააგენტო "ბეტასთან" თქვა, რომ თამაში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა - გადამწყვეტი:

"ნაკრებში მუშაობის პერიოდში ჩემს განკარგულებაში ერთხელაც არ იყო ის შემადგენლობა, რომელიც გონებაში მიტრიალებდა. ახლა ეს დილემა გადაწყვეტილია, ყველა მოთამაშე ჩვენს განკარგულებაშია და სრულყოფილი შემადგენლობით ვითამაშებთ. ყველა ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

სერბეთის ნაკრები მატჩიდან მატჩამდე უკეთ გამოიყურება და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული".

გამოცდილმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა და ივარაუდა, რომ მის გუნდს თბილისში დიდი ზეწოლის გაძლება მოუწევს:

"მეტოქის დაუფასებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ქართველები სრულიად არაპროგნოზირებადები არიან. შეიძლება მეტოქეები ყველაზე სერიოზულ და ძლიერ მოწინააღმდეგედ დავყოთ, მაგრამ ყველასთან თანაბარი სერიოზულობით უნდა მოვემზადოთ. ჩვენ საქმე გვაქვს მაღალ სპორტულ დონესთან.

გარდა ამისა, მაყურებლის ზეწოლასაც უნდა გავუმკლავდეთ. კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი ის არის, რომ 2010 წლის შემდეგ სერბეთის ნაკრები დიდ საერთაშორისო ტურნირებზე გასვლას ვეღარ ახერხებს. ამას მოთამაშეები კარგად აცნობიერებენ და ვფიქრობ, მათი მოტივირება პრობლემა არ უნდა იყოს".

* * *
ბრანისლავ ივანოვიჩი:
- საქართველოს დასაკარგი არაფერი აქვს. თბილისში ჩვენ აუცილებლად 3 ქულისთვის ვითამაშებთ. მაგრამ, როცა წილისყრის შედეგი გახდა ცნობილი, მაშინვე ვთქვით, რომ ჯგუფიდან გასვლა ურთულესი ამოცანა იქნებოდა.

აქ დააახლოებით თანაბარი დონის გუნდები მოხვდნენ და ვიცით, რომ 24 მარტსაც ძალიან საშიშ გუნდს ვეთამაშებით. აქედან გამომდინარე, ხვალ სერბეთის ნაკრებს რთული დაპირისპირება ელის.

მაგრამ ჩვენ ამ თამაშისთვის კარგად ვართ მომზადებულები. ყველა ფეხბურთელი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. თუ შევძლებთ, რომ მეტოქე პრესინგით მისსავე ნახევარზე შევბოჭოთ და ვითამაშებთ, როგორც ერთსულოვანი გუნდი, მაშინ წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდება.

* * *
სერბების ყველა გამონათქვამიდან აშკარაა, რომ საქართველოსთან მატჩისთვის სერიოზულად ემზადებიან. მათთვის თბილისში 3 ქულის მოპოვება მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურთან მიახლოებას ნიშნავს, მაგრამ იმედია, ბალკანელებს საქართველოში ფრთებმოტეხილი "არწივების" როლში ვიხილავთ და ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების წარმატებით გაიხარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენ თურმე რთული მეტოქე ვყოფილვართ მათვის, ღმერთმა ქნას ასე ყოფილიყოს დღეს, წარმატებები ჩვენს ნაკრებს
ილია
13:45 24-03-2017
0
სერბების კაპიტანი ბრანისლავ ივანოვიჩია, და ეს სტანისლავი ვინაა, ინტერვიუში რომ მონაწილეობს? ალბათ ნათესავია :-)
ლაშა
14:03 24-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული