როგორ აფასებს ქართული სპორტული მედია ვლადიმირ ვაისის საქმიანობას ნაკრებში

AutoSharing Option
სერბეთთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ჟურნალისტებმა ნაკრების დატოვებაზე ჰკითხეს, რასაც მან შემდეგნაირად უპასუხა: "არ ვიცი. ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება..."

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ჩვენმა გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებში სლოვაკი სპეციალისტის შედეგებს, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა, გუნდმა 11 შეხვედრა გამართა, 1 მატჩი მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 6 წააგო. ბურთების სხვაობა - 10:20.

ვაისის მიერ გაწეულ სამუშაოზე აზრის დაფიქსირება როგორც სპორტულ მედიას, ისე ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვეთ.

ფედერაცია ლატვიასთან მატჩამდე ვაისის მომავალთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, სპორტული მედიის აზრი კი ორად იყოფა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ გამოკითხულ ჟურნალისტთა უმეტესობას ვლადიმირ ვაისის ეროვნულ ნაკრებში დარჩენა სურს.

ალეკო კაკაურიძე (გაზეთი "ლელო"):
- ჩემი აზრით, მწვრთნელი არ არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა, ისევ და ისევ ჩვენი ეროვნული გუნდის ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ რაც ფეხბურთი არსებობს, გუნდის შედეგზე, როგორი ფეხბურთელებითაც უნდა იყოს ის დაკომპლექტებული, პასუხისმგებელი არის მწვრთნელი და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისები.

მე უფრო ის მაინტერესებს, ვინ არის პასუხისმგებელი იმ ხელოვნურ ჩარევაზე, რომლის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს აღარ ჰყავს ის მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც თავიდან ვსწავლობდით ფეხბურთის თამაშს და ვუბრუნდებოდით ფესვებს. კახა ცხადაძის გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ გუნდში იქნებოდა კიდევ უფრო უკეთესობა და, ზოგადად, უკეთესი შედეგი. არც ერთია და არც - მეორე.

ეს ვაისზე მეტად იმის ბრალია, ვინც ახალი ველოსიპედი გამოიგონა მაშინ, როცა არ იყო ამის საჭიროება. ვაისის ხელში საქართველოს ნაკრები არ თამაშობს ცუდ ფეხბურთს, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე მეორდება ერთი და იგივე შეცდომები. მე რასაც ვუყურებ, ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა ერთი ტაიმის გუნდად.

ვაისის წასვლა, ჩემი აზრით, კარდინალურად არ შეცვლის სიტუაციას ნაკრებში, მაგრამ ის მაინც უნდა წავიდეს, ოღონდ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ ფეხბურთის ფედერაციამ და ფეხბურთელებმა.

დაბოლოს, ყველა მწვრთნელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს წესად, რომ ის ფეხბურთელი, რომელიც არ თამაშობს, ან ცოტას თამაშობს კლუბში, არ უნდა იყოს ნაკრებში! სერბეთთან მატჩში ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ილია ნანობაშვილი
(მსოფლიო სპორტი):
- ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში ახალი საფეხბურთო ელემენტები შემოიტანა: გუნდი მეტოქის ნახევარზე უფრო თამამად გრძნობს თავს, მაგრამ დანარჩენ კომპონენტებზე რა ვთქვათ...

სამწუხაროდ, ვაისმაც ბოლო დროს მიგვანიშნა - არ გყავთ ფეხბურთელებიო... თამაშის დახვეწას თუ ვითხოვთ, ვაისი ეგებ კარგი სპეციალისტია, მაგრამ შედეგის მხრივ - თავადაც ხედავთ. მეორე მხრივ, ვაისს როგორ გინდა დააბრალო რამე, როცა ნაკრების შეტევის ერთ-ერთ ლიდერად მიჩნეულმა ფეხბურთელმა (რომელზეც თავად ვაისმა თქვა, ერთ-ერთი ლიდერიაო) თავის აწევა არ იცის?! თუმცა მწვრთნელი სწორედ ამით ფასობს, რომ უნდა გამოიცნოს, ვინ ათამაშოს და ვინ - არა.

ვაისს აქვს კვალიფიკაცია, მაგრამ ბოლო სანაკრებო წარმატებას (მეტიც, ფურორს) 2010 წელს მიაღწია... დრო გავიდა. დანარჩენი სფფ-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მართლა შედეგი და სამწვრთნელო "მუღამი" აწუხებს მწვრთნელს თუ კონტრაქტის რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივება სურს?

ფაქტია, ვაისი ამ ერთ წელიწადში წარმოგვიდგა იმ მწვრთნელად, რომელმაც გარკვეული საფეხბურთო ელემენტები შესძინა ნაკრებს, სანახაობრივადაც უკეთესია გუნდი, მაგრამ თუ ტაბლოს შევხედავთ, აქ საამაყო არაფერია: 2 ქულა 15 შესაძლებლიდან. ვფიქრობთ, აქ არა მხოლოდ ჟურნალისტებმა, ნაკრების წამყვანმა ფეხბურთელებმაც პირდაპირ უნდა თქვან სათქმელი, თორემ მწვრთნელი რომ წავა და ახალი მოვა, მერე ყველა მაგარია...

პირადად ჩემი აზრით, ეს შესარჩევი ჯერ კიდევ შარშან ჩავარდა და ვაისს ციკლის ბოლომდე დრო უნდა მიეცეს - მერე გადაწყდეს, აქვს კი მას ევრო 2020-ის შესარჩევში საბრძოლველი რესურსი?!

ზოგადად კი, ვფიქრობ, ახლავე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთს, მეტი სამართლიანი და მცოდნე სპეციალისტი იყოს ამ ასაკში და ისინი გაკონტროლდნენ, თორემ გავა ათი წელი და ისევ იგივე პესიმისტური ტექსტის დაწერა მოგვიწევს, როგორისაც დღეს გვიწევს. ნაკრების შედეგები ქვედა ასაკში არასწორი მუშაობის გამოძახილია!

დავით ერაძე
(რუსთავი 2):
- მახსოვს, კახა ცხადაძის გათავისუფლების მთავარ მოტივად შედეგი დაფიქსირდა. ნაკრები საკუთარ მოედანზე უკვე მოლდოვასაც ვეღარ ამარცხებს და რაიმე პროგრესზე საუბარი უბრალოდ აბსურდულია.

მწვრთნელის ბრალი ამ სტატისტიკაში დიდია. აქ, ჩემი აზრით, გაუმართლებელი სელექციაც მოხდა, რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა ელემენტარულად გამოძახება და გასინჯვა მაინც ღირდა, უბრალოდ, უგულებელყოფილია. თუმცა ერთიცაა, ვაისს უძლიერესი (ოპტიმალური) შემადგენლობა თითქმის არცერთ შეხვედრაში ჰყოლია.

უნდა წავიდეს თუ დარჩეს? ამ კითხვას პასუხი უკვე გავეცი: ფედერაციამ როდესაც ცხადაძე გაათავისუფლა და აფსურდული ბრალი დასდო ამის მიზეზად, ვაისს თავად შეუქმნა სიტუაცია, რომ მან ნაკრებში მუშაობა უნდა დაასრულოს. ზოგადად, ამ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ.

გიორგი ზურაბიშვილი
(პირველი არხი):
- პირადად მე, ვლადიმირ ვაისის მუშაობა ძალიან მომწონს და მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში ნაკრები არ უნდა დატოვოს. ის, რაც ხდება, იმაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ვაისია.

ვაისის მოსვლის შემდეგ ჩანს, რომ ნაკრები უფრო შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. პროგრესი აშკარაა, ასე რომ, მის მუშაობას დადებითად ვაფასებ.

ციკლის დასრულებამდე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დასცალდეს მუშაობა, თუმცა ვისურვებდი, რომ შემდეგი შესარჩევი ეტაპიც ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ჩაატაროს.

გეგი კიკაბიძე
(ტვ პირველი):
- შედეგის მხრივ, ვაისს ჯერ თავი არ გამოუჩენია, თუმცა ჩვენნაირ ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება რომ აქვს და თანაც, დადებითი კუთხით, ეს წარსულში უკვე დაადასტურა. აქ უბრალოდ ერთი განსხვავებაა: საქართველო არ არის სლოვაკეთი და არც ქართველი ფეხბურთელია სლოვაკი. საფეხბურთო კუთხით დიდი განსხვავებაა ფეხბურთელებს შორის და ამაზე საუბარი გაცილებით უფრო გლობალურია, რთულია ამ კომენტარში ჩავატიო.

ვაისის ხელწერას რაც შეეხება, აშკარაა, რომ ცდილობს, თუმცა ფრთხილი მწვრთნელია და საჭირო დროს, როცა დროული რისკია საჭირო, ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებისას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ. თითქოს გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ... არასტაბილურად! ნაკრებს აგრესია და თავდაჯერებულობა აკლია. რთული სათქმელია, ეს ვაისის ბრალია თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. აღსანიშნავია, რომ ოპტიმალური შემადგენლობით ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ამისთვის ყველა მწვრთნელი მზად უნდა იყოს.

მეეჭვება, ამ ციკლში დარჩენილი მატჩები რომელიმე მწვრთნელმა უკეთ ჩაატაროს. ამიტომ, ვფიქრობ, ვაისი უნდა დარჩეს და ეს ციკლი მომდევნო შესარჩევისთვის გამოიყენოს. წარსულზე საუბარი არ ღირს. დღევანდელობიდან გამომდინარე, მგონია, რომ ჩვენი პრობლემა ცალსახად მწვრთნელში არ არის. მე რომ ვიღებდე მის დატოვებასა ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას, დავტოვებდი, ვაცდიდი და იქნებ ის ერთი კარგად ნათამაშები ტაიმი მალე ორადაც ქცეულიყო.

გიორგი პავლიაშვილი
(სილქ ტვ):
- რასაც მივეჩვიეთ ქართველი ჟურნალისტები თუ გულშემატკივრები, ისაა, რომ საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის შეცვლა არანაირ კავშირში არაა უშუალოდ ნაკრების შედეგების შეცვლასთან, ანუ ძველია თუ ახალი, ქართველია თუ უცხოელი, შედეგები მაინც, ფაქტობრივად, იდენტურია. შესაბამისად, ჩემთვის უფრო მეტად აქტუალური ამ ეტაპზე არის ის, თუ რა შეცვალა ვაისმა საქართველოს ნაკრებში, გარდა შედეგისა.

ვფიქრობ, ბოლო წლებში პირველად (იშვიათი გამონაკლისის გარდა) საქართველოს ნაკრებში იძახებენ ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც ამას იმსახურებს. ვაისი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ სჭირდება, იცის, ვის ენდობა და ალბათ ისიც იცის, ვისგან რას უნდა ელოდოს. სლოვაკი სპეციალისტის ხელში გუნდი ცდილობს, ითამაშოს გამართული ფეხბურთი, მოთამაშეებს აქვთ შედარებით მეტი თავისუფლება და საშუალება, მთლიანად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.

მთავარი მწვრთნელის პლუსია ისიც, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ანდო დებიუტანტს. ვგულისხმობ ვაკო გვილიას, რომელიც ძალიან მალე ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ, ასე ბევრი ვერ გარისკავდა.

მომწონს ის, რომ საკმაოდ სერიოზულ გუნდებთან ჩვენი ნაკრები ერთ ტაიმში ქმნის იმდენ სახიფათო მომენტს, რაც არც ისე დიდი ხნის წინ 3-4 თამაშში ერთად არ ჰქონდა; ცდილობს ბურთის კონტროლს, პრესინგს...

ვაისის სამწვრთნელო კარიერას, ისევე, როგორც ალბათ ბევრი, მეც საკმაოდ დიდი ხანია ვადევნებ თვალს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გუნდს, როგორც იქნა, ჰყავს მწვრთნელი, რომელსაც აქვს სანაკრებო გამოცდილება და საკმაოდ სერიოზული კვალიფიკაცია. თუ შეძლებს, რომ შეინარჩუნოს ენთუზიაზმი და შეუნარჩუნოს ის ფეხბურთელებსაც, მაშინ ჩემთვის ორი აზრი არ არსებობს, რომ უნდა დარჩეს! ამდენი თითქოს ნორმალური თამაშის და მაინც წარუმატებლობის ფონზე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საერთოდ აერიოს ყველაფერი და თვითონაც დაკარგოს ყველანაირი სურვილი, რაც იმედია, არ მოხდება.

არ იქნებოდა ურიგო, მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცემოდა ვაისის წინამორბედს, რომელიც ასევე ნერგავდა რაღაც ახალს და საინტერესოს. ზოგადად, მწვრთნელების ხშირ ცვლას კარგი არაფერი მოაქვს და ეს არაერთხელ ვნახეთ.

ნოდარ სიმსივე
(სეტანტა):
- კახა ცხადაძის გაშვებასთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და ამაზე დღემდე მიდის მსჯელობა. ჩემი აზრით, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის მანძილზე ცხადაძის გათავისუფლება დაკავებული პოსტიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ვაისის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ფაქტი სახეზეა: ცხადაძემ დაიწყო გუნდის შენება და არ დასცალდა. მწვრთნელების სისტემატური შეცვლა გუნდის შედეგზე უარყოფითად აისახება.

თუ ამ მომენტში არსებობს კანდიდატი, ვინც შეცვლის ვაისს და ეს ცვლილება კიდევ უფრო უარყოფითად არ აისახება შედეგზე, მაშინ კი ბატონო, სლოვაკი სპეციალისტი უნდა შეიცვალოს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვაკო ყაზაიშვილის მიმართ ასეთი შეტევების ფონზე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და უნიჭიერესი ფეხბურთელია. მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ არაერთხელ გაგვახარებს!

დიმა შარიქაძე
(adjarasport.com):
- შედეგის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ვლადიმირ ვაისის მუშაობას დადებითად ვაფასებ. მწვრთნელის სურვილია, მაქსიმალურად მეტი ფეხბურთელი გამოსცადოს, ახალი ფეხბურთელების ძიებაშია, სურს, გუნდში შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო. რაც ყველაზე მთავარია, სლოვაკის მიერ გაწეული სამუშაო ძალიან კარგად ჩანს თამაშში, ეროვნული გუნდი გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებს, თამაშის ხარისხის მხრივ პროგრესი ნათელია.

არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელის მუშაობა მხოლოდ შედეგით უნდა შეფასდეს, რადგან აუცილებელია შევაფასოთ როგორც ჩვენი, ასევე მეტოქე გუნდის პოტენციალი და ამის მიხედვით გამოვიტანოთ დასკვნები.

არსებული რესურსიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები აჩვენებს საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს, რომლის განვითარებას დრო სჭირდება. გადავხედოთ ევროპულ კლუბებსა თუ ნაკრებებს, მწირი რესურსით მოკლევადიან პერიოდში წარმატებისთვის არავის მიუღწევია და ვერც ვაისის გუნდი იქნება გამონაკლისი. ვაისის ბიოგრაფიაც ამის იდეალური მაგალითია, მისი ნებისმიერი წარმატება ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში 3-4-წლიანი შრომის შემდეგ მოვიდა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიმდინარე და შემდეგი ციკლი საქართველოს ნაკრებმა ვაისის ხელმძღვანელობით უნდა ჩაატაროს. საფეხბურთო კუთხით, ვაისის გაშვება ისეთივე შეცდომა იქნება, როგორიც კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტა იყო.

გიგი ალადაშვილი
(goal.ge):
- ჩემი შეფასებით, ვლადიმირ ვაისი კარგი მწვრთნელია. თავდაპირველად, როდესაც კახა ცხადაძე შეცვალეს, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შემდგომმა თამაშებმა სკეპტიციზმი გამიქარწყლა.

რა თქმა უნდა, სტატისტიკურად ნამდვილად ცუდი შედეგი გვაქვს, თუმცა სათამაშო ხარისხი, ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში ძალიან გამოსწორებულია. გუნდმა აშკარად ისწავლა ბურთის კონტროლი და გააზრებული შეტევების ორგანიზება. ამ ორ კომპონენტს ვერცერთი სხვა მწვრთნელის დროს ვერ ვხედავდი. სერბეთთან, ავსტრიასთან, უელსთან და ირლანდიასთან გამართულ შეხვედრებში ხშირ შემთხვევაში წაგებას არ ვიმსახურებდით და ადგილი უიღბლობას ჰქონდა.

თუმცა არის ერთი თვისება, რომელიც ჩვენი ნაკრების მწვრთნელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს - მას უნდა შეეძლოს გუნდში ფსიქოლოგიური მუხტის შექმნა. მრავალწლიანი წაგებების შემდეგ ნაკრებში ჩამოყალიბდა დამარცხებულის მენტალიტეტი, ფეხბურთელებს არ სჯერათ საკუთარი თავის, მაშინაც კი, როდესაც კარგად თამაშობენ, თითქოს ყველაფერი რიგზეა და შეიძლება სამი ქულის აღება, უცბად ყველაფერი რადიკალურად იცვლება და შეხვედრას ვაგებთ.

ვფიქრობ, ფედერაციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტორი, თუ გადაწყვეტს ახალი თავკაცის არჩევას. გუნდს სჭირდება ფსიქოლოგიური კრიზისის დაძლევა, რწმენა და გამარჯვებულის მენტალიტეტის შექმნა.

ლევან ხარაზოვი
(mysports.ge):
- ვლადიმირ ვაისის შედეგის დადებითად შეფასება რთულია, რაც პირველ ყოვლისა, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარეობს. ორი ქულით საქართველო იმ ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერია, რომელშიც სპეციალისტებიც და გულშემატკივრებიც გაცილებით მეტს ელოდნენ ჩვენი ნაკრებისგან.

ამავდროულად, ვაისის ნაკრებს ჰქონდა რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩი და ხშირ შემთხვევაში უიღბლობის და უფრო მეტად ფეხბურთელთა საშემსრულებლო ოსტატობის გამო ვერ აღწევდა გუნდი სასურველ შედეგს.

საერთო ჯამში, ჩემი აზრით, გუნდის თამაში კატასტროფული არაა და იმ თამაშიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს ნაკრები აჩვენებს, მეტს ვიმსახურებთ, თუმცა ნებისმიერი მწრთნელის მუშაობა საბოლოოდ შედეგით ფასდება...

საბა საბანაძე
(geosports.ge):
- ყოველთვის ძნელია საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მუშაობის შეფასება. მნიშვნელობა არ აქვს, მწვრთნელი ვაისია თუ ვინმე სხვა. წარსულში ორი ისეთი მწვრთნელი გვყავდა, ვისაც თავის დროზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუყვანია გუნდი, მაგრამ...

ვაისს ისეთი ქვეყნებიდან უწევს ფეხბურთელების გამოძახება, როგორებიცაა მაკედონია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ა.შ. სერბეთთან მატჩი რომ ავიღოთ მაგალითისთვის, იქ ჩვენს რიგებში საუკეთესო თამაში აზერბაიჯანული "გაბალას" ფეხბურთელ ნიკა კვეკვესკირს ჰქონდა.

განვლილ 11 მატჩში იყო პოზიტივი და იყო - ნეგატივიც. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, ამ შესარჩევის ბოლომდე, ვაისს უნდა დასცალდეს მუშაობა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია, როცა ნაკრებში ორ წელიწადში ორჯერ იცვლება მწვრთნელი.

ჩემი აზრით, ნაკრების შედეგზე პასუხისმგებლობა ნაკრების ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ. წარუმატებლობაში მათი წვლილიც დიდია.

მაგდა კლდიაშვილი: (ipress.ge)
- შედეგებით და თამაშის ხარისხით რომ შევაფასოთ ვლადიმირ ვაისის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა, ცალსახად უარყოფით შეფასებას ვაძლევ. ვაისის ძალიან დიდ პრობლემად ვთვლი იმას, რომ მას არ შეუძლია იყოს კარგი მოტივატორი, რასაც კახა ცხადაძე თავს ძალიან კარგად ართმევდა.

ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ვაისის ნაკრებს თამაშის ხარისხი აქვს გამოსწორებული, თუმცა არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. არანაკლები ხარისხი ვნახეთ ჩვენ შოტლანდიასთან, გერმანიასთან და ა.შ.

ამასთან, უკვე ერთი წელია გასული და სლოვაკი სპეციალისტის აქტივში არცერთი მოგებული თამაში არ არის ოფიციალურ შეხვედრებში. ასევე, ცხადაძისგან განსხვავებით, ვაისი ყოველთვის ცდილობს, რომ განტევების ვაცი ფეხბურთელებში ეძებოს და ნაკლებ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. გავიხსენებ მისი წინამორბედის განცხადებას, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებდა თავის თავზე და ფეხბურთელების წვლილი უფრო ნაკლები იყო...

ვაისი მუდამ აპელირებს იმით, რომ ეროვნული გუნდის ფეხბურთელები დაბალი ლიგის გუნდებში გამოდიან, ხოლო კონკურენტები გაცილებით მაღალი კლასის კლუბებში ასპარეზობენ. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ვაისს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების პრობლემა აქვს და ეს აშკარაა.

გარკვეულწილად, თანავუგრძნობ კიდეც იმ ასპექტში, რომ მინდორზე მომენტების რეალიზებას ის ვერ მოახდენს და ეს ფეხბურთელებმა უნდა გააკეთონ. აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით და ამ შემთხვევაში სლოვაკის მხარეს ვარ, ის ახლა ვერ ასწავლის ქართველებს ფეხბურთის თამაშს, ბურთის ამოტანას.

კიდევ ერთ დიდ პრობლემად მისი დამოუკიდებლობის ხარისხი მიმაჩნია. საზოგადოება და მედია ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ ნაკრების შემადგენლობას ის დამოუკიდებლად არჩევს და ამაში გარკვეული პირები ღებულობენ მონაწილეობას. თამაშამდე გვესმის, რომ ის 11 ფეხბურთელი, ვინც მინდორზე გამოდის, მზად არის, მაგრამ თამაშის შემდეგ ვისმენთ, რომ თურმე მხოლოდ 5-6 ფეხბურთელი იყო კონკრეტული შეხვედრისთვის მომზადებული. ეს ყველაფერი აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს.

რაც შეეხება მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხს, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ვაისის წასვლა არაფერს შეცვლის, მხოლოდ სათამაშო ნაწილს არ ვგულისხმობ. მას კონტრაქტში უპირობო კომპენსაცია უწერია და ყბადაღებული თემა, რომელიც თუნდაც ცხადაძეს ახლდა თან, ისევ აქტუალური გახდება. ფეხბურთის ფედერაცია დაკარგავს დიდ თანხას და ახალი მწვრთნელი ვერ დადებს შედეგს.

ასევე, მიუღებელია ვლადიმირ ვაისის ორაზროვანი პოზიცია მის ნაკრებში მუშაობასთან და წასვლასთან დაკავშირებით. მან თავად უნდა შეძლოს და შეაფასოს, რა გააკეთა, რა იმუშავა და რა შედეგი დადო და თავად უნდა გადაწყვიტოს, წავიდეს თუ დარჩეს.

სფფ-მ არაერთხელ დააფიქსირა, რომ კმაყოფილია ვაისის მუშაობით. რა იძლევა კმაყოფილების საბაბს, ჩემთვის გაუგებარია, რადგან რეიტინგში 126-ე ადგილზე ვართ, თამაში არ მოგვიგია. ეს უფრო სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ჰგავს. ყველა დეტალიდან გამომდინარე, თუ ვაისი თავად არ მიიღებს წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ამას არც სფფ გააკეთებს. როგორც აღვნიშნე, ფინანსურ კომპენსაციას აქ დიდი როლი ექნება.

ერთადერთ რეალურ კანდიდატად, დღეს ვინც შეიძლება სლოვაკი ჩაანაცვლოს, გია გეგუჩაძე მესახება, რომლის ნაკრებში დანიშვნაზე მინიშნებები თავის დროზე ცხადაძემაც გააკეთა. არ მგონია ასეთი უგუნური სფფ-ის ხელმძღვანელობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს და ამასთან, გეგუჩაძეს უნდა დააცადონ 21-წლამდელებში მუშაობა, რადგან მისი თაოსნობით ახალგაზრდულს ექნება შანსი, საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიოს.

ვაისის მუშაობას ცალსახად უარყოფითად ვაფასებ, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე მისი წასვლით არაფერი შეიცვლება.

სამწუხაროდ, საქართველოს ფეხბუთის ფედერაციას კახა ცხადაძესთან ნამოქმედარი ბუმერანგის პრინციპით უკან უბრუნდება.

თენგო ოყუჯავა (sportall.ge):
- ფაქტია, რომ სფფ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძე ვლადიმირ ვაისით ჩაენაცვლებინა, არ გამართლდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის მთავარი მიზეზი მხოლოდ მთავარი მწვრთნელი იყოს.

ძირითად პრობლემას ფეხბურთელებსა და გუნდში ვხედავ. საქართველოს ნაკრებს არ გააჩნია ხასიათი. არ მახსოვს მათი შემოტრიალებული მატჩი. ფეხბურთელებს არ აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი. გადახედეთ ბოლო წლებში კლუბებში მათ მიღწევებს - რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ფეხბურთელები ლამის ყოველ სეზონს უტიტულოდ ასრულებენ.

ნაკრებს არ ჰყავს რეალური ლიდერი. შეიძლება ვინმემ თქვას, გვყავს ჯაბა კანკავა ან გურამ კაშიაო, მაგრამ რეალურად, ნაკრებს მოედანზე და გასახდელში ლიდერი, წინამძღოლი არ ჰყავს. თუმცა პოტენციალს ვხედავ ვაკო გვილიაში...

შეიძლება არ გყავდეს უმაღლესი ლიგის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები, მაგრამ ერთიანობის ხარჯზე წარმატებას მაინც მიაღწიო. ამისთვის კი ორი ძირითადი ფაქტორი არსებობს: ლიდერი მოედანზე და მთავარი მწვრთნელი. ჩვენ არც ერთი გვყავს და არც - მეორე.

ვაისმა სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობის დროს დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეციალისტია, მაგრამ იმავეს დამტკიცება ვერ შეძლო საქართველოს ნაკრებში. ძალიან უხერხული ფაქტია, რომ ვაისს უწევდა ფეხბურთელებისთვის ელემენტარული ნიუანსების განმარტება ვარჯიშებზე, მაგრამ მან ისიც კარგად იცოდა, თუ სად მოდიოდა...

არის გარკვეულ კომპონენტებში უკეთესობა: ბურთის ფლობა, მომენტების შექმნა, ფლანგური შეტევა. ამ ყველაფერს ზუსტად ვაისს მივაწერ.

ჩემი აზრით, ვაისი გასახდელში ვერ ქმნის იმ მუხტს, რომელიც ნაკრებს მატჩის გარდატეხაში დაეხმარება. ის არ არის მოტივატორი, მას სჭირდება უმაღლეს დონეზე მოთამაშე პროფესიონალი ფეხბურთელები და ის დადებს შედეგს, მაგრამ აი, ქართველი ფეხბურთელებით ის, სამწუხაროდ, ვერაფერს მიაღწევს, ამაში ვრწმუნდები მატჩიდან მატჩამდე.

ლოგიკური იქნებოდა, რომ ის წასულიყო და მისი ადგილი გია გეგუჩაძეს დაეკავებინა, მაგრამ რეალურად, ამით ორი საქმე გაფუჭდება. სფფ-ს მოუწევს კომპენსაციის გადახდა ვაისისთვის, ხოლო გეგუჩაძემ კარგად დაიწყო და აქვს შანსი, შესარჩევი ეტაპი გადალახოს, შესაბამისად, გუნდის მიტოვება ასეთ ეტაპზე ცუდია.

მაგრამ ყველას გვახსოვს კახა ცხადაძის მაგალითი...

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში: უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა ვლადიმირ ვაისმა?
მკითხველის კომენტარები / 76 /
არ მესმის ამ მკვდრებთან მიმართებაში მწვრთნელმა რა უნდა ქნას. აქ ჩვენი მენტალიტეტია დამნაშავე და ჟურნალისტებსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეთ. მხოლოდ საქართველოში შეიძლება 10 წლის განმავლობაში წერონ ფეხბურთელზე რომ ძალიან პერსპექტიულია, ან აქებენ იმისთვის რომ ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი და იმედი აქვთ რომ გამოასწორებს. რა უნდა გააკეთოს ვაისმა ან ცხადაძემ ან თუგინდ ანჩელოტიმ, რა უნდა მოუხერხონ გუნდს რომლის ლიდერსაც თავის მაღლა აწევა არ შეუძლია, რომლის ფეხბურთელების 70%-ს 30 წუთზე მეტი სირბილი არ შეუძლიათ. რატომ ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები 1 ტაიმის გუნდად, იმიტომ რომ 2 ტაიმში ფიზიკურად ვეღარ ძლებენ. ასეთი ელემენტარული უნარების გამომუშავება ნაკრების 1 კვირიან შეკრებაზე ვერ მოხდება, ეს ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ კლუბებში გამომუშავებული და მეტი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე.
ბექა
09:21 28-03-2017
0
ვიღაცამ ისლანდია ახსენა და ისეთი ფეხბურთელები ვისაც თამაში უნდა. :დ :დ
დარწმუნებული ვარ ევროპის ჩემპიონატი არ აქვს ნაყურები თორემ არ იტყოდა. დღეს ფეხბურთში არ არის აუცილებელი ექსტრა კლასის ვარსკვლავები თამაშის მოსაგებად, ფიზიკურად ძლიერი და მებრძოლი გუნდი არც თუ იშვიათად უგებენ მაღალი კლასის გუნდებს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია რომ ბრძოლა შეგეძლოს 90 წუთის მანძილზე. თუ ჩვენმა ფეხბურთელებმა მოინდომეს ეს პრობლემა საქართველოს ნაკრებში 3-4 თვეში მოგვარდება. ფიზიკური მომზადების მაღალი დონის მიღწევა არ არის დიდი პრობლემა, მთავარია შრომა არ გეზარებოდეს. შეიძლება რაც არ უნდა ბევრი იშრომო ვერ გახდე ნეიმარივით ტექნიკური ფეხბურთელი, მაგრამ შრომით შეგიძლია გახდე მასზე ბევრად ძლიერი ფიზიკურად და ეს ყველაფერი ზეციურ ნიჭს არ მოითხოვს.
ბექა
09:27 28-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული