- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]
მით უმეტეს, საქართველოსთან მატჩის შემდეგ მოედნიდან გასვლას არ ჩქარობდნენ. მოვიდნენ მოედნის კიდესთან და გულშემატკივრებს გაუბეს ბაასი. ტრიბუნებთან ყველაზე დიდხანს იისფერ მაისურში გამოწყობილი მეკარე გაჩერდა.
დავინტერესდი, რა თემაზე და რა ენაზე
ასე რომ, ღირსშესანიშნავი დღე იყო ეგზოტიკის მოყვარულთათვის. ბევრი რამ გახლდათ ჩვენთვის უცხო:
მეტოქის სახელი...
საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილი...
ანგარიში...
მოწინააღმდეგის სახელწოდებაზე დიდხანს აღარ შევჩერდები, წინა კვირის ტაიმლაინში საკმარისზე მეტი ვილაპარაკე. დღეს, მეორე სერიაში, 7 ივნისის ამბებზე დავწერ.
მატჩის მეორე ტაიმში სენტკიტსელებს ბურთი დავუმალეთ, მის ნახევარზე გავბატონდით და მხოლოდ ერთი საფიქრალი გვქონდა - შეტევა ისე წაგვემართა, რომელიმე ფეხბურთელი დასარტყმელ პოზიციაზე გაგვეყვანა. მოკლედ, ბრაზილიელები ვიყავით, ბრაზილიური ტაქტიკით, ცნობიერებით, სტრატეგიით. ეგზოტიკაა, აბა რა?! საქართველოს ნაკრები ხომ თავის თავს არ ჰგავდა. გაიხსენეთ, ბოლოს როდის ნახეთ ასეთი შემტევი საქართველო.
კარგად თუ დავფიქრდებით, ნამდვილად გავიხსენებთ: ორი ათეული წლის წინათ, თეთრ-შინდისფერი ფორმა რომ ეცვა, 10 ნომრით გიორგი ქინქლაძე რომ თამაშობდა. ...მაგრამ გახსოვთ მაშინდელი მოცვეთილი ფრაზა? - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთო. "კარგად თამაშში" ბურთის ბრაზილიურად დაჭერა, მეტოქის ნახევარზე ბატონობა იგულისხმებოდა. თუმცა, ერთი-ორი კონტრშეტევა გაგვეპარებოდა და... ასე დავმარცხდით პირველ ოფიციალურ მატჩში მოლდოვასთან.
დღესაც რომ ასე ვქნათ, არ გამოვა? მაინც ვაგებთ და არ სჯობს, თამაში მეტოქის ნახევარზე გავატაროთ, ღირსეულად წავაგოთ, ვიდრე საკუთარ საჯარიმოსთან ჩირგვში მსხდომებმა?!
რადგან მეორე ტაიმზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გიორგი არაბიძე. ფეხბურთელი, რომელსაც გიორგი ქინქლაძის შემდეგ ქართველი ქომაგი მოთმინებით ელის. არაბიძეს კაცის მოტყუებაც შეუძლია, პასის გაცემაც, კარში დარტყმაც და ბურთის დაჭერაც. ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა სულ მალე, ალბათ, მარჯვენა ფლანგიდან მოედნის ცენტრში თავდამსხმელების უკან გადაინაცვლებს...
ტრიბუნებიდან კიდევ ერთი საინტერესო შეძახილი მოვისმინეთ: როდესაც ჯარიმა დაინიშნა, არაბიძესთან გიორგი მერებაშვილი მივიდა. ჩემმა ტრიბუნის მეზობელმა დაუძახა - "დაარტყმევინე არაბიძეს!"
დაარტყა და ისე შეახვია, თქვენი მოწონებული.
მეორე ტაიმში 3:0 მოვიგეთ.
პირველი ნახევრის შემდეგ საყვირის საყიდლად სტადიონის გარეთ გავედი. გზად შემომესმა: უბანში ყოფნას აქ ჯდომა ნამდვილად სჯობსო.
იცით, რატომ თქვა? იმიტომ, რომ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ. გადაჩვეულები ვართ პირველ ნომრად თამაშს და სენტ კიტსის ნაკრებთანაც მოგვერიდა მეტოქის მოედანზე დამკვიდრება. საგოლე მომენტებსაც იშვიათად ვქმნიდით, ვერც ვიყენებდით.
კუნძულელების მე-19 ნომერი წვერითა და ვარცხნილობით კი წააგავდა კარიბელ მეკობრეს, აგრესიულადაც მოქმედებდა და მსაჯსაც ხშირად ურჩევდა საქმეს. პირველ ტაიმში გვერდითმა არბიტრმა ერთი გოლი გაუუქმა (იყო თუ არა, ამაზე მსჯელობას არ მოვყვებით) და კიდევ უფრო აანერვიულა. შემოხვალ ჩვენს კარიბულ წყლებშიო, ალბათ, ემუქრებოდა სომეხ არბიტრს.
პირველი ტაიმის ყურება უბანში ჯდომას კი სჯობდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს საკმარისი რესურსი, რომ მაყურებელს ეს არ ათქმევინოს. სწორედ სენტ კიტსისა და ნევისის დონის გუნდები სჭირდებათ ქართველებს თვითრწმენის მოსამატებლად, იმის შესაგრძნობად, რომ ბურთის დაჭერაც შეუძლია, კაცის მოტყუებაც და სამი გოლის გატანაც.
მოლდოვასთან სამი გოლის შეგდება ყოველთვის გვიჭირდა. ამჯერად ერთი უპასუხოც ვიკმაროთ. შემდეგში კი აუცილებელია სენტ კიტსის დარ გუნდებთან ხშირი თამაში, აგვისტოში ანტიგუა და ბარბუდა დავპატიჟოთ, სექტემბერში - სენტ ვინსენტი და გრენადინები, ოქტომბერში - ტრინიდადი და ტობაგო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"