ქართველები სათანადოდ ვერ დავაფასეთ - სერბები თბილისურ მატჩზე

AutoSharing Option
სერბული გამოცემა "სპორტსკაცენტრალას" ცნობით, 24 მარტს, თბილისში იტალიური ფეხბურთის გრანდების, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი საქართველოს ნაკრების წევრებზე დასაკვირვებლად არ იმყოფებოდნენ - მათი ყურადღების ობიექტი სერბეთის ნაკრების თავდამსხმელი დუშან ტადიჩი გახლდათ. ინგლისის პრემიერლიგის "საუთჰემპტონის" 28 წლის ფორვარდმა ქართველებთან შეხვედრა ჩინებულად ჩაატარა, ანგარიში პენალტით გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ალექსანდრ მიტროვიჩი, რომელმაც ბალკანელები დააწინაურა.

სერბ თავდამსხმელს ინგლისურ კლუბთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში უწერია პუნქტი, რომ მისი გამოსყიდვის მსურველმა 15 მილიონი
ევრო უნდა გადაიხადოს. "სპორტსკაცენტრალა" ამტკიცებს, ტადიჩით აქამდე მადრიდის "ატლეტიკო" იყო დაინტერესებული, თბილისში კი აპენინელთა წარმომადგენლები მის კლასში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ. მეტიც, სერბული გამოცემის ცნობით, ტადიჩს მიუნხენის "ბაიერნის" და ლონდონის ორი კლუბი - "ვესტ ჰემი" და "არსენალი" იწვევენ.

საინტერესოა, რომ ტადიჩს ზამთარში ჩინეთში იწვევდნენ, მაგრამ მან ევროპულ გრადებში თამაში სოლიდურ კონტრაქტზე მაღლა დააყენა.

თბილისური შეხვედრის შემდეგ ტადიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა "სპორტსკაცენტრალასთან" საინტერესო კომენტარები გააკეთეს. გამოცემის აზრით, საუკეთესო სწორედ იტალიური გრანდების ინტერესის ობიექტი იყო.

"შეხვედრა ძალიან ცუდად დავიწყეთ. უკვე მერამდენედ შეგვემთხვა, რომ უაზრო გოლი გავუშვით. ვიცოდით, ქართველებს ბურთს სწრაფად თუ გავუგორებდით, თამაშს საჩვენო ანგარიშით დავასრულებდით, მაგრამ დასამალი არაა, რომ ქართველები სათანადოდ ვერ დავაფასეთ. გაშვებული გოლის შემდეგ არ ვიცოდით, მათ ზეწოლაზე სწორად როგორ გვეპასუხა. მაგრამ მერე შევძელით და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ", - ამბობს ტადიჩი.

მიიატ გაჩინოვიჩი 2013 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გია ცეცაძის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ განაცხადში იყო, მაგრამ ალექსანდრ მიტროვიჩისა და სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩისგან განსხვავებით, არ უთამაშია.

ფრანკფურტის "აინტრახტის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ეროვნული გუნდის ფორმა პირველად მოირგო და სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა. "ლელომ" მას მცირე კომენტარი ჩამოართვა:

"უკეთესი დებიუტი ვერც წარმომედგინა - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოლის გატანა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მოვახერხე. საქართველოს ნაკრები კი საკმაოდ რთული და უხერხული მეტოქე აღმოჩნდა. ქართველების წინააღმდეგ ადრეც მითამაშია და ვიცოდი, რომ საინტერესო ფეხბურთელები გყავდათ, მაგრამ სანაკრებო შეხვედრა სხვა რამ არის. დასამალი არაა, რომ პირველ ტაიმში საკმაოდ ვინერვიულეთ. მაგრამ მეორე ნახევარში სერბეთმა მტკიცე ხასიათი აჩვენა".

ალექსანდრ მიტროვიჩი:
"ძალიან არასასიამოვნო მეტოქე გვყავდა. ქართველებმა დიაგონალური გადაცემებით თამაში რომ დაიწყეს, მათი სტილით გაოცებულები დავრჩით. ამის გამო პრესინგის გამოყენებას ვერ ვახერხებდით.

მაგრამ მეორე ნახევარში შეცდომები გამოვასწორეთ და მიმაჩნია, რომ მეორე ტაიმში საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ".

ბრანისლავ ივანოვიჩი, სერბეთის ნაკრების კაპიტანი:
"ჩვენ მივიღეთ ის, რისი სურვილიც გვქონდა. მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ საკუთარი ძალების რწმენა არ დაგვიკარგავს. ჩვენ ბევრი რამ მალე გვავიწყდება. მაგრამ თუ გვსურს, რომ სერბეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს, არასოდეს აღარ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც პირველ ტაიმში დავუშვით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"საქართველოს ნაკრები კი საკმაოდ რთული და უხერხული მეტოქე აღმოჩნდა"-DDDD
Z.LO
22:03 28-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული