ვლადიმირ ვაისი: სამწუხაროა, რომ ეს სერბეთთან ვერ შევძელით

AutoSharing Option
ლატვიასთან ანგარიშით 5:0 მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

- რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებმა რომ გაიმარჯვა, თანაც - დიდი ანგარიშით. მართალია, ეს ამხანაგური დაპირისპირება იყო და არა - ოფიციალური, მაგრამ მოგება ყოველთვის სასიხარულოა. თანაც, დღეს ბევრი კარგი მომენტი შევქმენით და ხარისხიანი, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

სამწუხაროა, რომ ეს სერბეთთან ვერ შევძელით და დამსახურებულადაც გაგვაკრიტიკეს. მართალია, ლატვიის ნაკრები შვეიცარიასთან საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის
შემდეგ დღეს დაღლილი იყო, მაგრამ ვთვლი, რომ ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ და შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.

ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებში სხვადასხვა სცენარს ვიყენებთ. მთავარი ფაქტორი მეტოქეა - ლატვიის ნაკრების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს არ არის სერბეთი, უელსი ან ირლანდია, რომელთაც ბევრად ძლიერი ფეხბურთელები და გუნდები ჰყავთ.

თამაშის წინ ბიჭებთან ვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ ამ მატჩის დამაჯერებელი ანგარიშით მოგება ჩვენთვის და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. ფეხბურთელებმა მოახერხეს და მთელი 90 წუთი კონცენტრირებულად ითამაშეს.

გამოვყოფდი არაბიძეს, ქვილითაიასა და ანანიძეს. არაბიძემ პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა და ეს ძალიან კარგია, როდესაც ამას ახალგაზრდა ფეხბურთელი ახერხებს.

ბუნებრივია, უარყოფითი მომენტებიც იყო, მაგრამ მათ გამოსწორებაზე ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, შესაძლებლობები ოფიციალურ შეხვედრებში გამოვავლინოთ.

- დღეს ძირითადის რამდენიმე მოთამაშე რატომ არ იყო - ეს თავად გთხოვეს თუ ასე თქვენ გადაწყვიტეთ?
- ლორია, კვირკველია და კანკავა ამ შეხვედრაში მაინც არ ითამაშებდნენ, რადგან მათ პოზიციაზე სხვების ნახვა მსურდა. კანკავამაც და კვირკველიამაც გათავისუფლება მთხოვეს, კლუბებმაც და პრობლემა არ შემიქმნია. ჩვენ მათი შესაძლებლობები ვიცით, ისევე, როგორც ლორიასი - გიორგი დღეს პირველი ნომერი მეკარეა. აჯობებდა, რომ კლუბებში სავსე ენერგიით დაბრუნებულიყვნენ და არა - გადაღლილები.

განსაკუთრებით მაკარიძის ხილვა მაინტერესებდა. ტყუილია, რომ მას არ ვაკვირდებოდით, ყველა საინტერესო ფეხბურთელს ყურადღებას ვაქცევთ. კარგი მეკარეები გვყავს - რევიშვილი, კვასხვაძე, რომელთაც კარგად ვიცნობ. მაკარიძემ კი დღეს ძალიან კარგად ითამაშა.

- ახალგაზრდა მოთამაშეებზე რას იტყვით?
- ვფიქრობ, რომ მათ კარგად ითამაშეს. კიტეიშვილს, ქვილითაიას და არაბიძეს გამოვყოფდი. როცა თამაში კარგად მიდის, ჩართვაც იოლია და მათ მაღალი ხარისხის თამაში აჩვენეს. მაგრამ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის კარდინალური შეცვლის საფუძველი არ გამაჩნია.

რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ფეხბურთელს ყოველთვის გატანა უნდა. სერბეთის წაგებული მატჩის შემდეგ იგი ძალიან გააკრიტიკეს და ეს დღეები ვაკოსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. შეხვედრის შემდეგ ყაზაიშვილი მომხდარს ძალიან განიცდიდა, ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა. ახლა მას ჩემი და ყველას თანადგომა სჭირდება.

თავადაც მსურდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო, ეთამაშა და ამით გამემხნევებინა. საქართველოს ნაკრებს კი მისი დონის ფეხბურთელები სჭირდება.

- საკადრო სიახლეებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
- შესაძლოა, იძულებითი ცვლილებების განხორციელება მომიხდეს, რადგან რამდენიმე ტრავმირებული გვყავს - ალბათ, ოქრიაშვილი, მჭედლიძე და ჭანტურია კიდევ 2 თვე ვერ ითამაშებენ და ივნისისთვისაც იძულებითი ცვლილებები მომიწევს.

- სერბეთამდე ბრძანეთ, რომ ექსპერიმენტების დრო არ გქონდათ და მერებაშვილი ამის გამო ვერ მოიწვიეთ. შესაძლოა, ის გაფართოებულ სიაში მაინც მოხვდეს?
- შესაძლოა, რადგან მას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით, რომლებიც ახლანდელ გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ. სულ 2-3 ცვლილება თუ მოხდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ეხლა დაეშვი დედამიწაზე,
ამხანაგური ვარჯისჰი კონდა ლატვიას შენთან ურთულესი ინგლისის თამაშის მერე
ისიც გაითვალისწინე როდის ითამაშეს დაუმატე გზა და მერე სერბეთის რეალობას შეედარე
vova
12:31 29-03-2017
0
მამდენი გოლი სერბეთან გაეტანათ კაია გამიხარდა ლატვია იყო თუ ფარერები ჰჰჰიიიიი.
kaxa
12:48 29-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული